"ზუგდიდმა" რუსეთის პირველი ლიგის "ხიმკიდან" საბა ფიფია დაიმატა

AutoSharing Option
"ზუგდიდში" მიმდინარე მოვლენებზე "ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია, მაგრამ გუნდში ყოველდღე ახალი ამბები ხდება და ცხადია, მას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა "ზუგდიდს" ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ დართეს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან ფინანსური გარანტია მიიღეს. "ზუგდიდის" ანგარიშზე თანხა ჯერაც არ დარიცხულა, მაგრამ პრობლემის მოგვარებას დღე-დღეზე ელიან.

არადა, ამტკიცებდნენ, რომ ამ გარანტიის გარეშე უმაღლეს ლიგაში, შესაძლოა, "ზუგდიდს" ადგილი დაეკარგა, მის ნაცვლად კი ბათუმის "დინამოს" დაბრუნება განიხილებოდა.

საქმე ისაა, რომ კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იყო. ახლა ზაფხულია, მაგრამ წლიური თანხა
უკვე დახარჯულია. სწორედ ეს გახდა კლუბის ახალი დირექტორის, მალხაზ ჭეჟიას თავისტკივილი - როგორ მოიზიდოს თანხა, როდესაც ფული უკვე დახარჯულია.

სწორედ სახსრების სწორი განკარგვის მიზნით მიიღო სფფ-ის აღმასკომმა გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფი კლუბებს შეეხებოდათ: ამიერიდან იმ მენეჯერს, რომელიც ხაზინის ფულის დაუფიქრებელი ხარჯვით "გამოიჩენს" თავს, ფეხბურთში საქმიანობას სამი წლით აუკრძალავენ.

..."ზუგდიდის" ფინანსური პრობლემები კი, როგორც ჩანს, გადაწყდა. ჯერ იყო და, "ზუგდიდს" "ფერერო ინტერნეშენელის" შვილობილი კომპანია "აგროჯორჯია" დაეხმარა, რომელიც თხილის ბიზნესს აწარმოებს; მალე კი კლუბის ბიუჯეტში წლის ბოლომდე საკმარისი თანხის დარიცხვას ელიან.

...ორ კვირაზე მეტია, ზუგდიდელები "რუხის" ბაზაზე მთავარი მწვრთნელის გარეშე ემზადებიან, მაგრამ ის მალე დაინიშნება. ახალი დამრიგებლის კონსულტანტი კი კობა წიტაიშვილი იქნება - 25 ივლისს დაგვიდასტურეს, რომ კობა უკვე ზუგდიდშია და გუნდს წარუდგენენ.

გუნდს შეუერთდა და უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს მეკარე ზურაბ მამალაძე, რომელიც 2008 წელსაც იცავდა ზუგდიდელთა ღირსებას, როცა კლუბი "მგლების" სახელით ასპარეზობდა. მას შემდეგ იყო "ზესტაფონში", 24-ე ჩემპიონატი კი გორის "დილაში" დაასრულა. ზაფხულში "დილასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და "ზუგდიდში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მამალაძის საკითხი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ გაცხადდება, თუმცა ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, გამოცდილი მეკარე "ზუგდიდის" მაისურს რომ მოირგებს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გუნდმა თბილისის "დინამოდან" წამოსული მეკარე კოკა სეფიაშვილი და ბოლნისის "სიონის" ყოფილი თავდამსხმელი რევაზ ჯიქია დაიმატა.

ეს ხმები "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ უარყო, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია გაგვაცნო:

"დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფეხბურთელი რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ - პირველი ლიგის "ხიმკის" დუბლშემადგენლობისა და 19-წლამდელთა გუნდის მცველი საბა ფიფია. ის ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ფეხბურთელია".


საბას "ლელო" დაუკავშირდა და მოკლე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ქართველმა გულშემატკივარმა არაფერი იცის შენ შესახებ. იქნებ გაგვეცნო...
- 1996 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯვარში დავიბადე, მაგრამ ბოლო 9 წელიწადია, ოჯახთან ერთად, რუსეთში ვცხოვრობ.

ვარჯიშიც იქ დავიწყე. "ხიმკის" საფეხბურთო აკადემიაში შევედი. მერე "ხიმკის" ასაკობრივ გუნდშიც ამიყვანეს, 17-წლამდელების გუნდის კაპიტანი ვიყავი და ბოლო პერიოდში დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობდი.

- რა პოზიციაზე თამაშობ?
- ცენტრალური მცველი ვარ.

- შენით საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები არ დაინტერესებულან?
- როგორ არა. მადლობელი ვარ გიორგი დევდარიანის, რომელმაც ყურადღება მომაქცია და 17-წლამდელების ნაკრების შეკრებაზე მიმიწვია.

- ზუგდიდში რატომ ჩამოხვედი?
- რუსეთის მოქალაქე არ ვარ, ქართული პასპორტით კი ჩემს ასაკში რუსეთში თამაში ლამის შეუძლებელია. ამ პრობლემის გამო ზაფხულში ორი ძალიან კარგი ვარიანტი ჩამეშალა.

- რომელი გუნდები გიწვევდნენ?
- ორი მოსკოვური კლუბი - ჯერ "ტორპედო", შემდეგ მოსკოვის "დინამო". ამ უკანასკნელში ვვარჯიშობდი კიდეც, მაგრამ კონტრაქტის გასაფორმებლად ძალიან რთული პროცედურის გავლა დამჭირდა. დოკუმენტაციის მოგვარებამდე კი თამაშის უფლება არ მქონდა. ამასობაში დრო გადიოდა და უთამაშებლობას "ზუგდიდში" თამაში ვამჯობინე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული