დინამო თბ-ზესტაფონი 2:1 - იღბალი და გამძლეობა [VIDEO]

AutoSharing Option
სეზონს გამარჯვებით რომ დაიწყებს გუნდი, ამაზე უკეთესი შედეგი რა უნდა იყოს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრის მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგი, ალბათ, მაინც ფრე უნდა ყოფილიყო!

მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და დუშან უჰრინის გუნდმაც ახალი სეზონის სტარტზე უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა.

ვინც 11 აგვისტოს გამართულ "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩს თვალი მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ დიდი ვერაფერი სანახაობა იყო, თუმცა არ დავმალავთ: მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ფაქტობრივად, ორი კვირის წინათ შეკოწიწებული "ზესტაფონისგან" არცთუ ურიგო ფეხბურთის ჩვენება.

Sportall.Geისიც ფაქტია, რომ სერბმა
სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა დროის ძალიან მოკლე პერიოდში მაინც შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და "ზესტაფონის" უამრავი ახალწვეული ერთმანეთში როგორც შეთამაშდება, ამ კლუბისგან მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ. ანუ ისეთივე "ზესტაფონი" დაამშვენებს საქართველოს ჩემპიონატს, როგორიც გვახსოვს ბოლო 6-7 წლის განმავლობაში.

11 აგვისტოს კი ცოტა იღბალს და ცოტა ფიზიკურ გამძლეობას რომ არ დაეღალატებინა, იმერული კლუბი თბილისიდან, სულ მცირე, ქულას წაიღებდა.

ჰო, ძირითადი დროის დამთავრებამდე ათი წუთი იქნებოდა დარჩენილი, სტუმართა ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას დაღლა რომ დაეტყო; ყოველივე ეს ტრიბუნიდან ჟურნალისტებმა თუ შეამჩნიეს, "დინამოს" მთავარ მწვრთნელსაც როგორ გამოეპარებოდა და, ალბათ, ამიტომაც გააკეთა, ბევრის აზრით, დაგვიანებული შეცვლები.

ისე, "დინამოს" შემადგენლობაში ძალიან გაგვიჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე რომ ჩაეტარებინა; ანუ შეცდომებიც ბევრი ჩანდა დინამოელთა თამაშში და, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, მასპინძლები, ერთი შეხედვით, ქაოტურადაც უტევდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ჩემპიონის თამაშზე უარყოფითად ემოქმედა "სტიაუასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებას, - ყოველ შემთხვევაში, დინამოელების თამაშში სილაღე და ფანტაზია ეპიზოდურად თუ გამოკრთებოდა ხოლმე. მასპინძელთა რამდენიმე ფეხბურთელმა კი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და "დინამოს" გამარჯვება საბოლოოდ მაინც კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.

ინდივიდუალიზმის ხარჯზე
"სტიაუასთან" საპასუხო შეხვედრისგან განსხვავებით, დუშან უჰრინმა ძირითადში სამი ცვლილება განახორციელა: მარჯვენა მცველად დავით ხურცილავა ვიხილეთ, გიორგი გველესიანმა დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი, პატრიკ ვუომ კი - შეტევის წინა ხაზში.

ამპლუა შეეცვალა ჩისკოსაც - წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მატჩის ძირითადი ნაწილი... მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაატარა და მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებში დაიკავა "თავისი ადგილი".

საინტერესო იყო "ზესტაფონის", ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდის ტაქტიკური განლაგებაც: რატკო დოსტანიჩმა "კლასიკური" 4-4-2 არჩია და თავდასხმის წინა ხაზში ორი ახალწვეული, ახალგაზრდა ირაკლი ქობალია და გამოცდილი გიორგი ადამია გაამწესა.

ქობალიას ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია: ტრავმის გამო ამ ფეხბურთელს წინა სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა, თუმცა კვირას გამართულ მატჩში საკმაოდ აქტიური გახლდათ და გოლიც გაიტანა, როცა ჩინებულად ისარგებლა დინამოელთა უკანახაზელთა მიუტევებელი შეცდომით.

გამოცდილ გიორგი ადამიას კი საფეხბურთო ოსტატობა არასდროს დაეწუნებოდა და ეს "დინამოსთან" მატჩში რამდენჯერმე ნათლად გამოჩნდა!

ცნობისათვის, ადამიასაც ბევრი გაუცდა წინა სეზონში, თუმცა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე რამდენჯერმე სერიოზული პრობლემა შეუქმნა მეტოქეს. მეორე ტაიმში კი მახვილი კუთხიდან ისეთი "გაისროლა", იმ ბურთის ამღები ვერც ერთი მეკარე ვერ იქნებოდა, - მასპინძლები მეორე გოლისგან ძელმა გადაარჩინა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა და ერთი-ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ვნახეთ; სტუმართაგან ადამიას დარტყმაა აღსანიშნავი, გიორგი ლორიას იოლი ნადავლი რომ გახდა; მასპინძელთაგან კი ჩისკოს სახიფათო საჯარიმო და ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმებს თუ გამოვყოფდით.

თუმცა "დინამომ" პირველ ტაიმში მაინც შეძლო გოლის გატანა: გიორგი მერებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან წამოიღო ბურთი, ცენტრში შეიწია და დაახლოებით 23 მეტრიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ვახტანგ ჭანტურიშვილის აქტიურობით ქობალიამ საპასუხო გოლი რომ გაიტანა.

მალე ეს "დუეტი" ყურადღების ცენტრში კვლავაც მოექცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ქობალიამ ზუსტად ვერ დაარტყა. ამასობაში "დინამოც" ცდილობდა თამაშში გარდატეხის შეტანას, მაგრამ ჩისკო-ხურცილავას კომბინაცია ვუომ ზუსტი დარტყმითვე ვერ დააგვირგვინა, - არადა, მასპინძელთა კოტდივუარელი ლეგიონერი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფებოდა.

გოლის გატანის შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ დორინ გოგასაც: რუმინელი ნახევარმცველი ორჯერ აღმოჩნდა კარგ პოზიციაში, მაგრამ ორჯერვე არაზუსტად დაარტყა.

აქვე სტუმართა მეკარის და კაპიტნის, როინ კვასხვაძის დამაჯერებელი თამაშიც უნდა აღვნიშნოთ მეორე ტაიმის განმავლობაში. თუმცა სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და დროის გაყვანასაც არ ერიდებოდნენ (განსაკუთრებით, ბრაზილიელი ახალწვეული რენე ფერეირა).

ჰო, ის ეპიზოდი კინაღამ გამოგვრჩა: ჯაბა დვალმა მეტოქის საჯარიმოში ორი მეურვე ოსტატურად რომ ჩამოიცილა, მაგრამ კვასხვაძემაც ჩინებულად ითამაშა.

მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ (ჩვეულად, ობიექტურად რომ იმსაჯა) ძირითად დროს 5 წუთი დაამატა და, სავარაუდოდ, 94-ე წუთი იქნებოდა, ახალგაზრდა დათა ხოჭოლავამ ბოლომდე რომ იბრძოლა და ბურთი იქვე მდგომ ჩისკოს გადააწოდა; ესპანელმა ფორვარდმა კი (მთელი მატჩის განმავლობაში, ისე, როგორც "სტიაუასთან" ორივე დაპირისპირებაში, უჩვეულოდ ინერტული რომ გახლდათ) გადამწყვეტი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და თავის გუნდს სეზონის სტარტზე პირველი გამარჯვებაც მოუტანა.

"ზესტაფონი" კი ალალად შეგვეცოდა, მაგრამ თამაში ხომ მსაჯის საფინალო სასტვენამდეა.

საქართველოს XXV ჩემპიონატის I ტურის სხვა მატჩები
სიონი-დილა 1:2 - გრიგოლ დოლიძის მეორე სუნთქვა [VIDEO]
ტორპედო-მეტალურგი 1:1 - გულდაწყვეტილი მასპინძელი [VIDEO]
მერანი-სპარტაკი 2:1 - მოგებაც და ხარისხიც
ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - ვიტელთა ახალი ჯანი: ლობ-ჯან-იძე
ზუგდიდი-ჩიხურა 1:3 - საჩხერელთა კარგი სტარტი

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზესტაფონი იმსახურებდა გამარჯვებას მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინ არის,ზესტაფონი სულ ცოტა ხანში დადებს თავის შედეგს
0
ამ თამაშში თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას ეს იყო ზესტაფონი. ეს გუნდი იმსახურებს, რომ ყავდეს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, მომეწონა თამაში პირველი თამაშის კვალობაზე არ იყო ცუდი. ჭანტურიშვილი ყოჩაღ! ეს რა ძაან მაგარი ფეხბურთელი გვყოლია, არ ვიცოდი!
შაკო
14:12 12-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული