"ლელო" სოსო ფილიას უფრო ვრცლად ესაუბრა:
- როცა ფოთის "კოლხეთი" ჩავიბარე, გუნდს 18 შეხვედრაში ჰქონდა მხოლოდ 3 ქულა. ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა შედეგის გამო მთლიანად დაითხოვეს გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი.
ქალაქის მერის მოვალეობას მაშინ დავით ხომერიკი ასრულებდა, რომელიც სპორტული ოჯახიდან არის. დამიძახა მან და მთხოვა, ეს მისია შემესრულებინა.
მაშინვე პასუხი არ მითქვამს. მოვიფიქრე და წარვუდგინე
თუ ლიგაში დავრჩებოდით, გუნდს მოვაძლიერებდით და ჩავაბარებდით ახალგაზრდა სპეციალისტს. ამას სჭირდებოდა სულ 2 წელიწადი; ხოლო თუ გავვარდებოდით, რისი შანსიც მაღალი იყო, მაშინ დავიწყებდით პირველი ლიგიდან, გადავიყვანდით გუნდს უმაღლესში და ერთი სეზონის შემდეგ იგივეს გავაკეთებდით. ანუ 2-3 წელი ვიქნებოდი და მთავარ გუნდს ახალგაზრდებს გადავაბარებდი, რომლებიც ეს პერიოდი ჩემს სამწვრთნელო შტაბში ასისტენტებად იმუშავებდნენ.
- როგორც ვიცით, ამ წინადადებაზე დაგთანხმდნენ...
- დიახ და მოვედით გუნდში. როცა 19 ფეხბურთელი ჩამოყვანილი გყავს და 18 თამაშში 3 ქულა გაქვს, რაღაც ზომების მიღება აუცილებელია. ამიტომ გამოვუცხადე ამ ჩამოყვანილ მოთამაშეებს, გაძლევთ რამდენიმე თამაშს - წარმატება გექნებათ, გუნდში დარჩებით, თუ არადა, თქვენთან ხელშეკრულებას შევწყვეტ-მეთქი.
ვერ მოიგეს და მოვახდინეთ დიდი ცვლილება, 15 ფეხბურთელი გავუშვით. აქცენტი გადავიტანეთ მთლიანად ადგილობრივ კადრებზე. ერთი როსინი გვყავდა ბრაზილიელი, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩამოიყვანა; ანუ მთლიანად ფოთელები მოვიყვანეთ.
- ამის შემდეგ გუნდი კარგად ათამაშდა...
- დიახ, გორის "დილასთან" 0:1 წავაგეთ და ფრედ ვეთამაშეთ "ვიტ ჯორჯიას". მეორე ეტაპზე 10 თამაშიდან 3 მოვიგეთ, 4 ფრედ ვითამაშეთ და მხოლოდ 3 წავაგეთ. აქ მთავარი მოგება-წაგება კი არ იყო, არამედ ის, რომ გუნდი კარგად ათამაშდა. სულ რაღაც 3-4 ფეხბურთელის დამატება გვინდოდა და თუ უმაღლეს ლიგაში დაგვტოვებდნენ, რაზეც საუბრები იყო, მოწინავე ექვსეულში მოსახვედრად ვიბრძოლებდით, თუ არადა - პირველი ლიგიდან უკან დაბრუნებაზე.
- როდიდან დაგეძაბათ ურთიერთობა ქალაქის მერთან?
- როცა გუნდი შევკრიბე, მე ჩემს გუნდს ვკითხე - რა ვქნათ, ავიყვანოთ თუ არა მერის შვილი გუნდში? ჩემი მოსაზრება იყო, აგვეყვანა, მისთვისაც მიგვეცა შანსი. დამეთანხმა ყველა, თუმცა ვაღიარებ, რომ შესაძლოა, შევცდი და მერის შვილზე მეტად სხვა იმსახურებდა მთავარ გუნდში მოხვედრას.
კარგად იცით, რომ არ ვარ ის მწვრთნელი, რომელსაც ვინმე ყურით ათრევს და რასაც უნდა, გააკეთებინებს. ეს გამორიცხულია, ვერავინ ჩაერევა. იყო შემთხვევები, როცა "ნაციონალებს" მოჰყავდათ გუნდში ხალხი, აფორმებდნენ დირექტორებად და სინამდვილეში აგიტატორები იყვნენ.
სასწაულს გეტყვით: მე, მთავარ მწვრთნელს 1500 ლარი მქონდა ხელფასი და იმ ხალხს, ვისაც აფორმებდნენ და სინამდვილეში არაფერს აკეთებდნენ, იმათაც იგივეს უხდიდნენ. არადა, ფეხბურთის გაგებაში არ იყვნენ. მაგარი გამყალბებლები იყვნენ, მიწერებიც ჰქონდათ; ზოგი კი ჩანდა და ზოგი სულ არ მოდიოდა.
მოკლედ, იმას ვამბობდი, რადგან მერის შვილი იყო, მაინც ვიფიქრეთ, არ ეწყინოს და შანსი მივცეთო.
პირველი თამაში გვქონდა რუსთავში "მეტალურგთან". 0:1 წავაგეთ, თუმცა არ იყო წასაგები თამაში. ერთ-ერთი შეხვედრის წინ ეზოსთან მხვდება წერილი. წერილი დაწერილია მესამე პირში, სადაც არის მუქარაც - გამოასწორე ეს ყველაფერი, თორემ დედას გიტირებთო.
არადა, არ მირჩევნია ვათამაშო მერის შვილი? მაგრამ ხალხს თავს ხომ არ ვაგინებინებ? ფიზიკურად ძალიან სუსტია, არ არის მზად და მე რა შემიძლია? მაინც ვაპირებდი შანსის მიცემას. დუბლებშიც არ ვათამაშებდი. არა იმიტომ, რომ ჯინი მქონდა, მაშინ მერიც არ იყო მამამისი.
ერთ დღესაც მიბარებს მერი და მივდივარ მწვრთნელ მამუკა გვასალიასთან ერთად. დამიწყო მეგობრული საუბარი თავიდან. ჩემი შვილი ძალიან განიცდის. კარგი, ძირითადში არ ათამაშებ, ბოლოს მაინც შეიყვანე. სტუმრები ჩამოდიან, მომყავს თამაშზე, მეკითხებიან - შენი შვილი რომელიაო და უხერხულში ვარო.
ავუხსენი, რომ ამის თქმა არ მჭირდება და მე ვიცი, როდის უნდა ვათამაშო-მეთქი. მერი მიხვდა, საუბარი კიდევ გადადებისკენ მიმყავდა და უკვე მუქარაზე გადავიდა - შენ რომ ათამაშებ, მაშინ ჩემი შვილისთვის გვიანი არ იყოს და შენთვისაც გვიანი არ დარჩესო. კი ვუთხარი, რომ ჩემთან ასეთი საუბარი არ უნდოდა, მერის შვილის თამაში არ მირჩევნია? ან იმ ტოტს ხომ არ მოვჭრი, რომელზეც ვზივარ, შენი მტერი ხომ არ ვარ-მეთქი? მე პირიქით მირჩევნია, ვათამაშო, მერი ხარ, გუნდთან მოხვალ, დაგვეხმარები. კარგია, როცა გუნდთან არ ჩანხარ-მეთქი. მე იმიტომ არ დავდივარ, განაწყენებული ვარო. ისეთ მწვრთნელს მოვიყვან, ჩემს შვილს 90 წუთს ათამაშებსო. არ გავამწვავე მაინც.
მარტვილში გვაქვს თამაში, შევიყვანე 18 კაცში. 1:0-ს ვიგებთ, დაძაბული თამაშია. ვერ გავრისკე, ფეხბურთელები რას მეტყოდნენ, რამე რომ მომხდარიყო. თან მარტვილში ცუდი მინდორია. ვერ გამოვიყვანე. მომდევნო თამაშში რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვათამაშო-მეთქი. ამისთვის ორი სათამაშო ტაქტიკა შევიმუშავე. შესვენებაზე ვუთხარი, გახურდი-მეთქი და მეუბნება - ფეხი მტკივაო. მართლაც, ნატკენი ჰქონია, მერე აღარ გამოჩენილა და გამოვიდა, ვერ ვათამაშე.
ერთხელ ამხანაგურმა მოუწია, ქუთაისში დავაყენე მერის შვილი და ერთი საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნით. პირველი ტაიმი 0:3 წავაგე, სტადიონზე არ ჩანდნენ საერთოდ. შეცვლა მომთხოვა ორივემ. ამის გამო მერი გადამემტერა. მე ფოთის მერი ვარ, ჩხოროწყუს მერი ხომ არა, ჩემს შვილს არ ათამაშებენო!
თავის ჭკუაზე ვერ მათამაშებდნენ და ეგაა მიზეზი. სამი ბრაზილიელის მოყვანა უნდოდათ. უარი ვუთხარი, ერთზე დავთანხმდი. აზრი არ ჰქონდა სამის მოყვანას, ტყუილად უნდა მეხადა მაღალი ხელფასი, ბინა, კვება, გზის ფული 5000 დოლარი უნდა მიგვეცა.
კლუბის ხელმძღვანელობა მაწვებოდა, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი. მაგენი თუ რამეს მაიმუნობდნენ იქ, ეს არ მაინტერესებს.
რა ვქნა, ასეთი ვარ! მერის შვილი კი არა, ჩემი შვილი გავუშვი გუნდიდან, რადგან ტალანტი არ ჰქონდა, თორემ ფიზიკურად შედარებაც არ შეიძლება. ასევე დავითხოვე გუნდიდან ძმიშვილი და ჩვენი ტექნიკური დირექტორის, გია ტყებუჩავას შვილიც.
- მართალია თუ არა, რომ მერის შვილი იტალიაში თამაშობდა?
- სასაცილოა ეს. ოჯახის წევრი იტალიაში ცხოვრობდა. 15-16 წლისა იქაურ საფეხბურთო სკოლაში მიიყვანეს. მერი ამბობდა თურმე, მითხრეს - ცოტათი ფიზიკურად მოძლიერდეს და ავიყვანთო (!).
* * *
გია ტყებუჩავა, "კოლხეთის" ტექნიკური დირექტორი:
"ადრეც გამიშვეს გუნდიდან, მაშინ შტატების შემცირების საბაბით და "ნაციონალები" მოიყვანეს. ამ არჩევნებზე "ოცნების" მხარეს რომ ვიყავი, მაგიტომ მჩაგრავენ? როცა ქალბატონ ეკა ბესელიასთან შეხვედრა გვქონდა, მაჟორიტარი ყველანაირ მხარდაჭერას დაგვპირდა. მან იცოდა სიტუაცია და კარგად თქვა - ამიერიდან ფეხბურთში ვერავინ ჩაერევა, შვილების, ბიძების, მამების დრო დამთავრდაო, მაგიტომ გავარდა გუნდიო. მერმა ეს მოისმინა და ხმა ვერ ამოიღო".
* * *
ფოთის "კოლხეთის" მეკარეთა მწვრთნელს, მამუკა გვასალიას დავუკავშირდით.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ახლა თუ უნდა სოსო ფილიას, მოწმედ გამომიყვანოს, ვერ გამოვდგები. იმ შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ გინდა თუ არა, ჩემი შვილი ათამაშეო, ასეთი საუბარი არ ყოფილა. რა შუაში ვარ მე, რატომ უნდა სოსო ფილიას, მოწმედ გამომიყვანოს? პირდაპირი მოთხოვნა, რომ ჩემი შვილი ათამაშეო, მე არ მომისმენია", - აცხადებს მწვრთნელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს
ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!
ალბათ იყო მოთხოვნა და შეექმნა უხერხული სიტუაცია მაგრამ ბოლოს რა სისულელეს წერს...
სამი ბრაზილიელის მოყვანა უნდოდათ და არ მოვაყვანინეო...
ჯერ ერთი შენ უხდი ფულს? მეორეც ხომ ნახე რომ როსინისნაირი არავინ გყავდა გუნდში და იმ სამს იქნებ დაეტოვებინე ლიგაში? მესამეც თუ შვილის თამაში უნდოდა სამი ბრაზილიელის დროს ხომ საერთოდ ვერ მოხვდებოდა მაგის შვილი შემადგენლობაში და სადაური ლოგიკაა ეგ?
ვიცი ეს დაიწყებდა სხვა ქართველი ვითომსპეციალისტი კუტუებივით რად გვინდა ლეგიონერებიო, პერსპექტიული ფითელი ბავშვები ვათამაშოთო, აჰა, ათამაშა და გაედო კიდეც...