გიორგი კორიფაძე: გადამწყვეტი "მერანთან" მატჩი იქნება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ბათუმის "დინამოსთან" პრინციპული შეხვედრა 3:2 მოიგო და ქვედა ექვსეულის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ტურით ადრე უშუალო კონკურენტთან გამარჯვება "ვეტერინარებს" ლიგაში დარჩენის გარანტიას არ აძლევს, მაგრამ გადარჩენის იმედს უტოვებს.

ბათუმელებთან განსაკუთრებით სასარგებლო იყო გიორგი კორიფაძე - მისი გადაცემით ჯერ ლევან კუხალეიშვილმა გახსნა ანგარიში, 85-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ ელგუჯა ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და "ვიტ ჯორჯიას" მოგება გააფორმა - 3:2.

23 წლის მარჯვენა ნახევარმცველი "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. კორიფაძეს კომენტარი ყველაზე აქტუალურ
საკითხზე ჩამოვართვით - შეინარჩუნებს თუ არა მისი გუნდი ადგილს უმაღლეს ლიგაში?

"ბათუმელებთან მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. საამისოდ თავი არ დავზოგეთ და მთელი ძალა და ენერგია დავხარჯეთ.

ბოლოს ბათუმელებმა ისე შემოგვიტიეს და ისეთი მომენტები შეგვიქმნეს, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ფრეც სასურველი იქნებოდა.

საბედნიეროდ, გამარჯვების ბურთი მაინც ჩვენ გავიტანეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

რა თქმა უნდა, ეს მოგებაც არ არის საკმარისი, თავი ქუდში რომ გვქონდეს. ჯერ რუსთავის "მეტალურგს" შევხვდებით, შემდეგ კი მარტვილის "მერანს" და ფოთის "კოლხეთს".

ალბათ, გადამწყვეტი შეხვედრა მარტვილელებთან გველის, მაგრამ რუსთაველებთან და ფოთელებთანაც უმძიმესი მატჩები იქნება.

"მეტალურგი" ლიგიდან არ ვარდება, მაგრამ ბოლომდე იბრძვის. ფოთელები კი უკვე გავარდნენ და ამის მიუხედავად, მათთვის მოგება პრესტიჟის საქმეა.

მოკლედ, უმაღლესში დასარჩენად ქულების მაქსიმალური რაოდენობა გვესაჭიროება. ეს შეუძლებელი ამოცანა ნამდვილად არ არის. მთავარია, ბიჭებმა ისეთივე მონდომებით ვითამაშოთ, როგორც "სიონთან" და "ბათუმთან",
- ამბობს კორიფაძე.

მართლაც, ბოლო ორ ტურში "ვიტ ჯორჯიამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვა. ბათუმელებთან მოგებამდე "ვეტერინარებმა" "სიონი" გასვლაზე 3:0 დაამარცხეს, რაც საკმაოდ დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

კორიფაძე ამბობს, რომ ეს ახალი მწვრთნელის - ზურაბ ბერიძის დამსახურებაა:

"ცხადია, გავარდნის საფრთხემ თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა და ბევრი რამ შეიცვალა.

გარდა ამისა, ახალი მწვრთნელის მოსვლაც დადებითად დაგვეტყო. ის შეტევებში თამამად წასვლასა და აგრესიულ თამაშს გვავალებს და გუნდმა ეს დავალება კარგად შეასრულა.

იმედია, დარჩენილ ტურებშიც ასე გავაგრძელებთ და ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული