გულდასაწყვეტი ამბავი: ალვარო წავიდა... უჰრინიდან უჰრინამდე

AutoSharing Option
...ხუთწლიანი პაუზის მერე თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება!

ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უკანასკნელად 2008 წელს იასპარეზა: პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი უპრობლემოდ დაძლია (ფარერების "რუნავიკთან"), შემდეგ კი "პანათინაიკოსი" შეხვდა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც ბერძნული გრანდი გავიდა.

2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი რაინერ ცობელი გახლდათ. არადა, გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა... სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ეს "სხვა" კი ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დუშაჰ უჰრინი (უფროსი) იყო, - გამოცდილმა და აღიარებულმა მწვრთნელმა "დინამოს" XIII საჩემპიონო ტიტული მოუტანა და დამსახურებულ
პენსიაზეც გავიდა.

ამის მერე კი "დინამო" ვერაფრით ახერხებდა ჩემპიონობის მოპოვებას და აი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ნავსი გატყდა: დუშან უჰრინის (უმცროსი) ხელმძღვანელობით გუნდმა ნანატრი ოქროს მედლებიც მიიღო და თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა!

მოკლედ, "დინამოს" ბოლო ორი საჩემპიონო ტიტული მამა-შვილმა უჰრინებმა მოუტანეს, თუმცა სხვაობა ის არის, რომ მამისგან განსხვავებით, უმცროსი-უჰრინი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ არსად წასვლას არ აპირებს და მოახლოებულ ევროტურნირებსაც "დინამო" სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხვდება.

მოგეხსენებათ, რომ ყოველ ზაფხულს განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით: 1981 წლის მართლაც დიდი "დინამოს" ტრიუმფის მსგავს წარმატებას არავინ ითხოვს, მაგრამ აი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა კი ლამის არის, უტოპიად გვექცა.

რაღა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია და "დინამოს" ერთგული ქომაგებიც (და, საერთოდ, ქართველი გულშემატკივრები) მოუთმენლად ელოდებიან 24 ივნისის წილისყრას.

ჰო, კენჭისყრაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ბევრი, მაგრამ არა - ყველაფერი! ანუ, ყველასათვის ნათელია, რომ ის რესურსი, საქართველოს ჩემპიონობას რაც განაპირობებს, ევროტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობისათვის აღარ არის საკმარისი; ანუ უმცროსმა უჰრინმაც და თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმაც ყველაზე უკეთ იციან, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება.

ამ შემთხვევაში "სახელიან" ახალწვეულებს ვგულისხმობთ, რომელთა გამოჩენასაც "დინამოს" ქომაგები სულმოუთქმენად ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" ავსტრიული შეკრება 19 ივნისს დაიწყო. აი, დღეიდან მოყოლებული კი, სატრანსფერო სიახლეებს უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ საქართველოში ჩატარებული ტრიუმფული სეზონის მიუხედავად, "დინამოს" ნამდვილად არ აწყენდა 3-4 მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება.

ჰოდა, როცა ევროტურნირების დაწყების წინ ყველა გუნდის გაძლიერებას ელოდება, აი, ამ დროს მართლაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერის წასვლა!

ბასკი მეგოლე
ახალი სეზონის პირველ საკონტროლო მატჩში (თბილისის "დინამო" - გიუმრის "შირაქი") მიკელ ალვაროს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ეს ფაქტი არავის გაჰკვირვებია: სპარინგ-შეხვედრა იყო, ორ დღეში გუნდი შეკრებაზე მიდიოდა და ხომ შეიძლებოდა, მთავარ მწვრთნელს მის პოზიციაზე ვინმე პოტენციური ახალწვეულიც მოესინჯა.

თანაც, "დინამო-არენის" პრეს-ლოჟაში "ოფიციალური" ვერსიაც დასახელდა: ალვაროს მცირე ტრავმა აქვს და ამიტომაც არ თამაშობსო.

არადა, თურმე საქმე გაცილებით სერიოზულად ყოფილა და ყველაფერი მაშინ გაირკვა, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ოფიციალურ ვებგვერდზე ავსტრიულ შეკრებაზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სია რომ გამოქვეყნდა. ალვარო იმ სიაში არ აღმოჩნდა და იქვე განმარტებაც იყო: "კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და "დინამოს" დატოვება გადაწყვიტა მიკელ ალვარომ".

ჰო, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანს ყველაფერი: ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება და "დინამოდან" წასვლაზე გადაწყვეტილებას იღებს?!

რეალურად რა იყო ალვაროსა და "დინამოს" განშორების მიზეზი, ამას "ლელოს" 20 ივნისის ნომერში წაიკითხავთ: ბასკი ფეხბურთელი არც მალავს, რომ კვლავაც საქართველოში, კერძოდ კი, თბილისის "დინამოში" სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ... (იხილეთ ვრცლად)

მიკელ ალვარო "დინამოში" 2011 წელს ჩაირიცხა, თუმცა თანამემამულეებისგან (ჩისკო, იაგუე, კოტო) განსხვავებით, ოდნავ მოგვიანებით.

ვიცოდით, რომ "დინამოს" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას განკარგულებაში კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მანამდე სეგუნდა-დივიზიონში (ესპანეთში რანგით მეორე ლიგა), "ნუმანსიაში" ასპარეზობდა და მის გამოჩენას თბილისის "დინამოში" ყველა ინტერესით ველოდით.

მოლოდინი გამართლდა: სადებიუტო შეხვედრაშივე ("ვიტ ჯორჯიასთან") ალვარომ გოლი გაიტანა, მერე კი ევროპის ლიგის პლეი ოფშიც ითამაშა ბერძნული აეკ-ის წინააღმდეგ.

მოკლედ, ალვარომ უპრობლემოდ დაიკავა ადგილი "დინამოს" ძირითადში და ასე გრძელდებოდა პირველი ეტაპის ბოლომდე.

სიტუაცია შეიცვალა ალექს გარსიას გათავისუფლების შემდეგ: "დინამოს" ახალი თავკაცი გიორგი დევდარიანი ალვაროს შეცვლებზე ათამაშებდა ხოლმე; მერე იყო ის ცნობილი ეპიზოდი ქუთაისური მატჩიდან: "ტორპედოსა" და "დინამოს" შეხვედრაში ალვარო პირველ ტაიმში შეცვლაზე შევიდა, მეორეში კი... გამოცვალეს!

შეცვლის "ოფიციალურ" მიზეზად ტრავმა დასახელდა, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ამის ნაკლებად სჯეროდა ვინმეს...

იმ სეზონის დასკვნითი ნაწილი ალვარომ კვლავ ძირითადში გაატარა - ამჯერად უკვე რამაზ მუმლაძე გახლდათ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი. სულ კი, ბასკი საყრდენის მონაგარი ასეთი იყო: 29 მატჩი და 7 გოლი.

აი, მომდევნო სეზონი კი ალვაროს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო: "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში!

შეგახსენებთ, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ, "ლელოს" ვერსიით, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად სწორედ ალვარო დასახელდა; სხვანაირად ვერც იქნებოდა: 30 წლის ნახევარმცველი 11-ჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში (ჩისკოს შემდეგ მეორე მაჩვენებელი), საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კი მეოთხე ადგილზე გავიდა!

ჰო, ნამდვილად ჩინებული შედეგია, როცა ამპლუით საყრდენი (დუშან უჰრინი ხანდახან მარჯვენა ნახევარმცველადაც ათამაშებდა) 30 მატჩში 14 გოლს გაიტანს! მერე გოლებსაც ხომ გააჩნია: II ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან" თბილისში მართლაც ზღაპრული გოლი გაიტანა; აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც "ოქროს გოლზე", ამა წლის 27 აპრილს, გორის "დილას" კარში რომ შეაგდო!

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რამდენიმე გამორჩეული ლეგიონერი ყოფილა, რომელთა წასვლის გამოც გულშემატკივრებს გული დასწყვეტიათ: ნედ ზელიჩი და მილოშ კრშკო, ანდერსონ აკინო და დე პორასი, რობერტას ფრიდრიკასი და ჟილვან ვიეირა.

ჰოდა, მიკელ ალვაროც ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ...

* * *
მიკელ ალვარო თავის ახალ კლუბს, სავარაუდოდ, 21 ივნისს შეუერთდება: ბაქოს "ინტერი" უკვე ერთი კვირაა, ავსტრიაშია შეკრებაზე.

კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა გუნდმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სპარინგი ჩაატარა: ავსტრიის მესამე ლიგის "ინსბრუკს" 8:0 მოუგო. "ინტერის" ქართველებიდან ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ალექსანდრე იაშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ კი შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

"ინტერი" 22 ივნისს რუსულ "კრასნოდარს" ეთამაშება, 24 ივნისს - პრაღის "სლავიას", 27 ივნისს კი - მახაჭყალის "ანჟის" და სავარაუდოდ, სწორედ გუუს ჰიდინკის გუნდთან ჩაატარებს თავის ახალ გუნდში პირველ მატჩს მიკელ ალვარო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ხდება ჩვენს თავს,ვინ გყავთ უკეთესი?აუხსენით ხალხს ნორმალურ ენაზე
ვახვახ
18:47 20-06-2013
0
ძალიან საწყენია. ვის იმატებს დინამო საინტერესოა ასეთ ფეხბურთელებს რომ უშვებს. კოტო და ალვარო ნამდვილად დანაკლისია დინამოსთვის. იმედია გორის დილასავით არ დაიკიდეს ეს კლუბიც...
m.m.m
17:08 20-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული