დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

AutoSharing Option
ქართული საკლუბო ფეხბურთის ვითარება მოგეხსენებათ - ე.წ. საბიუჯეტო კლუბები დაფინანსებას ითხოვენ, კერძო კლუბები კი ამბობენ, რომ არასამართლიან პირობებში იმყოფებიან.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართა - კლუბის ასი პროცენტის დამთმობი ვარო.

ამ წერილს წინ უძღოდა კოკაიას პრესკონფერენცია, რომელზეც მან განაცხადა:

"მომავალი წლისთვის ორ ვარიანტზე ვფიქრობ:

1. "ზესტაფონს" დიდი ბიუჯეტი ექნება და გუნდის გაძლიერებას შევეცდები;
2. გუნდს დავშლი და მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საფეხბურთო სკოლას შევინახავ.

ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტს სახელმწიფო. "თორმეტთა
საბჭოზე" სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ.

ამას განვითარება არ მოჰყვა, მაგრამ მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ფეხბურთში ფულს ვდებ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, მერე კი ეს ფული ჩემი კონკურენტების გაძლიერებას რატომ უნდა მოხმარდეს?"

ცხადია, ამ ყველაფრით ძალიან შეწუხდა "ზესტაფონის" ქომაგობა. 11 მაისს ზესტაფონს ესტუმრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, შეხვდა "ზესტაფონის" გულშემატკივრებს, კლუბის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სიჭინავამ და ზესტაფონის გამგებელმა ნუგზარ ქამუშაძემ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხეს. ეს არ იყო პრესკონფერენცია - ეს იყო შეხვედრა იმ ხალხთან, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს "ზესტაფონის" გასაჭირი.

12 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ზესტაფონმა" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა ტრანსფარანტებიც გამოფინეს - ისინი სახელმწიფოსგან თანადგომას ითხოვდნენ.

სიჭინავამ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრა, რომ:

- საკლუბო ფეხბურთის განვითარებზე სამი წლის წინათ შეიმუშავა პროგრამა და რომ კერძო კლუბების ხელშეწყობა საბიუჯეტო კლუბების არსებობას არ გამორიცხავს.

- გორში სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილება "დილას" დახმარების შესახებ გამოიწვევს დომინოს პრინციპს - სხვა კლუბებიც მოითხოვენ დაფინანსებას. ვფიქრობ, ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს დახმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. კერძო კლუბებისთვისაც აუცილებელია ხელშეწყობა. ამ დროისთვის უმაღლეს ლიგაში ცხრა კერძო კლუბია, მათგან მხოლოდ სამს აქვს ნორმალური დაფინანსება: "დინამოს", "ტორპედოსა" და "ზესტაფონს".

პრობლემა არსებობს და ამის შესახებ ყველგან მითქვამს. "ბაიას" რომ მოვკიდე ხელი, მეგონა, რომ ტრანსფერებით ვიხეირებდით, მაგრამ ამ კლუბიდან 27 ფეხბურთელი გადავიდა სხვა გუნდში, თანხის აღება კი მხოლოდ ერთი ტრანსფერით მოხერხდა - როცა სამუშია "ზესტაფონში" გადავიდა. ანუ კარგად მესმის პრობლემის არსი. ვითარება ისეთია, რომ არ ჩანს, რა უნდა ამოძრავებდეს ბიზნესმენს ფეხბურთში ფულის ჩასადებად.

- რაც ახლა "ზესტაფონის" გარშემო ხდება, "დილას" ამბავმა გამოიწვია. თქვენ რა გგონიათ, კოკაიას ფინანსურად გაუჭირდა? ის, უბრალოდ, დაიღალა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, იგივე ელით სხვა კერძო კლუბების მფლობელებს. "ზესტაფონს" რომ არანაირი დახმარება და შეღავათი არ ჰქონია, ამან გამოიწვია უკმაყოფილება.

- არის ლაპარაკი საფეხბურთო კლუბებისთვის სახელმწიფო ფულის თანაბრად გადანაწილებაზე, მაგრამ არ შეიძლება, "ზესტაფონმაც" ორი მილიონი მიიღოს და სხვა კლუბებმაც. გათვალისწინებული უნდა იყოს - ამა თუ იმ კლუბში რა საქმე გაკეთდა და განვითარების რა ეტაპზეა ის.

- იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ კერძო კლუბებმა ითამაშონ, მაგრამ რა ვუყოთ "გურიას" და "სპარტაკს", რომლებიც ახლა გადმოვიდნენ პირველი ლიგიდან? დავუშვათ, გავაკეთეთ რვაგუნდიანი უმაღლესი ლიგა, რომელიც მხოლოდ კერძო კლუბებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ მერე რა ვქნათ, უმაღლესიდან გავარდნა და პირველი ლიგიდან გადმოსვლა როგორ დავარეგულიროთ?

- აქედან დავბრუნდები თბილისში, დაველაპარაკები კოკაიას და 117-ჯერ ვთხოვ, რომ არ მიატოვოს "ზესტაფონი".

- ვიცი, სადაც არის ფული - რეგიონალური განვითარების სარეზერვო ფონდში.

* * *
შეხვედრაზე ზესტაფონის "ფეროს" ქარხანაზეც ისაუბრეს. ითქვა, რომ ყოველწლიურად ამ ქარხნიდან მილიონობით ლარი შედის ბიუჯეტში და ამ გადასახადის ოცი პროცენტი მაინც რომ დარჩეს ქალაქს, ეს თანხა 15-16 მილიონი ლარი იქნება.

მოკლედ, ზესტაფონში სიჭინავას საკმაოდ საინტერესო და ემოციური შეხვედრა ჰქონდა. თემა უკვე იმდენად აქტუალურია, რომ ძნელად წარმოსადგენია, საკლუბო ფეხბურთის პრობლემები სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვოს.

როგორც უნდა იყოს, კერძო კლუბებს აუცილებლად დასჭირდებათ ქმედითი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. ეს დრომ მოიტანა და ამის წინააღმდეგ უკვე ვერავინ წავა.

"ზესტაფონი", ფაქტობრივად, დისიდენტი აღმოჩნდა ამ საქმეში. ჯერ არ ჩანს კერძო კლუბების სოლიდარული პოზიცია ამ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა თქმა რად უნდა, რომ ყველა ელის სახელმწიფოსგან მყისიერ მოქმედებას.

P. S. კულუარულად შევიტყვეთ, რომ კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებს და კლუბი მომდევნო სეზონისთვის უკვე სასელექციო სამუშაოებსაც კი აწარმოებს.

დომინოს პრინციპი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევან ქერდიყოშვილო, რა დაიბოღმე ასეთი, სხვებს ეძახი ხოლმე ბოღმიანს. შენ გჯერა რაც დაწერე? ნამუსიც კარგი საქონელია, თასის ფინალის შემდეგაც მასე ურცხვად საუბრობდი
1111
10:17 15-05-2013
0
rooney
შეეშვი რა ჭორაობას, საიდან ყვები ამ ზღაპრებს, ან ვის უყვები, ვის ჯერავს
0000
10:16 15-05-2013
0

სიახლეები პოპულარული