ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს საკრებულოს წევრებმა ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვეს.
ზაზა ურუშაძე:
"სტადიონთან დავალიანება გვქონდა 22 000 ლარი, მაგრამ, როგორც ვიცი, ახლა 27 000-ზე ავიდა. პრობლემაა ისიც, რომ მოედანი, რომელიც ფედერაციამ გააკეთა, რთული მოსავლელია და მისი მოვლა თვეში 2 500-3 000 ლარი ჯდება.
ჩამოყვანილი გვყავდა ბალახის სპეციალისტები ფოთიდან, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ - მინდორი სპეციფიკურ მოვლას ითხოვს.
მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები - მონტაჟდება სკამები;
ორი გასვლითი თამაში გველის წინ და მესამე მატჩში კი, შეიძლება, ლანჩხუთში შევხვდეთ თბილისის "დინამოს". მანამდე თუ მოესწრო ეს ყველაფერი, კარგი იქნება".
- სპონსორის მოძიების მხრივ რა სიტუაციაა? - დაინტერესდა საკრებულოს წევრი მერაბ წილოსანი.
"გუნდი ამჯერად გრიგოლეთშია, სასტუმრო გვაქვს მათთვის ნაქირავები. ერთ თვის საფასური უკვე გადავიხადეთ და მეორე თვისაა გადასახდელი. 30 კაცის შენახვა 9 000 ლარი ჯდება. ჩვენივე სახსრებით ვკვებავთ, იმიტომ, რომ იაფი გამოგვდის და სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება ბაზას, დავალებული გვაქვს, რომ გავასუფთავოთ, იქვე, ახლოს ტყე გაიწმინდოს, რომელიც ქვეწარმავლებითაა სავსე.
ბაზის ნახაზი გაკეთებულია. სამჯერ შევხვდით ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დაგვპირდა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ეს ბაზა ჩვენ გადმოგვეცემა, რაც სპონსორის ძიებაში წინ წაგვწევს". - აღნიშნა გამგებელმა.
მისივე თქმით, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ გუნდიდან ვიღაცას უშვებენ, ვიღაცას ტოვებენ...
"რამდენჯერმე მომიხდა ყოფილ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან შეხვედრა. მათ ვუთხარი, რომ გააგრძელონ მუშაობა. არ მაინტერესებს არავის თანამდებობა, ვინ სად იქნება. ჩემთვის მთავარია, კლუბმა ფუნქციონირება გააგრძელოს და იქ იმ ხალხმა იმუშაოს, ვინც წარმატებას მოგვიტანს.
ახალი მწვრთნელი უკვე დაინიშნა - დავით მახარაძე, რომელთანაც შეხვედრის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ პროფესიონალია. გავუფორმებთ მას ხელშეკრულებას და ვნახოთ, რა შედეგს დადებს.
რაც შეეხება სპონსორს, ეს საკმაოდ რთული თემაა. ვისაც ფული აქვს, იმან კარგად იცის, რომ მოგებაზე ვერ იმუშავებს და სამ-ოთხ წელიწადს სარჩენი ეყოლება კლუბი. სამ ადამიანთან უკვე სერიოზულად მიდის მოლაპარაკება. ველოდებით ბაზის გადმოცემას, რადგან გვთხოვენ რეესტრის ამონაწერს, რომლის მიხედვითაც, ბაზა მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება.
მალე გვეცოდინება იმ 19 კაცის სია, რომლებიც ძირითად გუნდში დარჩებიან. თუ გაგვიჭირდა, შეიძლება, ერთი უკრაინელი ფეხბურთელიც დავამატოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ საიმისო თანხა არ არის, რომ უცხოელს ფული გადავუხადოთ. უკრაინელები ჩამოდიან 26-ში და შეიძლება, დაგვეხმარონ ერთი ფეხბურთელის შენახვაში.
თუ სპონსორი მოიძებნა, ცვლილებები ნამდვილად იქნება და ის თავად მიხედავს ყველაფერს.
მე კიდევ ერთხელ შევხვდები იმ ხალხს, ვისაც წვლილი მიუძღვის წინა წლებში გუნდის წარმატებაში და თუ ჩვენთან ურთიერთობის სურვილი ექნებათ, ყველასთვის კარი ღიაა.
იმის თქმა, რომ ფული დამიდეთ "კეისით" და მერე მე მოვალ, არ გამოვა. ფული რომ გვქონდეს, გერმანელებს ჩამოვიყვანთ. თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, უნდა დავიწყოთ ბავშვთა ფეხბურთით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით უმაღლესი ლიგისთვის - არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, სტადიონი, ფორმები... 60 000 ლარი გვჭირდება ამისთვის. ეს სალაპარაკოდ იოლია, მაგრამ როცა ფულზეა ლაპარაკი, ფაქტობრივად, მათხოვრად ვართ გადაქცეულები", - განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, 26-ში ელოდებიან უკრაინელებს და კიევის "დინამოსთან" ამხანაგური მატჩი უნდა ჩავატაროთ:
"მინდა, ამ დღისთვის სტადიონამდე მისასვლელი გზა მაინც გასუფთავდეს. შეიძლება პრემიერ-მინისტრიც დაესწროს თამაშს. ჩამოსვლა უნდა სამ მინისტრს. ეს იქნება ჩვენი რეკლამა".
მას ისევ მერაბ წილოსანმა მიმართა და გულისტკივილი გამოხატა იმათი წასვლის გამო, ვინც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა:
- რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც გუნდი წარმატებამდე მიიყვანა და ბევრი იბრძოლა ამისთვის? დღეს არც ერთი აღარ არის გუნდში!
ლანჩხუთის გამგებელმა თქვა, რომ გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა, "არა ისე, ფული "კეისით" დავუდოთ ვინმეს" - გაიმეორა მან.
ლანჩხუთის გამგებელს საკრებულოს წევრებთან არ დაუკონკრეტებია და ბევრი იფიქრებს, რომ "კეისით" ფულს მას კლუბის ძველი ხელმძღვანელობა სთხოვდა. თუმცა პირიქითაა - ძველი გუნდი ექვსეულში მოხვედრის გარანტიას საწყის ორ თვეში ფეხბურთელთა უფულოდ გაჩერების უზრუნველყოფით იძლეოდა. გამგებელი კი გულისხმობს სულ სხვა, მესამე გუნდს, რომელიც გამგებლისსავე თქმით, ფულის მოტანას სთხოვდა.
"ფული თუ მე მოვიტანე, რაში მჭირდება მაშინ ვინმე? მითხრეს, ფული "კეისით" მოიტანე და ჩვენ დავხარჯავთო. ასე არ გამოვა! თუ ფულს მოიტანენ, გუნდს მიხედონ; თუ არადა, რატომ უნდა მოვიყვანოთ?" - უკვირს გამგებელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"