ბევრი გუნდისგან განსხვავებით, "საბურთალო" მყარ საფუძველზე დგას და პირველი ლიგის მოთხოვნებს უპრობლემოდ პასუხობს: სამედიცინო უნივერსიტეტში მდებარე სტადიონზე 1 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები იყო, ახლა გააორმაგეს და 3 000 მაყურებელსაც უპრობლემოდ დაიტევს.
მოთხოვნებს პასუხობს საფარი, გასახდელები, სამსაჯო და დელეგატების ოთახები.
სანამ უშუალოდ გუნდზე გადავიდოდეთ, აქვე ვიტყვით, რომ ზაფხულში საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ესპანელი ანდრეს კარასკო ჩაუდგა სათავეში. თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - ესპანური Sport-ის ცნობით, კარასკომ მექსიკურ "სანტოს ლაგუნაში" გადასვლას "საბურთალოში" მუშაობა ამჯობინა.
ჩვენი ინფორმაციით, მალე "საბურთალო" ერთ-ერთ ესპანურ გრანდთან თანამშრომლობის გეგმებსაც გაასაჯაროებს. მანამდე კი გუნდი პირველი ლიგის სტარტისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც შარშან გორის "დილამ" ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მიაღწია. საფეხბურთო სკოლაში კი სწორედ "დილადან" წასვლის შემდეგ მუშაობდა და უფროსი ასაკის გუნდს ავარჯიშებდა.
"კარასკო უკვე ჩამოვიდა, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და ცხადია, სერიოზული გეგმებიც გვაქვს. პირველ ლიგაში თამაში "საბურთალოს" იმიტომაც სურს, რომ ნიჭიერი ბავშვები დავაკვალიანოთ და სწორად გავზარდოთ.
ბევრი მოთამაშე გვიან იხსნება და რომ არ დაიკარგონ, ასეთ გუნდში თამაში სჭირდებათ.
ამას გარდა, ჩვენი სურვილია, რომ "საბურთალო" გახდეს არა მხოლოდ ჩვენი უბნის, არამედ ყველა თბილისელისთვის საყვარელი კლუბი. ჩვენთან მუშაობა სწორი გზით მიმდინარეობს და იმედია, ეს შრომა მალე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება", - ამბობს შალამბერიძე.
"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბმა ორი შეკრება გაიარა:
"პირველი, ათდღიანი მოსამზადებელი ეტაპი ბორჯომში გვქონდა, მეორე 2-კვირიანი იყო - სტამბულის გარეუბანში. სულ თურქეთში 4 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ I და II ლიგის კლუბებთან: ორი მატჩი 2:2 დავასრულეთ, ორშიც დავმარცხდით - 2:3 და 3:4.
მაგრამ ჩვენთვის თურქულ შეკრებაზე მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად შედეგი, რამდენადაც გუნდის შეთამაშება და ბავშვებისთვის დიდების ფეხბურთთან ადაპტაცია".
"საბურთალო" საფეხბურთო სკოლაა და ცხადია, გუნდის უპირველესი ამოცანა საკუთარი აღზრდილების დაწინაურებაა. თუმცა შალამბერიძე ამბობს, რომ გუნდში მიწვეული ფეხბურთელები და ლეგიონერებიც კი იქნებიან:
"საბურთალოს" ბირთვს 1996 წელს დაბადებული ბავშვები შეადგენენ. გვყავს რამდენიმე 97-წლიანიც, მაგრამ ასეთი შემადგენლობით პირველ ლიგაში გაგვიჭირდება, თანაც, ბავშვები გამოცდილი მოთამაშეების გვერდით უფრო გაიზრდებიან. აქედან გამომდინარე, ორი აფრიკელი დავიმატეთ - 21 წლის ნიგერიელი და 19 წლის ლიბიელი.
ახლახან კი გადაწყდა, რომ ჩვენთან გამოცდილი რევაზ გოცირიძე და ზურაბ მენთეშაშვილიც ითამაშებენ. ისინი ბავშვების აღზრდაშიც დაგვეხმარებიან და მოხარულები ვიქნებით, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი სკოლის მწვრთნელებიც გახდებიან.
ასეთი გამოცდილი და წესიერი ხალხის გვერდში დგომა ჰაერივით გვჭირდება. საერთოდ, "საბურთალოს" პრინციპია, გუნდშიც და მწვრთნელებადაც ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი მოვიზიდოთ. გოცირიძე და მენთეშაშვილი სრულიად უანგაროდ დაგვიდგნენ გვერდში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"