ეს ამბავი მასთან გადავამოწმეთ და ინფორმაცია დაგვიდასტურა:
- დიახ, ასეა. ბათუმის "დინამო" დავტოვე და ძველებურად ბავშვებს მივხედავ. აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და გუნდის ხელმძღვანელობის პარალელურად, 1996 წელს დაბადებულ ბავშვებს ვავარჯიშებდი, რომლებიც დასავლეთ ზონის ჩემპიონები გახდნენ.
- აჭარის რეგიონალურ ფედერაციას ხომ ხელმძღვანელობთ?
- დიახ, ამ ორგანიზაციაში დავრჩი.
- გუნდის ახალი დირექტორი ვინ არის?
- დროებით ამ მოვალეობას ჩემი მოადგილე იური ლორთქიფანიძე ასრულებს, მაგრამ მალე სხდომა გაიმართება
- პოსტიდან რატომ წახვედით?
- მივხვდი, რომ წასვლა აჯობებდა. არ მსურდა დაპირისპირების მონაწილე ვყოფილიყავი. ადრეც, როდესაც დირექტორი ვიყავი და ახლაც, როცა პოსტი დავტოვე, ერთი რამ მსურდა - ბათუმის "დინამოს" ქართულ ფეხბურთში საკუთარი ადგილი დაებრუნებინა, მაგრამ ჩვენს პატარა ქალაქში ამ თანამდებობისთვის ვინმესთან დაპირისპირების სურვილი არასოდეს მქონია.
მით უფრო, რომ წასვლა თავად ბევრად ადრე გადავწყვიტე - როდესაც უმაღლეს ლიგაში ადგილი მოვიპოვეთ, განცხადება დავწერე. მაშინ არ გამიშვეს, რადგან უკრაინელ ინვესტორებთან მოლაპარაკება დავიწყე და მთხოვეს, საქმე შუა გზაზე არ მიატოვოო.
- მაშინ კლუბი უარყოფდა "ლელოს" ინფორმაციას იმაზე, რომ ბათუმის "დინამოს" შეძენა ლვოვის "კარპატის" ყოფილ მეპატრონეს პეტრ დემინსკის სურდა...
- თავად უკრაინელების სურვილი იყო, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ინფორმაცია არ გაჟღერებულიყო.
- დემინსკიმ გუნდის აყვანა რატომ აღარ ისურვა?
- წარმოდგენა არ მაქვს. მე დირექტორობის ბოლო დღემდე ვთხოვდი, რომ ჩამოსულიყო და კლუბისთვის მიეხედა. მოკლედ, სწორედ ამ მოლაპარაკების გამო დავრჩი, თორემ ცხოვრებაში სკამს არ გამოვკიდებივარ და ახლა რატომ უნდა გავმხდარიყავი დაპირისპირების მიზეზი? თუ ჩემზე უკეთესად გაუძღვებიან საქმეს, ძალიანაც გამიხარდება.
ბოლოს და ბოლოს, დირექტორად კი არ დავბადებულვარ, მაგრამ მეგონა, რომ გუნდისთვის კარგ საქმეებს გავაკეთებდი. სწორედ ამიტომ ჩამოვიყვანე კობა ჟორჟიკაშვილი და გელა შეყილაძე.
ეს საქმეები საჩქაროდ იყო მოსაგვარებელი, რომ უმწვრთნელოდ არ დავრჩენილიყავით და ა.შ.
აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ მთელი წლის ბიუჯეტი არ გაგვინიავებია, ახალ დირექტორს წლიური დაფინანსების ნაწილი დავუტოვეთ და ბევრი სხვა კლუბივით დაფინანსებაზე ხვეწნა-მუდარა არ დასჭირდება.
* * *
შევიტყვეთ, რომ გუნდის დირექტორად ორი კანდიდატი განიხილება: პირველი ბათუმის და თბილისის "დინამოების" ყოფილი ფეხბურთელი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი ვახტანგ ქორიძეა.
მეორე კანდიდატი ასევე ვეტერან მოთამაშეთა ჯგუფმა წარადგინა, სადაც გაერთიანდნენ მალხაზ მახარაძე, ოთარ ფედიჩკინი, გია ცანავა და ირაკლი თორთლაძე.
კომენტარისთვის ორივე მხარეს დავუკავშირდით:
ვახტანგ ქორიძე:
"ჯერ არც ვიცი, რა მოხდება და გუნდს ვის ჩააბარებენ. ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიყავი მურთაზ ხურცილავასთან, გელა კეტაშვილთან და დავით ქლიბაძესთან ერთად. საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
მხოლოდ ის ვიცი - თუ დამიძახებენ, სიამოვნებით წავალ, მაგრამ ადგილისთვის "ჭიდაობა" ჩემს ხასიათში არ ზის. მთავარია, გუნდს ეშველოს და ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი დაიბრუნოს.
სირცხვილია, ასეთ საფეხბურთო და ფინანსურად ღონიერ რეგიონს უმაღლეს ლიგაში გუნდი რომ არ ჰყავს. "დინამოში" ვინც არ უნდა მივიდეს, მისი ამოცანა ამ პრობლემის მოგვარება იქნება".
მალხაზ მახარაძე:
"ჩვენ ჯერ არც ვიცით, ვინ გახდება ახალი დირექტორი, მაგრამ თუ ოთარ ფედიჩკინი დაინიშნება, ჩვენს ჯგუფს აქვს გეგმა - როგორ ავაღორძინოთ ბათუმის "დინამო".
გუნდის შენება ინფრასტრუქტურით უნდა დაიწყოს. ეს იქნება ის საფუძველი, რომელიც ასეთი ტრადიციული გუნდის მომავალს განაპირობებს. ჩვენი გეგმა ხუთწლიანია და ითვალისწინებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას, ინფრასტრუქტურის აშენებას და ბავშვთა ფეხბურთის წინ წამოწევას.
ახლა გუნდის მატერიალური ბაზა ნულის ტოლია - ბათუმში ხომ სტადიონი და ბაზა არ დატოვეს. მაგრამ 2014 წელს უნდა დაიწყოს 12 ან 15-ათასიანი სტადიონის მშენებლობა, რომლისთვისაც ორი ადგილია შერჩეული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
კლუბის ბიუჯეტის ნაწილი ანგარიშზეა, მაგრამ გვსურს, დამატებითი თანხები მოვიზიდოთ, მოლაპარაკებები ძლიერ კომპანიებთან დავიწყეთ და სერიოზული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჯგუფის მოსვლის შემთხვევაში, გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეაწუხებს.
სამარცხვინოა, რომ აჭარას უმაღლესში გუნდი არ ჰყავს - ეს პრობლემა პირველივე სეზონში უნდა მოვაგვაროთ და მერე არათუ ადგილის შესანარჩუნებლად, არამედ ევროსაგზურებისთვის ვიბრძოლოთ.
ამას გარდა, თუ გუნდი ჩაგვაბარეს, გვსურს ჩამოვიყვანოთ შოთა ჭეიშვილი, რომლის ხელშიც გუნდმა საუკეთესო შედეგებს მიაღწია და ხვიჩა ქასრაშვილი - ისინი ტანდემში იმუშავებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"