სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
სულ ახლახან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 22-ე ყრილობაზე, უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ მოითხოვა, რომ აუცილებლად აღდგენილიყო ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში აფხაზეთში მოქმედი სოხუმის, გალისა და ოჩამჩირის კლუბები და პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდა, საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ და ამ საქმეში მხარი დაგვიჭირეთო.

...სოხუმის "დინამო" 1936 წელს დაარსდა და დიდხანს იყო ქართველებისა და აფხაზების გამაერთიანებელი.

მაგრამ ორივე მტრის ხრიკებს ავყევით და "დინამო" ორად გაიყო - ერთი სოხუმში დარჩა, ქართველების გუნდი კი თბილისში დაბინავდა. მერე აქაური გუნდი დაიშალა და მხოლოდ უმცროსი ნოდარ ახალკაცის დროს აღდგა.

ფედერაციაში მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში "დინამომ" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა ისევ შეიწირა.

სოხუმის "დინამოს" აღდგენის ბოლო მცდელობა 2010 წლის 19 თებერვალს იყო. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომას, სფფ-ს ხელმძღვანელთა გარდა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი გია ბარამიაც დაესწრო და სწორედ იქ ითქვა სოხუმის "დინამოს" აღდგენაზე - ამ საქმეს უახლოეს პერიოდში უნდა დავადგათ თავიო.

იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ეკუთვნოდა. მისი თქმით, ფედერაცია ყველანაირად დაეხმარება ამ საქმის წამომწყებს. ცხადია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამაც და თავად გია ბარამიამაც მოიწონეს სიჭინავას შეთავაზება და გვეგონა, ყინული დაიძრა.

მაგრამ ამ საშვილიშვილო საქმეს მაშინაც ვერ მოება თავი - ღარიბი და წელში გაწყვეტილი ქვეყანა ამას ვერ ახერხებდა.

კვარაცხელიას განცხადებიდან ორ კვირაში "ლელომ" უმნიშვნელოვანესი ამბავი შეიტყო - სოხუმის "დინამო" აღდგა და მალე პირველ ლიგაში ითამაშებს.

მისი დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილია, კაცი, რომელმაც პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს საფეხბურთო კლუბი "იბერია" დააფუძნა, რომლის ბაზაზეც შემდეგ "მცხეთა" ჩამოყალიბდა და უმაღლეს ლიგაში ითამაშა, მისი ადგილი კი შემდეგ "ზესტაფონმა" დაიკავა.

მართალია, ბოლო წლებია, მამუკა ბიძინაშვილი ბიზნესში გადაერთო, მაგრამ ფეხბურთს წამითაც არ ჩამოშორებია:

Sportall.Ge- სოხუმის "დინამოს" ბედი ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აღელვებს. ის ფაქტი, რომ ამ კლუბს ვერ მოვუარეთ, ჩვენი სირცხვილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მარტო გურამ გაბისკირიას უპატივცემულობა იყო. კლუბის აღდგენას სწორედ მას ვუძღვნით.

დიდი ხანია, რაც ეს პროექტი მაქვს, მაგრამ მისი განხორციელება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გია ქურდაძისა და ჩემი დამუშავებული პროექტი ჯერ დიმა ჯაიანს გავაცანით და მთელი სულითა და გულით აიტაცა, რადგან ამ ვაჟკაცს ქართული საქმის კეთება უხარია.

მერე კი ჩანაფიქრის რეალიზებაში დაგვეხმარნენ მამუკა არეშიძე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე.

რომ არა ეს ადამიანები, პროექტი ვერ განხორციელდებოდა და სოხუმის "დინამო" ვერ გაცოცხლდებოდა.

- თანადგომა ერთია და კლუბს ნორმალური ბიუჯეტი ექნება?
- ის ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, რაც პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლისა და უმაღლესში გადასასვლელად სავსებით საკმარისი იქნება. მე ეს კარგად ვიცი, რადგან სოხუმის "დინამოს" აღდგენა ფულის საშოვნელად არ მსურდა.

- სად ითამაშებთ?
- "ამერის" სტადიონს ვიქირავებთ და ოფისიც იქვე გვექნება - ეს თითქმის, გადაწყვეტილია. მართალია, იქ მოედანი ძველებურად აღარ ბიბინებს, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელებისგან მივიღეთ გარანტია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საფარს მოაწესრიგებენ და იდეალურ მდგომარეობას მიუახლოებენ.

- რომელ ლიგაში ითამაშებთ?
- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში რეგისტრაცია უკვე გავიარეთ და განაცხადი პირველ ლიგაში შევიტანეთ. სხვათა შორის, გუნდი რომ დაიშალა, მაშინვე ითქვა - აღდგენის შემთხვევაში, სოხუმის "დინამოს" ადგილს უმაღლესში დაუბრუნებდნენ. მაგრამ ეს უტოპია იყო. ჩვენთვისაც აჯობებს, კლუბი თავიდან განვითარდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ გავძლიერდეთ და უმაღლესში საგზური ბრძოლით მოვიპოვოთ.

- სოხუმის "დინამოს" ვინ გაწვრთნის და ცნობილი მოთამაშეები თუ გეყოლებათ?
- გუნდის მწვრთნელი გამოცდილი უჩა ქანთარია იქნება. მას ადრე ბევრ კლუბში უმუშავია, უმაღლეს ლიგის თსუ-საც წარმატებით წვრთნიდა, შარშან კი "ლიახვს" ავარჯიშებდა. ჩვენი საქმე ფეხბურთში ცუდად იმიტომაც არის, საქმეზე გადამკვდარ ასეთ მცოდნე და ფანატიკოს სპეციალისტს ხელს რომ ვკრავდით.

რამდენიმე 20-22 წლის მოთამაშე უკვე მოვიყვანეთ: მეკარე აზნიაშვილი, მამუჩიშვილი, გეთიაშვილი, მინდორაშვილი, ძმები ქანთარიები. ბევრი მათგანი 2-3 წლის წინათ თბილისის "დინამოში" იყო და გუნდის მომავლად ითვლებოდა, ახალგაზრდული ნაკრების წევრები ან კანდიდატები იყვნენ, მაგრამ პატარა ბიჭებს ყველამ ხელი ჰკრა. მე კი მჯერა, მათზე დაყრდნობით, ძლიერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ, რადგან უჩა ქანთარიამ იცის, გუნდი როგორ ააშენოს.

- გუნდი უკვე დაკომპლექტებულია?
- არა, რა დაკომპლექტებული! მალე "ამერზე" სინჯებსაც დავიწყებთ და მჯერა, რომელიმე დავიწყებულ, მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას აუცილებლად აღმოვაჩენთ. ეს გუნდი ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცის სულისკვეთებით უნდა შეიქმნას და ნიჭიერებს გზა გავუხსნათ. გარდა ამისა, ერთ ხმაურიან ტრანსფერსაც შეიტყობთ - მალე ჩვენთან კონტრაქტს თბილისის "დინამოში" ნათამაშები ერთი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი გააფორმებს.

- ვინ იქნება გუნდის ხელმძღვანელი?
- ჯერჯერობით, ორი ვიცე-პრეზიდენტი ვართ, გია ქურდაძე და მე. პრეზიდენტის ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბის დირექტორთა საბჭო აირჩევს. მერწმუნეთ, ამ საბჭოში ბევრი კარგი ადამიანი გაერთიანდება.

გვინდა თუ არა, ამ კლუბის აღდგენას პოლიტიკური ელფერი ეძლევა, მაგრამ "დინამო" აფხაზებთან დასაპირისპირებად არ შექმნილა. ჩვენთან ქართველი, აფზახი და ოსი ფეხბურთელების შეკრება გვსურს, მათთან მეგობრობის აღდგენას ხელი რომ შევუწყოთ.

- ეს ძალიან ძნელი იქნება, შეუძლებელი თუ არა.
- უკვე მოვიყვანეთ ორი აფხაზი და ერთი ოსი ფეხბურთელი. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მეგობრობა, ძმობა და ერთად ცხოვრება შეგვიძლია. ეს ჩვენი ტკივილია და ადრე თუ გვიან, აფხაზეთში დავბრუნდებით და კვლავ ერთნი ვიქნებით.

ამ იდეამ ერთ-ერთი იტალიური სამენეჯერო ჯგუფი ისე აღაფრთოვანა, რომ "ვია რეჯოს" პრესტიჟულ ტურნირზე მიგვიწვიეს, სადაც ჩვენი თამაშები "რაი სპორტზე" გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის ადგილზე, და ამბიცია არ უნდა გაწუხებდეს, სამწუხაროდ ეს ესე არ არის, და ამიტომ ფანტაზიას თავი გავანებოთ. ვერასოდეს სოხუმის ,ცხუმი, ვერ იქნება ისეთი როგორიც იყო დაარსების დგიდან 1993 წლამდე , სანამ სათავეში იყო გურამ გაბესკირია. ამიტომ ცჰემო მეგობრებო, ფედერაციის უფროსი ყველაზე ცოტა ფეხბურტელი უნდა იყოს და არა ,,გაიშნიკი,, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს !!!
nodari
15:30 19-08-2014
0
rato agar wert arapers esec chaishalaa xooo
auffffff
14:50 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული