ჟურნალისტებს დაგვირიგდა პრესრელიზი, სადაც ამოიკითხავდით შვიდ თვეში გაკეთებულ საქმეებს, ოღონდაც იქ არაფერი ეწერა ფეხბურთზე.
აპრილის ბოლოს, "ლელოსთან" ინტერვიუში ლევან ყიფიანმა ისიც თქვა, რომ სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს და საამისო პროგრამა უახლოეს ხანში გამოქვეყნდებაო.
პრესკონფერენციაზე მინისტრს საფეხბურთო კითხვებიც დაუსვეს (იხილეთ ვრცლად).
ყიფიანის პრესკონფერენციის შემდეგ სპორტის სამინისტროდან ფეხბურთის ფედერაციაში გადავინაცვლეთ, რადგან მინისტრმა ეს ორგანიზაციაც ახსენა.
ფედერაციის გენერალურ
- დახმარება კლუბებს და ამის კონცეფციაში მოქცევა - ამასთან დაკავშირებით როგორ თანამშრომლობთ სპორტის სამინისტროსთან?
- გვქონდა შეხვედრა სპორტის მინისტრთან. ძალიან ბევრი საკითხი მიმოვიხილეთ და აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ თემაზე ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს.
ლევან ყიფიანის ნათქვამიდან გამომდინარე, ინტენსიური მუშაობა მიდის კლუბების მხარდამჭერი კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს პროექტი ძალაში შევიდეს 2014-15 წლების საფეხბურთო სეზონისთვის - მიგვაჩნია, რომ ეს დრო ლოგიკურია.
ცხადია, პროექტი კლუბების დაფინანსებას მოიცავს.
- სპორტის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ვალდებულებები ფედერაციასაც დაეკისრება. იქნებ კონკრეტულად განგვიმარტოთ ეს ყველაფერი?
- ფედერაციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ვთქვათ, თამაშის წესები უნდა შევიმუშაოთ. თუ კლუბები მიიღებენ გარკვეულ თანხას სახელმწიფოსგან, ვალდებულებებიც უნდა აიღონ და გარკვეული კრიტერიუმებიც დადგინდეს. კლუბებისთვის გამოყოფილი ფულის განმკარგავი ფედერაცია არ უნდა იყოს, ოღონდაც კლუბებმა ეს თანხა სწორად უნდა დახარჯონ.
- დახლოებით რა თანხას მიიღებენ კლუბები 2014-15 წლების სეზონისთვის - ეს ჯერ არ არის ცნობილი?
- ეს არ შეიძლება ცნობილი იყოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. თუ კლუბები ფულს მიიღებენ, თანხა აუცილებლად უნდა განაწილდეს პირველი ლიგის კლუბებზეც.
- თანხის სწორად დახარჯვაში რას გულისხმობთ?
- უმაღლესი ლიგის კლუბს უნდა ჰყავდეს სამი ასაკობრივი გუნდი, კლუბის ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს დაზღვეული, ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს შეკრების საშუალება... ანუ თანხის მიღების შემდეგ კლუბებმა მინიმალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
- თანხის გადანაწილების პრინციპი - როგორია ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია?
- თანხა ყველა კლუბმა თანაბრად უნდა მიიღოს. თუ პრემიალური თანხაც გამოიყოფა, ის უკვე სპორტული შედეგების მიხედვით უნდა განაწილდეს კლუბებზე.
- საპრიზო ფონდი უკვე არსებობს...
- ფეხბურთის ფედერაციამ წლეულს ერთი მილიონი ლარი გაანაწილა წარმატებულ კლუბებზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"