"გურია" მაჩანჩალა არც უმაღლესში იქნება, თასის ფინალს კი აქედანვე ვუმიზნებთ!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" უმაღლესი ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა, გაუსწრო რა მთავარ მდევარ "სასკოს" 17 ქულით და 11-წლიანი განშორების შემდეგ ქვეყნის მთავარ ლიგას დაუბრუნდა.

ამაში დიდია ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძის წვლილი, ვინც მისი წინამორბედების დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მისგან სხვას არც არავინ მოელოდა - ბატონი ზაზა კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი სპონსორის, ექს-გამგებლისა და ექს-პარლამენტარის, ჩაის გაერთიანებათა გენდირექტორის, "გენერლის" სახელით ცნობილი ანზორ კილაძის დიშვილი გახლავთ.

სწორედ ამ უკანასკნელს ჩააბარა მომაკვდავმა ევგრაფი შევარდნაძემ "გურია" და საუკეთესო შედეგებიც სწორედ მაშინ იყო:
უმაღლეს ლიგაში 2-ჯერ გადასვლა, საქართველოს პირველი თასი და ორგზის ვიცე-ჩემპიონობა.

Sportall.Geზაზა ურუშაძესთან საუბარი მილოცვით დავიწყეთ:

- ბატონო ზაზა, უპირველესად, "გურიის" უმაღლეს ლიგაში გადასვლას გილოცავთ, რაშიც თქვენი წვლილი დიდია. თუმცა, დაგვეთანხმებით, უფრო რთული მისია წინ გაქვთ - უმაღლესი ლიგა კიდევ უფრო მეტს ითხოვს, თუნდაც ფინანსების და სხვა თვალსაზრისით...
- მოლოცვისთვის დიდი მადლობა და მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით, "გურიას" ქომაგებს მივულოცო ელიტლიგაში დაბრუნება. ასევე, ვულოცავ მთლიანად ქართულ საფეხბურთო ოჯახს, რამეთუ "გურიას" უმაღლესში დაბრუნება, დარწმუნებული ვარ, ყველას გაუხარდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გეთანხმებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თუმცა მე ვპირდები გულშემატკივრებს, რომ არ შევრცხვებით - ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და გუნდიც კარგი გვეყოლება.

- სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა სტადიონია, რომელიც ამჟამად მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს...
- დიახ, ასეა. ათიოდ დღის წინათ მივწერე პრემიერის ფონდს, გაგვიწიონ დახმარება. აღდგომას, როცა ბატონი პრემიერი ლანჩხუთში იყო ჩამოსული, ვისარგებლე შემთხვევით და პირადად ვთხოვე დახმარება. 9 მაისს მე დამიკავშირდნენ და ახლა სტადიონზე მივდივარ, ჯგუფი გამოგზავნეს და ადგილზე შეაფასებენ სიტუაციას.

ამ ეტაპზე სტადიონს შემოვღობავთ, ტრიბუნაზე ინდივიდუალური სკამები, გასახდელი და ლოჟა მოეწყობა, ტაბლოს დავამონტაჟებთ. სეზონის დაწყებისთვის არენა მზად იქნება.

ასევე, ადმინისტრაციულ შენობაში ვგეგმავთ საპრესკონფერენციო დარბაზის მოწყობას, სადაც ჩატარდება გულშემატკივართა შეხვედრები კლუბთან. აქვე ვაპირებთ "გურიის" ისტორიული ფოტოების გამოფენას. დაგეგმილი გვაქვს შენობის გაფართოება და მიმატებულ ფართში სტუმრებისთვის რამდენიმე სასტუმრო ნომრის მოწყობა.

- რაც შეეხება კლუბს და საჭირო ფინანსებს?
- რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საკმარისი არ იქნება. თვის ბოლოს რაიონის მაჟორიტარ თემურ ჩხაიძესთან ერთად უკრაინაში მივემგზავრები, სადაც გვაქვს რამდენიმე შეხვედრა შესაძლო სპონსორთან დაკავშირებით. წინასწარ საუბრებს უკვე ვაწარმოებთ. რამდენიმე ვარიანტია და იმედი გვაქვს, რომელიმესთან მივაღწევთ შეთანხმებას. თუმცა, თუ ეს ამ ეტაპზე არ შედგა, არ ნიშნავს, რომ კლუბს გაუჭირდება. ჩვენ გვაქვს სათადარიგო ვარიანტებიც.

ერთ რამეში მინდა დავარწმუნო "გურიის" ქომაგები, რომ მაჩანჩალა არც უმაღლეს ლიგაში ვიქნებით. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ საუმაღლესოდ გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება.

გაგიმხელთ ერთ საიდუმლოსაც - შესაძლოა, უკრაინიდან ლეგიონერიც მოვიწვიოთ. ურთიერთობა უკვე გვაქვს, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ.

მოკლედ, ისეთი გუნდი გვეყოლება, ლანჩხუთელ ქომაგს რომ ეკადრება. აქაური გულშემატკივარი რომ ამას იმსახურებს, თუნდაც "დინამოსთან" მოსული ხალხის რაოდენობითაც მტკიცდება. ჩვენ ვგეგმავთ, ფანკლუბს სრულყოფილი სახე მივცეთ, ხოლო საშინაო შეხვედრების დროს სოფლების მიმართულებით დაინიშნება ტრანსპორტი, რათა ქომაგს თამაშზე დასწრება გაუადვილდეს. ეს ლანჩხუთისთვის გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ, როცა სოფლებში პრობლემებთან დაკავშირებით გვაქვს შეხვედრები, ყველგან მეკითხებიან - წლეულს ხომ მაინც გადავალთ? ხომ კარგი გუნდი გვეყოლება უმაღლეს ლიგაში?

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რომც არ მიყვარდეს, მოსახლეობის ასეთი განწყობის შემდეგ ვალდებული ვარ, "გურიას" წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღო.

- ეს ვალდებულება თქვენ ცხონებული ანზორ კილაძის ნათესაობის გამოც გაკისრიათ. რას გაიხსენებთ მისი და "გურიის" ურთიერთობასთან დაკავშირებით?
- მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ცხონებულმა ევგრაფი შევარდნაძემ სიკვდილის წინ უხმო ბიძაჩემს და "გურია" ჩააბარა - შენზე უკეთ ვერავინ მიხედავსო. ერთხანს კლუბის პრეზიდენტიც იყო, ხოლო კლუბის ისტორიაში საუკეთესო წლებში "გურიის" მთავარი სპონსორი.

სხვა წარმატებებთან ერთად, პირველი ეროვნული თასიც ბიძაჩემის დროს მოიგო "გურიამ".

- თქვენ კი პირველივე წელს იყავით ახლოს, "გურიას" იგივე გაემეორებინა...
- დიახ, "ზესტაფონის" თასიდან გამოთიშვის შემდეგ თბილისის "დინამოს" ბარიერის გადალახვაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეკარის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ამის შანსი არ მოგვცა. ისე გამოვვარდით, რომ გული ძალიან დაგვწყდა. ამიტომაც იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონატში პირველობისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ თასზე ნამდვილად ავიღებთ აქცენტს და მჯერა, მინიმუმ ფინალში მაინც გავალთ.

- დასასრულ, გრიგოლეთის ბაზაზეც გკითხავთ. როგორც გავიგეთ, მის რეაბილიტაციასაც აპირებთ...
- აუცილებლად! კლუბი ბაზაზე უნდა იყოს გრიგოლეთში და არა ოჯახებში გადანაწილებული.

P.S. 10 მაისს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ასოციაცია "ატუს" გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილი იმყოფებოდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, წლის ბოლომდე სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაშია!
თემურ ლორია: ბაზა რომ გვქონდეს, შემოსავალიც გაგვიჩნდება
თვალსაზრისი: "გურიას" და "ბავარიას" სუპერფინალი
დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]
გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც იქნა იქნებ სერიოზული ინვესტორიც გამოუჩნდეს გუნდს, გამოცოცხლდეს გურიაში სპორტული ცხოვრება.
shota
16:14 13-05-2013
0

სიახლეები პოპულარული