ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 28-ე ტურში საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედო"4:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა მეთოთხმეტედ გაიფორმა.

საფინალო სასტვენის შემდეგ დინამოელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა: წარმატებას ფეხბურთელები, გულშემატკივრები და კლუბის ხელმძღვანელები ერთად ზეიმობდნენ.

ეს არც არის გასაკვირი - დინამოელებს ხომ ეს ტიტული 2008 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ.

"ტორპედოსთან" შეხვედრაში საუკეთესო ჯაბა დვალი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. პირველი გოლი მნიშვნელოვანიც იყო და ძალიან ლამაზიც: ჯაბამ მე-15 წუთზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა, ცრუ მოძრაობით მეკარეც დააწვინა და ბადე შეარხია.

მეორე გოლი კი საიუბილეო აღმოჩნდა - ჯაბას
ეროვნულ ჩემპიონატში 100 ბურთი დაუგროვდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯაბა დვალს მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვით.

- პრინციპული იყო მატჩიც და მეტოქეც. შენ კი განსაკუთრებულად მოტივირებული ჩანდი.
- ცხადია, მოტივირებული ვიყავი, რადგან "დინამო" ამ დღეს ხუთი წელი ელოდა. სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩემპიონობა ისევ მოვიპოვეთ. ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს და, რა თქმა უნდა, იმ გულშემატკივრებს, რომელთა უდიდეს მხარდაჭერასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდით.

ქუთაისის "ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მოტივაცია გვქონდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება "დინამოს" შესაძლებლობებზე ძალიან კარგად მეტყველებს.

და კიდევ, მგონია, რომ ლამაზი ფეხბურთიც ვაჩვენეთ. ისიც მახარებს, რომ "ასიანთა კლუბის" წევრი გავხდი...

- ჩემპიონობა თბილისელმა გულშემატკივარმა მისთვის უჩვეულო ემოციით აღნიშნა...
- ძალიან ცუდია, როცა ქვეყნის საუკეთესო გუნდი ხუთი წელი ჩემპიონი ვერ ხდება. "დინამო" უდიდესი კლუბია, აქ ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ და ასეთი ჩავარდნა არ ეკადრებოდა. ისიც ცხადი იყო, რომ ბოლო წლებში ბევრი გუნდი გაძლიერდა - "დილა", "ზესტაფონი", "ტორპედო" და ჩემპიონობასაც ფასი დაედო. ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ასეთმა უჩვეულო ემოციამ ამიტომაც იფეთქა.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შენი აზრით, დღევანდელ "დინამოს" ევროპაში წარმატებული გამოსვლა შეუძლია?
- დარწმუნებული ვარ, რომ "დინამო" მალე ისევ ევროპული დონის კლუბი გახდება. დუშან უჰრინმა ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, გუნდის მეპატრონემ კი ევროპული დონის ინფრასტრუქტურა შექმნა. რაც მთავარია, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ფიფია გუნდის განვითარებისთვის თანხებს არ იშურებს. მჯერა, რომ ეს შედეგს გამოიღებს.

- ახლანდელი "დინამო" ბაქოს "ნეფთჩის" დონის გუნდს აჯობებს?
- ეჭვიც არ მეპარება. მას "ზესტაფონიც" გამოაგდებდა, უბრალოდ, უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა და მომენტები გამოგვეყენებინა. გამოუცდელობამაც დაგვაღალატა. ახლა კი "დინამოში" გამოცდილი ხალხია და ჩვენი მიზანი არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა, არამედ ევროპის რომელიმე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც არის.

- გითამაშია გია გეგუჩაძის "დინამოში", ჩემპიონ "ზესტაფონსა" და უჰრინის "დინამოში". რომელს გამოარჩევდი?
- ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი გეგუჩაძის "დინამოს" ჰქონდა, რომელიც 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. "ზესტაფონი" კარგი გუნდი იყო და იგივეს შანსი შარშან გვქონდა, მაგრამ ბევრი ლიდერი წავიდა და დასუსტებული შემადგენლობით ეს ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ჯგუფურ ეტაპზე უჰრინის ხელმძღვანელობითაც ვითამაშებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: სასიხარულოა, რომ მამაჩემის მიღწევის გამეორება შევძელით
დინამო თბ-ტორპედო 4:0 - ჩემპიონს რომ ეკადრება... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ ავთო მაგარი გაჩითე მაგრად ვიცინე ძმაოო კარგი იყოო, ისე აშკარად კაიფის ბაზარიაა:)))))))))))
bibo
10:42 11-05-2013
0
ჯერ იძახდა საფრანგეთს მოვუგებთო ახლა იძახის ლიგაზე გავალთო. ბოდიშით და ბოთლიდან ეწევა??? იქნებ შეამოწმოთ :)))
ავთო
12:21 08-05-2013
0

სიახლეები პოპულარული