"გურიას" დიდი რეკლამა - ლანჩხუთში სათამაშოდ კიევის "დინამოს" ეპატიჟებიან

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ურუშაძე (მარცხნივ) უკრაინში ყოფნისას "გურიას" ყოფილ ფეხბურთელ ვიქტორ ხლუსს შეხვდა

ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე "გურიასთვის" სპონსორის საძიებლად უკრაინაში იმყოფებოდა.

იგი დაგვპირდა, რომ ჩამოსვლისთანავე ვრცლად გვესაუბრებოდა ვიზიტის შესახებ და ასეც მოხდა, ლანჩხუთის გამგებელმა ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:

- ბატონო ზაზა, უკრაინაში "გურიას" საკითხებზე საქმიანი შეხვედრები გქონდათ. მხოლოდ ამ მისიით გაემგზავრეთ თუ უბრალოდ, ამ კუთხითაც იმუშავეთ?
- რა თქმა უნდა, იყო სხვა საკითხებიც, თუნდაც ციტრუსების უკრაინაში გატანასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი იყო "გურიას" საკითხი. მოგეხსენებათ, ჩვენი
გუნდი გადავიდა უმაღლეს ლიგაში და მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის სახსრების მოძიებაა საჭირო.

ყველა შემთხვევაში, აქედანვე ვაცხადებ, რომ "გურია" არ იქნება მაჩანჩალა გუნდი და იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ადგილის შენარჩუნება იყოს ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, თავიდან ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ანგარიშგასაწევი გუნდი უნდა გვყავდეს.

თანდათან უნდა გავძლიერდეთ და "გურიამ" ძველი დიდება დაიბრუნოს. ამისთვის აუცილებელია სპონსორის მოძიება.

წინასწარვე გეტყვით, რომ არ მქონდა ილუზია, ჩავიდოდი უკრაინაში და სპონსორთან ერთად დავბრუნდებოდი, მაგრამ პირველი შეხვედრის კვალობაზე, ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ამ და სხვა მიმართულებებითაც, რომ "გურიას" არ გაუჭირდეს.

აქვე დავძენ, რომ უკრაინაში თუკი ვინმემ იცის ლანჩხუთი, ეს "გურიას" დამსახურებით. მე შეხვედრები მქონდა საფეხბურთო წრეებთან და იქ ყველამ იცის ჩვენი კლუბი.

- ადრეც თქვით, რომ მიხეილ ფომენკოს და ხარკოვის "მეტალისტის" პრეზიდენტს შეხვდით. იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ...
- უკრაინაში ჩასვლისთანავე შევხვდი ჩვენს ელჩს მიხეილ უკლებას, რომელიც გვერდით დამიდგა. იგი თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ საკითხში. შევხვდი "უკრანპატრეპის" პრეზიდენტსა და უკრაინის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს - ისინი დახმარებას დამპირდნენ.

იცით, ბიზნესმენი ფულს მაშინ დებს, როცა მოგებას ელის. ამიტომაც აქ დაძალებით ან თხოვნით არაფერი გამოვა. მინდა გითხრათ, რომ "გურია" და გრიგოლეთის ბაზა კარგად ახსოვთ!

თითქმის 4-საათიანი შეხვედრა მქონდა უკრაინის ნაკრების თავკაც მიხეილ ფომენკოსთან. არადა, ბაზას 50-მდე პოლიციელი იცავდა და იქ შესვლა, მით უფრო, ნაკრების შეკრების დროს, შეუძლებელია. როცა მე მას "ვიზიტკა" შევუგზავნე, უმალვე შემიშვეს.

ბევრი რამ გავიხსენეთ, რაღაც კავშირებზე გასვლაში დამეხმარა, მე ის ლანჩხუთში დავპატიჟე. სხვათა შორის, 26-ისთვის ლანჩხუთში ასევე გვინდა მოვიწვიოთ უკრაინული ფეხბურთის ლეგენდები - ბესონოვი, ხლუსი, დემიანენკო, ბალი და სხვები.

იქნება ვეტერანთა მატჩი, რაც "გურიას" დიდი რეკლამა იქნება. ფაქტობრივად, ჩამოვა 80-იანი წლების კიევის "დინამო", რომელმაც ევროთასი აიღო და სსრკ ნაკრები მთლიანად მისით იყო დაკომპლექტებული. პარალელურად, ითამაშებენ "გურიას" ის ვეტერანები, რომლებმაც კლუბს ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანეს.

ასევე, შეხვედრა მქონდა სერგეი კურჩენკოსთან. ხარკოვის "მეტალისტის" 35 წლის პრეზიდენტი 26-ისთვის თავად თუ არ ჩამოვა, თავის წარმომადგენლებს გამოგზავნის, რათა ადგილზე შეაფასონ სიტუაცია. ბავშვთა ფეხბურთის კუთხით უფრო ველი მასთან თანამშრომლობას.

- როგორც ვიცით, სხვა შეხვედრებიც გქონდათ...
- განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი შეხვედრა უკრაინის ფედერაციის მაღალჩინოსან ალექსანდრე გუზენკოსთან. მან გაიხსენა, რომ ლანჩხუთში თამაშის წინ (მაშინ თურმე ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ღირსებას იცავდა) სასტუმროში წვერიანმა ადგილობრივმა ქომაგმა 10 ლიტრი ღვინო მიუტანა, ხვალ მაინც წააგებთ და ეს მაინც შესვითო.

ის თამაში "გურიას" 4:0 მოუგია.

ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთი ძლიერი ბანკის წარმომადგენლებს, რომლებსაც ასევე ველოდებით ლანჩხუთში. გარკვეული კონტაქტები დავამყარეთ ვეტერან ფეხბურთელ სერგეი სოლოვიოვთან, რომელსაც უკრაინაში ფეხსაცმლის რამდენიმე სერიოზული ფაბრიკა აქვს.

როცა "ენერგოატომის" პროფკავშირების თავმჯდომარეს შევხვდი (2 მილიონი წევრი ჰყავს და უკრაინაში ფეხბურთის დაფინანსებაში მონაწილეობს), მან მითხრა, რომ ფეხბურთის მცოდნეს შემახვედრებდა და ეს კაცი აღმოჩნდა ვიქტორ ხლუსი. ძალიან დიდი სიყვარულით გაიხსენა ხლუსმა "გურიაში" გატარებული დრო და აქაური ქომაგები. ისიც დამეხმარება კონტაქტების დამყარებაში. ვიქტორი მთელ უკრაინაში ავტორიტეტული პიროვნებაა - აქვს 5-სართულიანი სპორტკომპლექსი, ფეხბურთის აკადემია.

არის კიდევ რაღაც დეტალები, რაზეც ამ ეტაპზე არ მინდა საუბარი. ყინული დაიძრა და იმედია, შედეგიც გვექნება. სამ ვარიანტზე ვფიქრობ, რომ სერიოზულია.

- ბატონო ზაზა, რას ფიქრობენ უკრაინელები ქართულ ფეხბურთზე და იქაურ ფეხბურთში რა მოგეწონათ?
- ძალიან მომეწონა სპორტული ინფრასტრუქტურა, უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" საწვრთნელმა ბაზებმა ხომ საერთოდ აღმაფრთოვანა. სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთზე მაღალი წარმოდგენა არა აქვთ. ძალინ დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვთა ფეხბურთს. ამ კუთხით უკვე აქედანვე ჩანს, რომ სერიოზული ურთიერთობა შეიძლება.

- ახლა "გურიაზე" დავაკონკრეტოთ - ცვლილებები, შეკრება და ა. შ. უკვე დაგეგმილია?
- არა, ჩვენ ახლა გავივლით ამ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება კონკრეტულად საუბარი. სხვათა შორის, უკრაინაში ჩვენი ფეხბურთელების ვიდეომასალების გაგზავნა შემომთავაზეს და ვინც მოგვეწონება, ჩვენთან წავიყვანთო.

ეს, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა ამ ეტაპისთვის "გურიას" წამყვანი მოთამაშეების გამოკლების ფუფუნება არ აქვს. ასე რომ, ბირთვს შევინარჩუნებთ.

- ადრე გვითხარით, რომ სტადიონის მშენებლობა მაისის ბოლოს დაიწყებოდა. რა ხდება ამ მიმართულებით?
- სამწუხაროდ, ჯერ არ დაწყებულა და ამ დღეებში ვაპირებ თბილისში ჩასვლას ამ საკითხთან დაკავშირებით. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი, მოგეხსენებათ, ჩამოსული გახლდათ და ყველანაირად დახმარებას დაგვპირდნენ. როგორც ჩანს, რაღაც უმნიშვნელო პრობლემაა, სტადიონის კეთილმოწყობა გარდაუვალია.

სეზონის დაწყებამდე მოეწყობა გასახდელები, ვიპ და პრეს-ლოჟები, დაიდგმება ინდივიდუალური სკამები, ხოლო პარალელურად, დაიწყება დასავლეთ ტრიბუნის აგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია" სპონსორს უკრაინაში ეძებს
ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში
11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!
მკითხველის კომენტარები / 4 /
უფალი შეწიოს გურიას და გურულებს, მისასალმებელია იქნებ დაგვადგეს საშველი და სპონსორი მოიძებნოს.
shota
14:34 10-06-2013
0
ძალიან კარგია,დიდი იმედი მაქვს რომ ამ საქმიდან რაღაც გამოვა,ლანჩხუთი ხომ დიდი საფეხბურთო კერა იყო ოდესღაც...წარმატებები ბატონო ზაზა,თქვენი ძალიან გვეიმედება
qartveli91
15:21 10-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული