სიონი-კოლხეთი 6:2 - გახსოვთ ძველი ახალაია?

AutoSharing Option
ბოლნისელებმა დამაჯერებელი ანგარიშით კი გაიმარჯვეს, თუმცა "სიონის" ხელმძღვანელობასა და ქომაგებს ცალი ყური მცხეთისკენ ჰქონდათ და შეიტყვეს რა, რომ "ვიტ ჯორჯიამ" მატჩის ბოლოსკენ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა, ორმაგად ვეღარ გაიხარეს.

ფოთის "კოლხეთმა" შეხვედრა რიხით დაიწყო. "სიონის" საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და მასპინძელთა მცველების უნიათობით კარგად ისარგებლა როსინიმ - ახლოდან გადაგზავნა ბურთი ბადეში.

Sportall.Ge"სიონი" თანდათან დაეუფლა უპირატესობას. ლადო ახალაიას დარტყმა მიხეილ ხარშილაძემ კუთხურზე მოიგერია. იყო სხვა სახიფათო მომენტებიც, ანგარიშის გათანაბრება კი ირაკლი კლიმიაშვილმა მოახერხა კუთხურიდან - ახლო ძელთან ჩაახვია ბურთი. ალექსანდრე ქორჩილავა კი
შეეცადა თავით მოგერიებას, მაგრამ ვერაფერი მოახერხა - 1:1.

ბოლნისელები ზეწოლას განაგრძობდნენ. კოკა მიკუჩაძეს ორჯერ ჰქონდა საგოლე შანსი - ჯერ იყო და მცველმა დააფარა ახლო მანძილიდან დარტყმას, მერე კი ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

კლიმიაშვილმა ხელმეორედაც სცადა, სტანდარტული სიტუაციიდან ენახა ხეირი, მაგრამ მისი საჯარიმო დარტყმა ხარშილაძემ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "სიონმა" სწრაფი იერიში რომ განახორციელა. მარცხენა ფლანგზე ახალაიამ გაილაღა, ჩინებულადაც ჩააწოდა ირაკლი ლექვთაძეს, რომელმაც თავურით დააწინაურა ბოლნისელები - 2:1.

"სიონს" ნიათი მოემატა და მალე კიდევ ერთხელ გაუტანა "კოლხეთს" - დაჩი ფოფხაძის ჩაწოდება თავურით ახალაიამ დააგვირგვინა.

ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეწუთიანი ეპიზოდი, რომელმაც ის ახალაია გაგვახსენა, ივო შუშაკის გაწვრთნილ "დინამოში" რომ ბრწყინავდა.

3:1-ის შემდეგ ყველაფერი უკვე ნათელი იყო. "სიონი" უპირატესობას ვერ გაფლანგავდა თუნდაც იმიტომ, რომ ეს "კოლხეთი" ორბურთიანი ჩამორჩენის ამომქაჩველი ნამდვილად არ არის.

დავით სვანიძემ თავურით გაიტანა, ვლადიმერ უგრეხელიძე კი ორჯერ გავიდა მეკარესთან პირისპირ და ორივეჯერ გამოიყენა შანსი.

რაც შეეხება "კოლხეთის" გოლს მეორე ტაიმში, პაატა ცხვიტარიას 11-მეტრიანი მირზა მერლანმა მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ბუხაიძემ იმარჯვა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული