დავით ოდიკაძე: "დინამოდან" ისე გამიშვეს, უჰრინისთვის გამარჯობაც არ მითქვამს

AutoSharing Option
ფართო სპექტრს ფეხბურთიც ვერ ასცდება, სხვადასხვა ტიპის მოთამაშეს და ადამიანს აქაც შეხვდებით. დავით ოდიკაძე ისეთია, ვისაც ფეხბურთის თამაშის უნარი თანდაყოლილიც აქვს და შრომითაც შეუძენია კარგი თვისებები...

ოდიკაძეს პირად ცხოვრეებაში ისეთი რამ გადახდა, კაცი მტერს არ უსურვებს, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო, ფეხზე დადგა და ხელმეორედ მოახერხა ფეხბურთელობა...

ოდიკაძეს ეროვნულ ნაკრებშიც მოუწია თამაში, 14 კეპი მოინაგრა. უთამაშია სხვადასხვა ქვეყნებშიც, ფეხბურთში არც თუ ცოტა უნახავს...

წინა სეზონში ოდიკაძე საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი იყო და კიდევ ერთი წარმარტებული სეზონით შეავსო საკუთარი კარიერა....

ეს ფეხბურთელი ახლა
თავისუფალი აგენტია და სანამ გაირკვევა, თუ რომელ გუნდში ითამაშებს, მანამდე "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- "ჩიხურაში" იჯარის ვადა დაგისრულდა, "დინამოში" კი კონტრაქტი - რას აპირებ, გაქვს კონკრეტული შემოთავაზება ამ ეტაპზე?
- სურვილი მაქვს და "ჩიხურას" ხელმძღვანელობაც იმ აზრზეა, რომ ისევ ამ გუნდში ვითამაშო, თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია, ველოდებით, რა როგორ იქნება. ახლა ვისვენებ, თუ ვინმე შემეხმიანება, ხომ კარგი, თუ არა, რაღაცა მაინც იქნება, ვნახოთ...

- წინა სეზონში მეტწილად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიწევდა თამაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია შენთვის იმაში, რომ რვა გატანილი გოლით სეზონში "ჩიხურას" ბომბარდირი გამხდარიყავი - როგორ მოხდა, რომ გუნდის საუკეთესო მეგოლე მცველი გახდა?
- ორი მატჩის გარდა ყველა შეხვედრა მართლაც მარჯვენა მცველად ვითამაშე. რვა გოლიდან ექვსი 11-მეტრიანით გავიტანე, ამ ექვსი პენალტიდან კი სამი მე მოვიპოვე, თუმცა გუნდის ბომბარდირი რომ გავხდი, ეს პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა.

შეტევაში რომ მივდიოდი, ვიცოდი, რომ დავით დიღმელაშვილი ან სხვა თანაგუნდელი აუცილებლად დამაზღვევდა. ერთი სიტყვით, რომ არა თანაგუნდელები, ამას ვერ შევძლებდი.

- თასის ფინალში "დინამოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშე, რადგან შეთანხმების თანახმად "დინამოსთან" თამაშის უფლება არ გქონდა. ევროსაგზური კი მოიპოვეთ, თუმცა ალბათ ხინჯად დაგრჩა, რომ "ჩიხურას" ფინალში ვერ დაეხმარე...
- გული მართლაც ძალიან დამწყდა, ფინალში თამაშიც მინდოდა და მოგებაც. ისიც მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ "დინამო" საკუთარ არჩევანში შეცდა, როცა ჩემი განათხოვრება გადაწყვიტა. არაუშავს, ცხოვრება გრძელდება და კიდევ მომცემა იმის საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო.

- "დინამომ" რომ გაგანათხოვრა, ეს ალბათ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, ალბათ არ ჯდებოდი უმცროსი დუშან უჰრინის გემოვნებაში თუ მონახაზში...
- ყველაფერი ისე მოხდა, რომ უმცროსი უჰრინისთვის გამარჯობაც კი არ მითქვამს. რა თქმა უნდა, მინდოდა, მწვრთნელს საქმეში ვენახე და ისე მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ასე არ მომხდარა, ჩემი "დინამოდან" წამოსვლა ალბათ უფრო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო.

უფროსი დუშან უჰრინის მწვრთნელობის დროს "დინამოს" კაპიტანი ვიყავი და საქართველოს ჩემპიონიც გავხდი, არა მგონია, რომ მის შვილს უნახავად გავეშვი "დინამოდან"...

- 32 წლის ხარ, ეს ის ასაკია, ფეხბურთს კიდევ რომ თამაშობენ, მაგრამ მოგდგამს კი ჯანი ძველებურად?
- ყველაფერი პირიქით არის - ჯანს მეტი ტვინიც მიემატა. როცა მივხვდები, რომ ძველებურად ვეღარ ვთამაშობ, ფეხბურთელობას თავს დავანებებ, ახლა კი არ ვფიქრობ იმაზე, რომ 32 წლის ვარ და კარიერა დავასრულო თუ არა.

- რამდენიმე წლის წინათ პირად ცხოვრებაში ისეთი რამე შეგემთხვა, რომ თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა, დავით ოდიკაძე ისევ თუ ითამაშებდა ფეხბურთს. მაინც როგორ მოახერხე, რომ ხელახლა გამხდარიყავი ფეხბურთელი?
- ჩემი ახლობლების, მეგობრებისა და მოძღვარის წყალობით. ჩემს ცხოვრებას ფეხბურთი არ ეთმობოდა და კარგი ადამიანების დახმარებით ისევ დავიწყე ფეხბურთის თამაში.

- არაერთ კლუბში გითამაშია, თუნდაც "თბილისში", რომელიც 2003-04 წლებში მართლაც მოვლენა იყო ეროვნულ ჩემპიონატში. ყველაზე უფრო რომელ გუნდში თამაშით დარჩი კმაყოფილი, ყველაზე უფრო სად გსიამოვნებდა ფეხბურთის თამაში?
- ასე ვთქვათ, დაბადებიდან თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ვარ და ახლაც ამ გუნდის ქომაგად ვრჩები, ვფიქრობ, კარიერის საუკეთესო პერიოდიც "დინამოში" მქონდა. ბაქოს "ინტერშიც" წარმატებულად ვითამაშე, თანამეგობრობის თასიც მოვიგეთ, მაგრამ "დინამო" მაინც "დინამოა".

- სიტუაცია ისეთია, რომ დღეს "დინამოს" კონკურენტი გუნდი საქართველოში აღარ დარჩა...
- რა თქმა უნდა, ეს თვითონ "დინამოსთვისაც" არის ცუდი, ასეთ ვითარებაში "დინამოს" მხოლოდ ვარჯიში, მერე კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაში მოუწევს. რაღაც ერთობლივად უნდა მოიფიქრონ მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ, რათა ასე ხელაღებით აღარ იშლებოდეს გუნდები. რაც უფრო მეტი კარგი და წელგამართული კლუბი იქნება, ეს "დინამოსაც" წაადგება და ყველას.

- შეიძლება იმის თქმა, რომ ერთობ სპეციფიური ფეხბურთელი ხარ. საქართველოს ჩემპიონატში ბევრ ფლანგელს არ შეუძლია მოჭრილი, ხვეული ჩაწოდების ეფექტურად შესრულება. როგორ ფიქრობ, ეს რისი ბრალია? ეს ხომ ნიჭზე უფრო ვარჯიშის შედეგია...
- როგორ გითხრათ, ფეხბურთში ყველაფერი რომ შეუძლია, ეს ლეო მესია. რაც შეეხება ფლანგურ ჩაწოდებას, ჩვენს ბავშვობაში ამაზე საგანგებოდ არ გვავარჯიშებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ამაში თვითნასწავლი ვარ. ახლა კი სხვა დროა, გამოჩნდნენ საინტერესო ახალგაზრდები, რომელთაც ჩაწოდებაც კარგად ეხერხებათ, მაგალითად, არჩილ ტვილდიანი "დინამოდან" და გიორგი ქიმაძე "ჩიხურადან", ისინი შეტევაშიც ჩინებულად ერთვებიან და ჩაწოდებაც არ დაეწუნებათ. კარგი ჩაწოდება მართლაც შრომით, ბევრი ვარჯიშით მოდის.

- მარცხენაფლანგელ ქიმაძეს იშვიათად უწევდა "ჩიხურას" ძირითადში თამაში. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, ქიმაძე თასის ფინალში შეცვლაზე რომ შევიდა, ისეთი ჩინებული პასი შესარულა, რომლის შემდეგ "დინამო" კაცნაკლული დარჩა...
- ქიმაძეს ძირითადში თამაში რომ არ უწევს, ამით კი იჩაგრება, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, თამაში საკმაოდ მოუწევს, ახლა მისთვის მთავარია, რომ შრომა გააგრძელოს.

- ფლანგელებიდან ყველაზე უფრო მაინც ვის გამოარჩევდი? ფაქტია, რომ საქართველოს ამ ნაკრებშიც პრობლემატურია ეფექტური ჩაწოდების შემძლე ფლანგელის პოზიცია...
- კახა გოგიჩაიშვილი ჩვენს ნაკრებში საუკეთესო ფლანგელი იყო, მასზე უკეთესი ჯერ არ ჩანს. საერთოდ კი ფლანგური ჩაწოდებების საუკეთესო ოსტატი ალბათ მარიო ბასლერი იყო, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, თუმცა როცა ასეთ ფეხბურთელებზეა საუბარი, სია მაინც დევიდ ბექემით უნდა იწყებოდეს.

- საქართველოს ნაკრებში თოთხმეტი მატჩი გითამაშია და ცხადია, სიტყვაც გეთქმის - რა არის გუნდის გაუთავებელი წარუმატებლობების მიზეზი?
- მიზეზი ორია, ანუ კონკრეტულად უნდა ჩამოვყალიბდეთ ხოლმე, თუ რა გვინდა: ან მყის შედეგი უნდა მოვითხოვოთ, ან ვაცალოთ მწვრთნელს გუნდის შენება. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები ახლა შენების პროცესშია და მწვრთნელს დრო უნდა მივცეთ, თუ საქმე კარგად არ წავა, მერე უკვე ფედერაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით ოდიკაძე: "ჩიხურას" გაცილებით მეტი შეუძლია, მიზანი კი ევროსაგზურია
დავით ოდიკაძე: "ჩიხურას" ახლა მაინც აღიარებენ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ხომ არ გაუგრძელდათ ნაკრების შენების პროცესი? აშენებულიც რომ არაფერი ჩანს, ნაკრებში?
გიორგი
07:54 03-06-2013
0
ავარია მოუვიდა და მეორე მანქანაში ადამიანი გარდაიცვალა...რის გამოც 1 წელი იჯდა ციხეში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული