ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება

AutoSharing Option
10 აპრილს საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გაირკვევა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეც კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს - პირველლიგელი ცხინვალის "სპარტაკი" ქვედა ექვსეულის ბინადარს, რუსთავის "მეტალურგს" დაუხვდება.

რუსთავში მასპინძლებმა 1:0 კი მოიგეს, მაგრამ ეს ისეთი ანგარიშია, საპასუხო შეხვედრისთვის დიდ უპირატესობას რომ არ იძლევა.

"სპარტაკმა" მერვედფინალში უმაღლესლიგელი "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არც "მეტალურგთან" იქნება უშანსოდ.

"სპარტაკს" ახალგაზრდების გარდა, ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელიც ჰყავს, თუნდაც ზვიად მეტრეველი - 27 წლის თავდამსხმელი, ვისაც საკმაოდ ბევრი გადამწყვეტი გოლი გაუტანია როგორც "სპარტაკში", ისე სხვა
გუნდის შემადგენლობაში.

მეტრეველს "დინამო თბილისშიც" აქვს ნათამაშები, ანუ საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელია.

მეტრეველმა პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 ბურთი შეაგდო, თასის მერვედფინალში "ვიტ ჯორჯიასაც" გაუტანა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის წარმატებაში.

მეტრეველს მატჩის წინა დღეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- "მეტალურგამდე" თასზე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდით - რუსთავურ გუნდთან უფრო გაგიჭირდათ თამაში?
- "ვიტ ჯორჯიასა" და "მეტალურგს" შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "მეტალურგი" უფრო გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გამოცდილება კი, მოგეხსენებათ, ცოტას არ ნიშნავს. "მეტალურგთან" საპასუხო შეხვედრას დიდი მოტივაციით ვხვდებით, ნახევარფინალში გასვლა "სპარტაკისთვის" დიდი წარმატება იქნება.

- მატჩის წინა დღეს შეკრებაზე არ გადასულხართ?
- არა, ჩვეული რეჟიმით ვემზადებით. "სპარტაკში" პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ და მწვრთნელებიც გვენდობიან.

- "სპარტაკი" პირველლიგელი კი არის, თუმცა საშუასეზონო პერიოდში უცხოური შეკრებაც მოახერხეთ...
- თურქეთში მართლაც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, კარგ გუნდებს ვეთამაშეთ. გვაინტერესებდა, რა დონეზე ვართ და მიმაჩნია, რომ თუ საქართველოში სწორად მიუდგებიან საქმეს, ევროპულ დონემდე დიდი მანძილი აღარ იქნება.

- "მეტალურგთან" დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. "ცხინვალს" შეტევაში წასვლა მართებს, რადგან ნახევარფინალში გასასვლელად გოლის გატანა აუცილებლად გჭირდებათ - ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა იძულებული ხარ, შემტევი ფეხბურთი ითამაშო?
- ცხადია, გოლი გასატანი გვაქვს, თუმცა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ. "მეტალურგმა" თუ გაგვიტანა, ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ჩვენზე.

ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და დაველოდოთ ჩვენს შანსს, რომელიც აუცილებლად იქნება.

- "სპარტაკი" საშინაო შეხვედრებს "ბენდელაზე" ატარებს, "მეტალურგთან" სათასო მატჩი კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება - ეს ინიციატივა "სპარტაკიდან" წამოვიდა?
- არა, ეს ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა, გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კარგი მინდორია და ვეცდებით, კარგი ფეხბურთიც ვითამაშოთ. ჩვენს გუნდს აქვს იმის გამოცდილება, რომ პრინციპულ შეხვედრაში კარგ შედეგს მიაღწიოს.

- თასის ნახევარფინალში როდისმე გითამაშია?
- ჯერ არა და პირველად მაქვს ამის რეალური შანსი. "სპარტაკს" ამ სეზონში მხოლოდ თასის გათამაშებიდან შეუძლია ევროსარბიელზე გასვლა და რა თქმა უნდა, ამას ყველანი ვითვალისწინებთ.

- უმაღლესი ლიგის საგზური თითქმის მოპოვებული გაქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი ლიგის თქვენს ზონაში ვინმე დაგეწიოთ. ის თუ არის გარკვეული, მომდევნო სეზონში რა დაფინანსება და მხარდაჭერა ექნება "სპარტაკს"?
- ვეცდებით, რაც შეიძლება მალე გავინაღდოთ უმაღლესი ლიგის საგზური. რაც შეეხება მომდევნო სეზონს, ვითარება დამაიმედებელია, გვითხრეს, თუ უმაღლესში დავბრუნდებით, გუნდი ისე გაძლიერდება, რომ უმაღლეს ლიგაში ნამდვილად არ შევრცხვებითო. მანამდე კი არ უნდა მოვდუნდეთ, პირველი ლიგის დასრულებამდე ჯერ კიდევ ერთი წრეა დარჩენილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინათქმა
მეტალურგი-სპარტაკი 1:0 - მინიმალური კმაყოფილება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული