უმაღლესი ლიგის II ტურის წინ: ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ პრინციპს...

AutoSharing Option
...ნეტავ ასეთი დამაინტრიგებელი მატჩები ყოველ ტურში იყოს: 17 აგვისტოს, ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი და ორი ფავორიტი, ევროტურნირებს შემორჩენილი ორადორი ქართული კლუბი ერთმანეთს გორში დაუპირისპირდება!

"დილა"-"დინამო" ტურის კი არა, პირველი წრის ცენტრალური მატჩია და რაც უნდა ხმამაღლა ამტკიცოს ამ წყვილის რომელიმე წარმომადგენელმა, რომ ამ შეხვედრას ევროპალიგის პლეიოფისათვის მოსამზადებლად უფრო განვიხილავთო, ამ ყველაფერში ბოლომდე ვერ დავეთანხმებით. იმიტომ, რომ უკვე მეორე სეზონია, დღევანდელ მეტოქეთა დაპირისპირებას პრინციპული ხასიათი აქვს!

რა თქმა უნდა, უადგილოც იქნება, მეორე ტურის შეხვედრას "საჩემპიონო მატჩი" ვუწოდოთ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია,
17 აგვისტოს დაგეგმილი პაექრობა ორივე გუნდის ხელმძღვანელებისა თუ მწვრთნელებისათვის ჩვეულებრივი თამაში რომ ვერაფრით იქნება...

ისე, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს მატჩი უნდა გადადებულიყო და სხვა დროს ჩატარებულიყო; მიზეზად კი, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტი მოჰყავდათ, რომ მომავალ კვირაში "დილასა" და "დინამოს" ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები ელოდებათ.

რაზეა ლაპარაკი, - ყველამ უნდა ვიზრუნოთ ქართული კლუბების ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობისათვის. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ 22 აგვისტომდე (ანუ, "რაპიდი"-"დილა" და "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩებამდე) ორივე გუნდის ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად თუ, საერთოდ, სრულფასოვანი მომზადებისათვის ოთხი დღე რჩებათ.

მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ სეზონი ახალი დაწყებულია და გადაღლაზე არავინ უნდა დაიწუწუნოს, - აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ევროპაში ჩვეულებრივ ამბად აღიქმება ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება. ოღონდ, ისიც დავძინოთ, რომ ასეთი შემჭიდროებული გრაფიკით უცხოეთში, ფაქტობრივად, სეზონის განმავლობაში თამაშობენ, ჩვენთან კი, იშვიათი შემთხვევაა.

მოკლედ, ჩვენც იმ "უმცირესობის" მხარეს ვართ, ვისაც მიაჩნია, რომ "დილა"-"დინამოს" დღევანდელი დაპირისპირება არ უნდა გადადებულიყო! სხვა საქმეა, მომდევნო ტურის "ამბავი", რომელიც მართლაც ღირს დაფიქრებად: "დილამ" და "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩები მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგით რომ დაამთავრონ, 25 აგვისტოს დანიშნული III ტური, ალბათ, უნდა გამოტოვონ კიდეც...

შარშანდელიც კი მახსოვს...
ისე როგორც წინა სეზონში, საჩემპიონო დავა ამჯერადაც "დილასა" და "დინამოს" შორის უნდა წარიმართოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა და სეზონის მსვლელობისას თუ კიდევ რომელიმე გუნდს (სავარაუდოდ - "ზესტაფონს") გაუჩნდება საჩემპიონო ამბიცია, ამაზე კარგი რა უნდა იყოს;

თუმცა, ისევ შაბათს გასამართ დაპირისპირებას დავუბრუნდეთ, ორივე გუნდის მწვრთნელისთვის პრინციპულ ხასიათს რომ უნდა ატარებდეს.

მოგეხსენებათ, რომ 2011/12 წლების სეზონის მეორე ეტაპზე გიორგი დევდარიანი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, თუმცა ამ პოსტზე დიდხანს არ უმუშავია. სამიოდე დღის წინათ, გიორგი დევდარიანი "ლელოს" სტუმრობდა და თქვა კიდეც: "საკუთარი იდეების ბოლომდე რეალიზება ვერ მოვახერხეო"; ანუ, არც დაუმალავს, რომ გულში წყენა თუ არა, გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დარჩა და "დინამოსთან" ერთგვარი რევანშის სურვილიც გააჩნია.

თანაც, ჩემპიონატის ნომერ პირველ ფავორიტთან შეხვედრას "დილა" ხომ მშვენიერი განწყობით ხვდება: ახალ სეზონში გუნდმა ხუთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა!

არანაკლები მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტსაც, რომ "დილამ" ამ სეზონში პირველი მატჩი უნდა ჩაატაროს... გორში!

ჰო, თითქმის სამი თვეა, ადგილობრივ გულშემატკივარს თავისი გუნდი გორში არ უნახავს და, აქედან გამომდინარე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სოლიდურ დასწრებას უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ "დინამოც" არ იქნება მხარდაჭერის გარეშე და კლუბის ერთგული ფანები პრინციპულ მეტოქესთან მატჩში ქომაგობას არ მოაკლებენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

ისე, უნდა ვაღიაროთ: "დილას" წარმატებული ასპარეზობა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს გაახარებდა.

თუმცა, გორელთა გუნდის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა... ერთგვარად ჩრდილშიც მოაქცია თბილისის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგაზე მართლაც სოლიდურ კლუბთან, რუმინულ "სტიაუასთან" დამარცხების შემდეგ დუშან უჰრინს კრიტიკოსებიც მოუმრავლდა! ამას დაემატა ისიც, რომ ჩემპიონატის სასტარტო ტურში "დინამომ" ძალიან დიდი გაჭირვებით შეძლო ფაქტობრივად, ორი კვირის წინათ ჩამოყალიბებული "ზესტაფონის" ძლევა.

მოკლედ, იმის გარდა, რომ შაბათს გასამართი მატჩის მონაწილე ორივე გუნდის ფეხბურთელთა საინტერესო პაექრობას უნდა ველოდოთ, არანაკლებ ინტერესს იწვევს მწვრთნელების "დუელიც". მით უფრო, რომ დუშან უჰრინმა კარგად იცის, თუ როგორ შეიძლება "დილას" დამარცხება: წინა სეზონში სწორედ "დინამო" იყო, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გორელთა გუნდის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია რომ შეწყვიტა და უშუალო კონკურენტი პირწმინდად დაჩაგრა (3:0).

აღარაფერს ვამბობთ ასევე წინა სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაზე: 27 აპრილს გორში ჩატარებულ მართლაც "საჩემპიონო მატჩში" მიკელ ალვაროს სუპერგოლით და გიორგი ლორიას ჩინებული თამაშით "დინამომ" ოქროს მედლების მომტანი 3 ქულა მოიპოვა!

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ასევე წინა სეზონში მოხდა კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტი: პირველი წრის მატჩში, "დილამ" რომ 2:0 მოიგო, ეს იყო ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში გორელთა გუნდის პირველი გამარჯვება თბილისის "დინამოსთან"!..

იმერულ-უცხოური დერბი
ამ ტურს კიდევ ერთი ინტრიგა ახლავს: ბოლო წლების ყველაზე საინტერესო, "იმერული დერბი"!

იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდში თითზე ჩამოსათვლელია იმ ფეხბურთელთა რიცხვი, რომელთაც სხვადასხვა დროს "ზესტაფონი"-"ტორპედოს" დაპირისპირებებში მიუღიათ მონაწილეობა, დღევანდელი, რიგით XIX "იმერული დერბი" მაინც უდიდეს ინტერესს იწვევს.

მოგეხსენებათ, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ ორივე იმერულ კლუბში უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა.

ამას გარდა, ერთიხანობა, სულაც "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა: საქართველოს ორგზის ჩემპიონს "ზესტაფონს", სავარაუდოდ, ამ სეზონშიც გარკვეული ამბიცია უნდა ჰქონდეს.

ეს ჩვენი ვარაუდი პირველი ტურის მატჩმაც გაამყარა, როცა სრულიად ახალი ფორმაციის "ზესტაფონმა", სადამდეც გაძლო, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია თბილისის "დინამოს".

არანაკლებ კი არა, ალბათ, ბევრად უფრო გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა ახალ სეზონს "ტორპედოც", რომლის მომთხოვნი გულშემატკივრებისათვის ნებისმიერი "იმერული დერბი" (თასზე იქნება თუ ჩემპიონატში) კალენდარულ მატჩზე ბევრად მეტია...

..."ზესტაფონი"-"ტორპედოს" მატჩები მუდამ დაძაბულობით გამოირჩევა-ხოლმე, თუმცა 17 აგვისტოს გასამართ შეხვედრას სხვა დატვირთვაც ექნება: პირველი შემთხვევაა, რომ "იმერული დერბის" მონაწილე ორივე გუნდს უცხოელი მწვრთნელი დამოძღვრავს!

მაშ, ასე: სერბი რატკო დოსტანიჩი ("ზესტაფონი") და ესპანელი ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედო") თავიანთთვის პირველ "იმერულ დერბიში" მიიღებენ მონაწილეობას და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება შაბათს ორივე უცხოელი სპეციალისტი...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. I ტურის გოლები [VIDEO]
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 1 /
კრიტიკოსები იმიტომ კი არ მოუმრავლდა რომ სტიაუასტან წააგო, იმიტომ რომ გუნდი ფეხბურთს არ თამაშობს... შარშან გაცილებით კარგი გუნდი იყო დინამო და არ დამიწყოთ ახლა ჯერ სეზონის დასაწყისია და ასე და ისე, სეზონის დასაწყისია ყველასთვის..
PARFIUMER
13:32 17-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული