ცხინვალის "სპარტაკი" საქართველოს უმაღლეს ლიგას უბრუნდება!

AutoSharing Option
პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, თუმცა ერთ-ერთი გამარჯვებული უკვე ცნობილია:

8 მაისს, სტუმრად "ალგეთთან" მოგების (2:0) შემდეგ ცხინვალის "სპარტაკი" კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა და ერთწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგას უბრუნდება!

"სპარტაკის" ეს წარმატება, ერთი შეხედვით, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: პირველი ლიგის B ჯგუფის გუნდებიდან სწორედ ეს გუნდი მიიჩნეოდა უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად.

გათამაშების მსვლელობამაც ყოველივე ეს დაამტკიცა: "სპარტაკმა" ჩინებული სტარტი აიღო და ზედიზედ 5 მატჩი მოიგო (ბურთების სხვაობის ჩინებული მაჩვენებელიც უნდა აღვნიშნოთ: 13-1).

აი, ამის მერე იყო
პირველი მარცხი, თანაც გუნდთან, რომელიც პირველ ეტაპზე "სპარტაკის" ყველაზე რეალურ კონკურენტად მიიჩნეოდა: ხობის "კოლხეთმა" ცხინვალელთა გუნდი შინ მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა. ეს იყო და ეს: ზამთრის პაუზამდე "სპარტაკმა" ისეთი ტემპი "აკრიფა", ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა!

თავად განსაჯეთ: გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო და მხოლოდ 1 შეხვედრა ითამაშა ფრედ ("ალგეთთან").

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკი" იმ პერიოდში შესაშურ შედეგიანობას უჩვენებდა: ერთ მატჩში საშუალოდ 3 გოლი გაჰქონდა.

რაც მთავარია, ამ წარმატებული სერიის პერიოდს დაემთხვა საშინაო მატჩი კონკურენტ "კოლხეთთან", რომელიც "სპარტაკის" გამარჯვებით (2:1) დამთავრდა და ამ მოგებით ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა B ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე

ზამთრის პაუზის მერეც ყველაფერი "გეგმის მიხედვით" მიდიოდა და გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი ისე მოიგო, რომ მეტოქეთა კარში 13 ბურთი გაიტანა და საკუთარში კი არც ერთი მიუღია. ამასობაში B ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა იცვლებოდა; უფრო ზუსტად, ხობის "კოლხეთის" ნაცვლად, "სპარტაკს" სხვა კონკურენტები გამოუჩნდნენ: ქობულეთის "შუქურა" და თბილისის "ლოკომოტივი"; ამას გარდა, რამდენიმემატჩიანი წარმატებული სერია "გამოაცხვეს" და ასევე, ამბიციები გაუჩნდათ "სამტრედიასა" და "სამგურალს".

ეგ კი არა, აპრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "სპარტაკის" ერთპიროვნულ ლიდერობასაც "წყალი შეუდგა": თითქმის რვათვიანი წაუგებელი სერია გუნდმა "ლოკომოტივთან" საშინაო მარცხით დაამთავრა, რასაც ზედიზედ მეორე წაგება მოჰყვა (სტუმრად - "სამტრედიასთან").

ამის მერე აღმოჩნდა, რომ "სპარტაკსა" და კონკურენტებს შორის სხვაობა უფრო და უფრო მცირდებოდა, მაგრამ გუნდმა ეს დროებითი კრიზისი წარმატებით დაძლია. ანუ ყველაფერი მაშინ გადაწყდა, "სპარტაკმა" ოთხდღიან ინტერვალში ჯერ "სამგურალს" რომ მოუგო, მერე - შუქურას". ოფიციალურად კი უმაღლესი ლიგის საგზური გუნდმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8 მაისს გაიფორმა და დარჩენილი ოთხი ტურიც, ფაქტობრივად, ფორმალობად იქცა.

"სპარტაკის" წარმატებულ სეზონს, პერიპეტიებს ვიხსენებთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ როგორც სჩვევია, გუნდი ამჯერადაც ღირსეულად ასპარეზობდა საქართველოს თასის გათამაშებაში; ეგ კი არა, გუნდს ცოტა დააკლდა ნახევარფინალში გასასვლელად: მეოთხედფინალში რუსთავის "მეტალურგთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა (0:1, 1:1).

თუმცა "სპარტაკი" თასის გათამაშებაში მუდამ წარმატებით გამოდის: 2007 წელს დაარსებული გუნდი უკვე სამჯერ იყო მეოთხედფინალში გასული, ერთხელ კი (2010 წელს) ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც თბილისის "დინამომ" აჯობა...

მზრუნველი პრეზიდენტი და მწვრთნელის ფაქტორი
"სპარტაკის" წარმატებული ასპარეზობის მთავარი შემოქმედნი, რაღა თქმა უნდა, გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები არიან. თუმცა, თუ გუნდს შესაბამისი პირობები არა აქვს, ნებისმიერ წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია და ამ მხრივ, "სპარტაკი" ერთ-ერთი ყველაზე "უპრობლემო" გუნდი იყო პირველ ლიგაში.

მოკლედ, გუნდს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, ზამთრის პაუზის დროს თურქეთში გავლილი შეკრებაც ამის დასტური იყო და საბოლოოდ, ყველაფერი ეს შედეგში აისახა.

კლუბის ხელმძღვანელთა ღვაწლიც უნდა ვახსენოთ და, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევს ვგულისხმობთ, რომლის უდიდესი დამსახურებაა "სპარტაკის" ეს წარმატებაც.

Sportall.Ge
ფოტოზე: დიმიტრი სანაკოევს გუნდის ოფიციალური მატჩი კი არა, ვარჯიშიც არ აქვს გამოტოვებული

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2007 წლიდან პატრონობს "სპარტაკს" და ამ ექვსი წლის განმავლობაში თავისი გუნდის ოფიციალური მატჩი კი არა, ვარჯიშიც არ ექნება გამოტოვებული.

კლუბის ხელმძღვანელთა გარდა, რაღა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაც უნდა აღვნიშნოთ: ვლადიმერ ხაჩიძე 2011 წელს დაბრუნდა "სპარტაკში" და მართალია, წინა სეზონში გუნდმა მთავარი მიზანი (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება) ვერ შეასრულა, მიმდინარე სეზონში გამოცდილმა სპეციალისტმა "ახალგაზრდობა" გაიხსენა და პირველივე ცდაზე შეძლო თავისი გუნდის უმაღლესში აღზევება.

ჰო, მსგავსი "გზა" ხაჩიძეს ადრეც გაუვლია: 1992 წელს ხაშურის "ივერია" გადმოიყვანა უმაღლესში, 2002 წელს კი - გორის "დილა". ამ გუნდების გარდა, ვლადიმერ ხაჩიძეს სხვაგანაც ჰქონია წარმატებები: "ვიტ ჯორჯიაში", "ბორჯომში", "გაგრაში".

დაბოლოს, "სპარტაკში" მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც უნდა ვახსენოთ: გოჩა ჩიქოვანი (მეორე მწვრთნელი) და დავით გვარამაძე (მეკარეების მწვრთნელი).

ფეხბურთელები
კარგია, როცა გუნდს ხელმძღვანელობის მხრიდან ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. ისიც აუცილებელი პირობაა, რომ სამწვრთნელო შტაბი კვალიფიციური სპეციალისტებით იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ხომ ფეხბურთელების "შესაბამისი" კონტინგენტია საჭირო. ამ მხრივ კი, "სპარტაკი" ერთ-ერთ გამორჩეული იყო პირველ ლიგაში და ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა.

არადა, წინა სეზონებში "სპარტაკში" მუდამ ასპარეზობდნენ ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანები: სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული, გივი კვარაცხელია, გივი დიდავა, დავით ოდიკაძე, ლაშა ჯაკობია, ირაკლი სამხარაძე, ზურაბ ბათიაშვილი. ამ გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით დღევანდელი შემადგენლობის ბევრმა წევრმა აიმაღლა ოსტატობა და თავის გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

თანაგუნდელებთან შედარებით უფრო გამოცდილი ფეხბურთელები დღესაც თამაშობენ "სპარტაკში" და უდიდესი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში: 27 წლის ზვიად მეტრეველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია (15 გოლი), ისე, როგორც 27 წლის ნიკა მგელაძე, რომელიც "სპარტაკს" წლეულს, იანვარში დაუბრუნდა.

ჩინებული სეზონი ჩაატარა გუნდის ძირითადმა მეკარემ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 21 წლის გიორგი ნადირაძემ. დაცვაში მარჯვენა ფლანგზე უალტერნატივო გახლდათ 24 წლის ლევან ჭაფოძე, მარცხნივ - 22 წლის გიორგი ლემონჯავა, დაცვის ცენტრში კი სისტემატურად თამაშობდნენ 22 წლის ლევან ქურდაძე და 23 წლის ლევან თვალავაძე.

გუნდის ერთ-ერთი უძლიერესი რგოლი ნახევარდაცვა იყო: "საყრდენების" როლს, როგორც წესი, 20 წლის უჩა ბურძენაძე და გუნდის კაპიტანი, 22 წლის თეიმურაზ შონია ასრულებდნენ. ნახევარდაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში 20 წლის ვალერი კილასონიას (9 გოლი), მარჯვენა გარემარბად 21 წლის თორნიკე თუხარელი (ამჟამად ტრავმირებულია) ასპარეზობდა, მეორე ეტაპიდან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე 20 წლის კონსტანტინე ხიზანეიშვილი გამოჩნდა, ხშირად უწევდათ მოედანზე გამოსვლა კახაბერ კაკაშვილსა და გიორგი ნარიმანიძეს (ორივე - 19 წლის), აგრეთვე - 17 წლის თამაზ მაქაცარიას.

გამოცდილი ზვიად მეტრეველი შეტევების ლიდერი გახლდათ, ისე, როგორც 20 წლის დავით გელაშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. ბოლო მატჩებში თამაშობდა გუნდის ახალწვეული, 21 წლის ლაშა კემუხტაშვილი.

მოკლედ, ამ მართლაც ახალგაზრდულ გუნდს კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ უმაღლეს ლიგაში აღზევება და გვჯერა, რომ მომავალი სეზონიდან "სპარტაკი" მიღწეულით არ დაკმაყოფილდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აქტუალური თემა: როგორი ჩემპიონატი გვჭირდება?
ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება
გიორგი ნადირაძე: ასეთ რამეს არ გავაკეთებდი, მე ჩემი საქმე მაქვს
სპარტაკი-მეტალურგი 1:1 - სენსაციის გარეშე, გაიმარჯვა გამოცდილებამ [VIDEO]
მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - მინიმალური კმაყოფილება
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:1 (პენ. 3:0) - დაპირისპირების გმირი მეკარეა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:1 - ახია ჩვენზე, ჟურნალისტებზე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული