რატომ არ დააკმაყოფილეს თბილისის "დინამოს" მოთხოვნა?

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ჩისკო ზუგდიდელი ნიკა აფაქიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ორიოდე დღის წინ "დინამომ" კომიტეტს შუამდგომლობით მიმართა, რომ ჩისკოსთვის დისკვალიფიკაცია შეემცირებინათ, რაც არ დააკმაყოფილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი 4 მაისს, ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

ამას გარდა, 2013 წლის 27 აპრილს, "დილა"-"დინამოს" მატჩის დასრულების შემდეგ, გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა მსაჯობაზე მკვეთრი განცხადებები გააკეთა. ამისთვის ლიტველ სპეციალისტს სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს.

ამავე დროს, გორის "დილა" 800 ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ
27 აპრილს, "დილა"-"დინამოს" შეხვედრის შესვენებისას, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მატჩის დასასრულს კი ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანი ისროლეს.

2 მაისს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს თბილისის "დინამო" საკმაოდ მკაცრი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მიუთითა, რომ საკითხების უფრო კვალიფიციურად განხილვა სურდათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისის" ფეხბურთელი ფრანჩისკო მუნიოსი დისკვალიფიცირებულ იქნა 3 მატჩით სფფ-ის ეგიდით გამართულ ოფიციალურ შეჯიბრებებში და დაჯარიმდა 500 ლარით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 97-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ამ პუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, თუ რა ქმედება ისჯება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით, კერძოდ, "მოთამაშის ან კლუბის ოფიციალური პირის აგრესიული ქცევა მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ, ანუ გადამეტებული ძალის ან სიხისტის გამოყენება მეტოქის წინააღმდეგ, არა ბურთის მოპოვებისათვის და/ან სხვა პირის მიმართ, მათ შორის, განზრახ ბიძგი და დარტყმა ისჯება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით".

სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ჩათვალა, რომ ჩისკომ განზრახ დაარტყა ან უბიძგა მოწინააღმდეგე ფეხბურთელს და არა ბურთისათვის ბრძოლაში და მას ამის გამო შეუფარდა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა, ანუ სხვა სახის სანქციის გამოყენება ჩისკოს ქმედებისათვის კომიტეტს არც შეეძლო.

როგორც მოგეხსენებათ, 2 მატჩის გამოტოვების შემდეგ "დინამომ" მიმართა ფედერაციას შუამდგომლობით, რის უფლებასაც ჩვენ გვაძლევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ამ პუნქტით "დინამომ", როგორც დაინტერესებულმა პირმა, იშუამდგომლა კომიტეტის წინაშე გამოტანილი სპორტული სანქციის შესრულების შეჩერების თაობაზე.

კერძოდ:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "სპორტული სანქციის შესრულება შეიძლება შეჩერებულ იქნეს იურიდიული ორგანოს გადაწყვეტილებით, თუ პირისთვის დაკისრებული სპორტული სანქციის ვადა შეადგენს არანაკლებ 2 მატჩს ან 1 თვეს და არა უმეტეს 5 მატჩს ან 6 თვეს და თუ ეს დასაშვებია საქმის გარემოებებით, კერძოდ, დამრღვევი პირის წარსული იძლევა ამის საშუალებას". ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, "სპორტული სანქციის შესრულების შეჩერება დასაშვებია სასჯელის არანაკლებ ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ".

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან და სადისციპლინო კოდექსის ამონარიდებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა სანქციის შეჩერების თაობაზე სავსებით სამართლიანი გახლდათ და კომიტეტს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, მაშინ რატომ არსებობს ამგვარი მუხლები სადისციპლინო კოდექსში, თუ მათი გამოყენება მაინც არ ხდება; ან რატომ და რა კრიტერიუმებით იღებენ კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებებს.

სასურველია, მსგავსი საკითხები უფრო კვალიფიციურად იქნას განხილული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანური გამოცემა "მარკა" თბილისის "დინამოსა" და ჩისკო მუნიოსზე [VIDEO]
სადისციპლინო კომიტეტმა გორის "დილა" დააჯარიმა
უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სადისციპლინო კომიტეტმა ჩისკო სამი მატჩით დასაჯა
ჩისკომ "ზუგდიდის" ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული