ის თვლის, რომ ხელისუფლება კერძო მფლობელებს ისე არ ეხმარება, როგორც სახელმწიფო კლუბებს; რომ ეროვნულ ჩემპიონატში სიბინძურეებს რეალურად არ ებრძვიან და ა.შ.
- დღეს ქართულ ფეხბურთში კატასტროფული ვითარებაა. ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალური და კერძო გუნდების თანაარსებობა და მათ შორის სამართლიანობის ზღვარის დაცვაა.
მომავალი წლისთვის ორ ვარიანტზე ვფიქრობ.
1. "ზესტაფონს" დიდი ბიუჯეტი ექნება და გუნდის გაძლიერებას
2. გუნდს დავშლი და მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საფეხბურთო სკოლას შევინახავ.
ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო.
12-თა საბჭოზე სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ. ამას განვითარება არ მოჰყვა, მაგრამ მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ფეხბურთში ფულს ვდებ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, მერე კი ეს ფული ჩემი კონკურენტების გაძლიერებას რატომ უნდა მოხმარდეს?
ახლა გორის "დილას" პრობლემები შეექმნა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ჩემი კრიტიკა, რომ არასწორია ასეთი ერთჯერადი პროექტები, მტრობად აღიქვეს და ისიც დამაბრალეს, გორელები არ გიყვარსო. რომ მიყვარს და ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის ხილვა მსურს, სწორედ ეს მალაპარაკებს.
დიდი ტრაგედია იყო, "დილას" ლიცენზია გამგებლის მოადგილის საგარანტიო წერილის საფუძველზე რომ მისცეს. ეს როგორ შეიძლებოდა? ფეხბურთის ფედერაციაც არასწორი იყო და მთელი პასუხისმგებლობა მათზეა.
მორიგი პრობლემა გარიგებული მატჩებია: ამ სიბინძურეებმა უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.
შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინათ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.
გაოცებული ვარ, იქ რაც ვნახე და გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა, მთელი ტომები დევს და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია აქვთ. მე არ ვიცი, რას ელოდებიან.
- საქართველოს ჩემპიონატში სულ ხუთი კერძო კლუბია - ისინი თქვენს პოზიციას იზიარებენ?
- ყველა ერთ აზრზე ვართ. იყოს სახელმწიფო გუნდები, მაგრამ უსამართლობაა, ერთს 9 მილიონი მისცე, სხვებს - მილიონი, კერძოებს კი - არაფერი.
"ლელოში" იყო საინტერესო წერილი: დაითვალეთ, რამდენი მოთამაშე გაუზარდეს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს კერძო და სახელმწიფო გუნდებმაო და აღმოაჩენთ, რომ პირველებს უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს. ეს მეტყველებს, რომელი დაქვემდებარების კლუბია უფრო ეფექტური და სასარგებლო ჩვენი ფეხბურთისთვის.
"დილა" ძალიან კარგი გუნდია, ზესტაფონში გვაჯობა და რომან ფიფიას ვუთხარი, "დინამოზე" მეტად მომეწონა-მეთქი. მისი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი კარგი სპეციალისტია და მომავალი სეზონიდან მთელ გუნდს სიამოვნებით ავიყვანდი. სწორი მიდგომით ეს გუნდი ბევრს მიაღწევს, მაგრამ თავის დროზე სახლის შენება სახურავიდან დაიწყეს და ამიტომაც არის, ახლა "დილას" ფეხბურთელები "ჩემოდანზე" რომ სხედან.
ცხრა მილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თასი მოეგოთ. იმ თასის ფინალშიც გაუგონარი სიბინძურე მოხდა. ბოლოს, გორში რომ ვითამაშეთ, მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში სტადიონი დავტოვე, რადგან შევატყვე, ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ გორელს, მაგრამ ამ გუნდს, რომელიც თავის დროზე არასწორ საფუძველზე შეიქმნა, ვერ გავაიგივებ გორთან და გორელებთან.
ბოლოს ამ აზრამდეც მივედი: სადაც გუბერნატორების ჩემპიონატი ტარდება, კლუბს და ჩვენს ინფრასტრუქტურას ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადავცემ და მიხედონ.
- თქვენთვის სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსების რომელი ფორმა იქნება მისაღები?
- თანაბრობის პრინციპზე აგებული. არის ორი გზა. პირველი: სახელმწიფო იყოს ფეხბურთში და ერთნაირად დააფინანსოს თითოეული კლუბი. ფიფიას ფული რომ აქვს, სახელმწიფოს ფული აწყენდა? კოკაია ფულს რომ ხარჯავს, სახელმწიფოს მხარდაჭერა არ სჭირდება?
მეორე: საუკეთესო გზა იქნება, ყველა გუნდს კერძო ინვესტორი მოუძებნონ და ქართულ ფეხბურთში გუბერნატორების ჩემპიონატების ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. მეც მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ სახელმწიფო ყველას თანაბრად დაგვაფინანსებს და პრიორიტეტული გუნდები აღარ ეყოლება. ამ ყველაფრის წამალი კი ობიექტური ლიცენზირება და ფინანსური გამჭვირვალობაა, რასაც უეფა ითხოვს.
- მენეჯერების საკითხიც პრობლემურია - ბევრი გუნდი მათი მიზეზითაც დაშლილა. რუსეთში ცოტა ხნის წინათ მათ წინააღმდეგ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. ამაზე თქვენს კოლეგებთან თუ გიმსჯელიათ?
- შარშანდელ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე სწორედ აგენტებმა წაიყვანეს ჩვენი 4 წამყვანი მოთამაშე. შედეგად, "ნეფთჩისთან" რაც მივიღეთ, ეს ყველამ ნახეთ. ეს ისეთი საქმეა, რომ თვითონ ფეხბურთელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და იცოდეს, ვის ელაპარაკოს, თორემ როგორ გინდა, კაცს კაცთან შეხვედრა და ლაპარაკი დაუშალო? ჯერ ერთი, მენეჯერს დალაპარაკებას ვერც აუკრძალავ.
- ისიანის პროექტზე რას ფიქრობთ?
- ასე ადვილი განსახორციელებელი არ არის. აბა, სახელმწიფოს ჰკითხეთ, 3 წლით გუნდის დაფინანსება შეუძლია? მე თუ მკითხავ, ქართულ ფეხბურთს 4-5 ძლიერი ინვესტორიც ეყოფა, თუ სწორი მიდგომები გვექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი
ვალდას ივანაუსკასი: კოკაიას განცხადება? არ ღირს თავის მტვრევა ამაზე
სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"
ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია
ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!
რაც შეეხება ჩემს ნათქვამს რომ ახლა საქართველოში "გაშანშალებული ლელინიზმია საქარტველოში. სახელმწიფო რომ ფეხ. გუნდს დააფინანსებს ამას სხვას ვერაფერს უჭოდებ." - მე მგონი სადავო არაფერია. ადრე ეს სხოვრების წესი იყო. ახლა, ბევრ ყოფილ საბჯოთა გუნდს შანსი გაუჩნდა რომ მოიშოროს ეს ლენინიზმი და წარმოაჩინოს თავისი თავი. საქართველოში კი "რუსეთს აგინებენ" და თან "ლენინიზმს" აწვებიან. აიი ეს არის სატირალი.