- დავიწყოთ იმით, რა ცვლილებები მოხდა "გურიაში" - ვინ წავიდა და ვინ დაიმატეთ...
- მოსულებსა და წასულებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
- რატომ?
- "გურია" კერძო კლუბი არ არის და მისი ბედი მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე აქტიურობს და სურს, რომ კლუბს კარგი პირობები ჰქონდეს. საამისოდ ცოტა ხნის წინათ უკრაინაშიც იმყოფებოდა, სპონსორებს უნდა დაკავშირებოდა,
წესით, მალე ყველაფერი გვეცოდინება. ველოდებით ზარს, რომ გამგეობაში დაგვიბარებენ და გვეტყვიან - რა ოდენობის ბიუჯეტი გვექნება.
- გამოდის, ჯერ არ იცით, სად მოემზადებით და ვის წინააღმდეგ ითამაშებთ?
- გარკვეული მონახაზი არსებობს და მომსვლელ-წამსვლელთა ვინაობაზეც ვფიქრობთ. უმაღლეს ლიგაში გადასულ გუნდს გაძლიერება და კარგი მომზადება სჭირდება.
ჩემპიონატის პირველი ტური აგვისტოს დასაწყისისთვის იგეგმება და ახლა თითოეულ დღეს ოქროს ფასი აქვს, მაგრამ სანამ დაფინანსების საკითხი არ გაირკვევა, როგორ ვთქვა, ვის მოვიწვევთ და ვის გავუშვებთ? ეს ხომ ყველაფერი კონკრეტულ თანხებს უკავშირდება.
- ისიც არ იცით, დაფინანსება გექნებათ თუ არა?
- არა მგონია, რომ პრობლემები შეგვექმნას. დაფინანსება უნდა იყოს, მაგრამ დასაზუსტებელია, რამხელა ბიუჯეტი გვექნება.
- ბიძინა ივანიშვილი ლანჩხუთელებს მიტინგზე შეპირდა, რომ "გურიას" ააღორძინებდა. ესაა თქვენი იმედის საფუძველი თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან კონკრეტული დანაპირებიც გაქვთ?
- ივანიშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ "გურიას" აღორძინება სურს და ამას გარდა, კონკრეტული საუბარიც შედგა. მაგალითად, მალე ფეხბურთელებს პირველ ლიგაში გამარჯვებისთვის ბონუსები გადაეცემათ.
- "გურიას" ინფრასტრუქტურა უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებს?
- ამ წუთში სტადიონი მზად ნამდვილად არ არის, მაგრამ სამუშაოები მიმდინარეობს.
- კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი?
- სტადიონი უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან შესაღობია. ამას გარდა, პირველ ლიგაში სათადარიგო მოედნის გასახდელებით ვსარგებლობდით, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ასეთ სტადიონს არ დაუშვებენ და მიდის მუშაობა, რომ მინიმალური მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.
- თუ ნორმები ჩემპიონატის დაწყებამდე არ დააკმაყოფილეთ, სათადარიგო სტადიონი შეგულებული გაქვთ?
- გუნდი უმაღლეს ლიგაში როცა გადადის, სხვის სტადიონზე თამაში უხერხულია. იმედია, პირველ ტურამდე დარჩენილ დროში პრობლემების მოწესრიგებას შევძლებთ.
- სტადიონის მშენებლობა როდის დასრულდება?
- ეს საკმაოდ სერიოზული პროექტია და ჩემპიონატამდე მისი დასრულება, ალბათ, ვერ მოხერხდება.
- ასეთ პირობებში გაქვთ იმედი, რომ უმაღლეს ლიგას ღირსეულად დაუბრუნდებით?
- გამგეობაც და ივანიშვილიც იმას ამბობდნენ, რომ "გურია" მაჩანჩალა არ უნდა იყოს. ამას ტყუილად ხომ არ იტყოდნენ? საამისოდ მცდელობას ჩვენც არ დავაკლებთ.
- საერთოდ, წელს უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა მომზადებას გვიან იწყებს და დიდი გაურკვევლობაა...
- პრობლემა მართლაც წამოიქმნა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ადრინდელივით ვეღარ გაგრძელდებოდა, ქართულ ფეხბურთს ახალი სისტემა და დაფინანსების წყაროები სჭირდება, რაც ასე ადვილად და სწრაფად ვერ გადაწყდება. მაგრამ მეორე მხრივ, დროც არ ითმენს, სეზონი და ევროთასების მატჩები კარს მოგვადგა.
მე თუ მკითხავთ, თუ გუნდს რამის პრეტენზია გააჩნია, 15-20 ივნისისთვის მზადება დაწყებული უნდა ჰქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"გურიას" დიდი რეკლამა - ლანჩხუთში სათამაშოდ კიევის "დინამოს" ეპატიჟებიან
ლანჩხუთის "გურია" სპონსორს უკრაინაში ეძებს
ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში
11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!