ასე და ამრიგად, ცხინვალის "სპარტაკის" მსგავსად, ლანჩხუთის "გურიაც" მომავალ სეზონში უმაღლესში იასპარეზებს; თანაც, თუ "სპარტაკმა" ეს აღზევება პირველსავე ცდაზე მოახერხა, აი, ლანჩხუთელი ქომაგები 11 წელიწადი ელოდნენ საყვარელი გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას...
აღზევება და დაცემა
ამჯერად აღარ შევუდგებით იმის "შეხსენებას", თუ რამხელა ტრადიციების მქონე გუნდი დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში; მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ლანჩხუთის "გურია" იყო ერთადერთი რაიონული ცენტრის
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა წვლილი შეიტანეს "გურიას" იმდროინდელმა ფეხბურთელებმა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის "დაკანონებაში"; თანაც, სწორედ "გურია" იყო ის ერთადერთი გუნდი, პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" (მაშინდელ - "იბერიას") ღირსეულ კონკურენციას რომ უწევდა.
ის ორივე ჩემპიონატი "გურიამ" მეორე ადგილზე დაამთავრა; თუმცა გიგლა იმნაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ბევრად უფრო საამაყო და დღემდე ტკბილად მოსაგონარ შედეგს მიაღწია: საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში სწორედ "გურიამ" გაიმარჯვა!
სამწუხაროდ, ამის მერე გუნდს სერიოზული კი არა, ლოკალური წარმატებებისათვისაც არ მიუღწევია: მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარებული მესამე ჩემპიონატის შემდეგ "გურია" ვერაფრით ახერხებდა ათეულში მოხვედრასაც. ასეთ უკუსვლას უამრავი მიზეზი ჰქონდა: არასაკმარისი ფინანსები, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხშირი ცვლა და ასე შემდეგ.
ასეა თუ ისე, გუნდმა 10 სეზონი ზედიზედ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ 1999 წელს "გურია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მომდევნო ორი სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა.
და აი, 2001 წელს ლანჩხუთელები კვლავაც დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა თავი და იმავე სეზონის (2001-02) ბოლოს "გურია" პირველ ლიგაში დაქვეითდა. იმ პერიოდში ბევრ ქართულ გუნდს არ ულხინდა ფინანსურად, თუმცა ყველას ეგონა, რომ ლანჩხუთში ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი გამოჩნდებოდა (როგორც ადრე იყო ხოლმე) და "გურიაც" ერთ-ორ წელიწადში ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ლანჩხუთელ ქომაგთა მოლოდინი მეტად და მეტად ხანგრძლივი გამოდგა და მხოლოდ ახლა, 11-წლიანი პაუზის მერე ახდა "გურიას" გულშემატკივართა ოცნება!
ახალი მწვრთნელი და ერთგული ქომაგები
...ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ლანჩხუთელ გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება წლეულს კი არა, შარშან ეზეიმათ. შეგახსენებთ ჩვენთან წინა სეზონი როგორი უცნაური სისტემით ჩატარდა: "საჭირო" თუ "არასაჭირო" თამაშების, "რეალური" თუ "ვირტუალური" სატურნირო ცხრილების გარდა "სიახლე" იყო პლეი-აუტის გათამაშებაც. ამ ტურნირში კი მონაწილეობდნენ პირველი ეტაპის შემდეგ უმაღლეს ლიგაში VIII-XII ადგილზე გასული გუნდები პლუს პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი.
და აი, პლეი-აუტის დასკვნითი ტურის წინ "გურიას" ფრეც ჰყოფნიდა უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად დიდი ანგარიშით (0:3) წააგო. ამ მტკივნეული მარცხის მერე გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: შემადგენლობაც გადახალისდა და, რაც მთავარია, ახალი მთავარი მწვრთნელი, თეიმურაზ ლორია მოვიდა. იგი 1990-2001 წლებში "გურიაში" თამაშობდა და მშობლიური კლუბის გაწვრთნა დიდი გამოწვევაც იყო;
ფოტოზე: ”გურიას” მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია
41 წლის სპეციალისტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მართლაც მშვენიერი სეზონი გამოუვიდა: "გურიამ" მთელი ჩემპიონატი "ერთი ამოსუნთქვით" ჩაატარა და A ჯგუფის უპირველესი ფავორიტის სტატუსიც გაამართლა. თავად განსაჯეთ: 31 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო! თანაც, პირველი მარცხის (მეორე ტურში, სტუმრად "გაგრასთან") შემდეგ ლანჩხუთელებმა მართლაც მშვენიერი, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხვეს"!
თუმცა, ერთი პერიოდი, "გურიას" აღზევება, ცოტა არ იყოს, სათუო გახდა; ოღონდ, ეს არ იყო დაკავშირებული წმინდა საფეხბურთო ნიუანსებთან: გუნდს თავიდანვე სოლიდური ჰანდიკაპი ჰქონდა კონკურენტებთან, მაგრამ წინა პლანზე კვლავაც ფინანსურმა პრობლემებმა წამოიწია.
არადა, როგორი საქმეა: გუნდი "ცალი ფეხით" უმაღლეს ლიგაშია, მაგრამ არც ხელფასია და არც - პრემია. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოგვარდა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ლანჩხუთის რაიონის ახალ ხელმძღვანელებსაც და, რაღა თქმა უნდა, ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, XX საუკუნის გურიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ თემურ ჩხაიძეს.
ისე, "გურიას" მწვრთნელ-ფეხბურთელები ვერც წინა გამგებელს დაემდურებოდნენ და საერთოდაც, ისე როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში, გუნდის წარმატებაში ადგილობრივმა ქომაგებმა ახლაც უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ტესტი დინამოსთან
ლანჩხუთში ფეხბურთი როგორ უყვართ, ამის ნათელი დადასტურება იყო საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი, როდესაც "გურიამ" თავის ძველ მეტოქეს, თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.
რეკონსტრუქციის პირობებში მყოფ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ანშლაგი იყოო, მართლაც რბილად ნათქვამი იქნება! რაც მთავარია, "გურიამ" ღირსეული წინააღმდეგობა კი არ გაუწია "დინამოს", არამედ მეტოქეზე მეტად აგრესიულად გამოიყურებოდა და გიორგი ლორიას კართან ერთი-ორი უმწვავესი მომენტიც შექმნა; შეგახსენებთ, რომ ის მატჩი 0:0 დამთავრდა, აი, საპასუხო შეხვედრაში კი ყველა დავრწმუნდით, რომ "გურია" მართლაც იმსახურებდა უმაღლეს ლიგაში თამაშს!
ჰო, ამ სეზონში "დინამოს" მსგავსი "მძიმე" საშინაო მატჩი, ალბათ, ერთი-ორი თუ ექნებოდა (პირველ ტურში - "ტორპედოსთან" და მესამე წრის შეხვედრა "დილასთან", ოღონდ პირველი ტაიმი); ეგ კი არა, გასაოცარზე მეტი იყო, საწყის წუთებში 2 გაშვებული ბურთის მერე "გურია" რომ არ გატყდა და სწრაფი და გააზრებული კონტრშეტევებით "დინამოს" ქომაგები გვარიანად ანერვიულა;
ფოტოზე: საქართველოს თასის ნახევარფინალში ”გურიამ” თბილისის ”დინამოს” დიდი ბრძოლა გაუმართა
"გურიამ" ჯერ ერთი ბურთი გაქვითა, შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა და მართლაც სასწაულამდე (ნახევარფინალში გასვლამდე), ფაქტობრივად, აღარაფერი რჩებოდა, როცა დარკო გლიშიჩის "პარაშუტის" მერე "გურიას" მეკარემ გიორგი ძაძამიამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და... საკუთარ კარში შეაგდო!
ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა ყოფილიყო, თუმცა თემურ ლორიას გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია და "გურიამ" მალე დასძლია ეს ფსიქოლოგიური სტრესი. ანუ, მთელი ყურადღება პირველი ლიგის გათამაშებაზე გადავიდა და ახალი, ზედიზედ მოგებული მატჩების სერიამაც, "გვამცნო" ლანჩხუთელთა აღზევება!
ფეხბურთელები
ზამთრის პაუზის მერე "გურიაში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ამ გამოცდილი ახალწვეულების დამსახურებაც არის "გურიას" აღზევება. გამოცდილება შემთხვევით არ გვიხსენებია: 37 წლის სევასტი თოდუას, 31 წლის ვიტალი დარჩიძეს, 30 წლის მიხეილ კაკალაძეს, 29 წლის ლაშა ჯანგიძეს, 28 წლის კობა შალამბერიძესა და 25 წლის ლაშა ჩალაძეს ხომ არაერთი სეზონი გაუტარებიათ უმაღლეს ლიგაში (ზოგიერთს გარკვეული პერიოდი უცხოეთში უთამაშია);
მათზე ახალგაზრდები იყვნენ სხვა ახალწვეულები - 23 წლის ერეკლე კილაძე და 22 წლის გიორგი სალარიძე.
ახლა კი ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, სეზონის დასაწყისიდან დღემდე "გურიას" წარმატებისათვის რომ ღვრიდნენ ოფლს და უპირველესად, ლიდერებით დავიწყოთ. გუნდის კაპიტანი და უმთავრესი ფორვარდი გიგა კვერენჩხილაძე გახლავთ, ვისაც ასევე არაერთი მატჩი ჩაუტარებია უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ეს სეზონი 27 წლის თავდამსხმელისათვის, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეულია!
23 გოლით კვერენჩხილაძე A ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირია და საერთოდ, I ლიგის გათამაშების ბომბარდირობაზეც ექნება პრეტენზია.
36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილს ფეხბურთის ქართველი ქომაგისათვის წარდგენა არ სჭირდება, თანაც ეს გამოცდილი ნახევარმცველი ისე თამაშობს, ასაკი საერთოდ არ ეტყობა; გამორჩეულ სეზონს ატარებს 23 წლის ფლანგის ნახევარმცველი ალექსანდრე შენგელია, რომელმაც "ზესტაფონთან" და "დინამოსთან" სათასო დაპირისპირებებში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.
ნურც სხვა ფეხბურთელებს ავუვლით გვერდს: 30 წლის ტარიელ კუკულაძე "გურიას" ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია, გამოცდილება არ დაეწუნება 31 წლის ლევან ვართაგავასაც, ხოლო 24 წლის დავით მაისაშვილი ადრე "ვიტ ჯორჯიაში" შემტევ ნახევარმცველად რომ ასპარეზობდა, "გურიაში"... ცენტრალურ მცველად თამაშობს; ძირითადი მეკარე 24 წლის გიორგი ძაძამია გახლდათ (ასევე ყოფილი "ვეტერინარი"), თუმცა "დინამოსთან" ავბედითი მატჩის მერე ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა 23 წლის მიხეილ გოგუაძემ ჩაატარა.
"გურიას" ასევე "სტაჟიანი" წევრია 25 წლის ჯემალ გოგიბერიძე, თუმცა ამ სეზონში მარჯვენა მცველად ძირითადად არნო ჩუენსუ თამაშობდა - ეს 21 წლის კამერუნელი ურიგო ფეხბურთელი არ გახლავთ ("სიონის" ყოფილი ცენტრფორვარდის, ერიკ-რომეო ჩასემის ძმაა).
ჩუენსუს გარდა "გურიაში" სხვებიც არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები: გოდერძი მაჩაიძე, ზვიად კვარაცხელია, ბექა წერეთელი, გიგა ჭეიშვილი და სხვები.
რაც მთავარია, გუნდი სწორი გზით მიდის და გვჯერა, რომ "გურია" უმაღლეს ლიგას ამჯერად უკვე "მუდმივი წევრის" სტატუსით დაუბრუნდა!..
ასევე იხილეთ:
"გურია" მაჩანჩალა არც უმაღლესში იქნება, თასის ფინალს კი აქედანვე ვუმიზნებთ!
ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაშია!
თემურ ლორია: ბაზა რომ გვქონდეს, შემოსავალიც გაგვიჩნდება
თვალსაზრისი: "გურიას" და "ბავარიას" სუპერფინალი
დინამო თბ-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]
გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]