მერანი-ზუგდიდი 2:0 - გამარჯვება კითხვის ნიშნის გარეშე

AutoSharing Option
სამტრედიაში გამართული "მეგრული დერბი" დანიშნულ დროზე 10 წუთით გვიან დაიწყო. ამის მიზეზად სასწრაფო დახმარების დაგვიანება დასახელდა. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, ეს არც უნდა გვიკვირდეს...

თავად მატჩი კი კიჭი მელიავას გარღვევებითა და სტუმრების კართან შექმნილი კრიტიკული მომენტებითაა აღსანიშნავი.

საწყისი წუთების განმავლობაში მარტვილელები არ მოსცილებიან მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს. შეტევა განსაკუთრებით კარგად ვითარდებოდა ფლანგებიდან, სადაც აკაკი შულაია და პაპუნა ფონიავა დრიბლინგებით უგებდნენ ბრძოლას დათა რიგვავასა და როინ ონიანს.

Sportall.Geმათ გარდა, "მერანიდან" თავი შოთა ბაბუნაშვილმაც დაგვამახსოვრა, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, ბევრს მოძრაობდა, შეიძლება ითქვას, მოედნის
ბატონ-პატრონიც კი იყო.

მთლიანობაში, მატჩს სანახაობრივი არ ეთქმის, თუმცა დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა. პირველი ხიფათი მერანელებმა შექმნეს: შულაიას ჩაწოდებულ ბურთს ფონიავამ შეუცვალა მიმართულება და ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

გულხელდაკრეფილები არც ზუგდიდელები ყოფილან. ირაკლი ეხვაიას ახლო მანძილიდან შეეძლო გატანა, თუმცა ჯონი შეროზიამ დამაჯერებლად ითამაშა.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში წარიმართა. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრალურ ზონაში მიმდინარეობდა. შესვენებამდე გოლის გატანის ჩინებული შანსი ქარს გაატანეს გივი ქარქუზაშვილმა და შალვა კვანტალიანმა.

42-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს საწადელს - ექსზესტაფონელმა ბაბუნაშვილმა შესანიშნავად შეასრულა "სტანდარტული" - 1:0. ეს ბაბუნაშვილის პირველი გოლია "მერანის" შემადგენლობაში.

მეორე ნახევარში სტუმრებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს და აქტიურადაც შეუტიეს. გამოსარჩევია ლუკა გუგუჩიას მომენტები. მან ორჯერ საკმაოდ ძლიერად დაარტყა მერანელთა კარის მიმართულებით, თუმცა შეროზიას ერთხელაც ვერ აჯობა. თავის გამოჩენის შანსი დაკარგა გიორგი მელქაძემაც.

ამის შემდეგ შეტევები მასპინძლებმა გაამწვავეს და რამდენიმე უშედეგო იერიშის შემდეგ პენალტიც მოიპოვეს. ნიკოლოზ აფაქიძემ საკუთარ საჯარიმოში კვანტალიანის წინააღმდეგ დაარღვია წესები, თუმცა შეცვლაზე შესულმა კუჭუხიძემ 11-მეტრიანის ნიშნულიდან ანგარიშის გაზრდის იდეალური შანსი ვერ გამოიყენა - სტუმართა მეკარემ ბურთი ხელებში გააქვავა.

სამაგიეროდ, კუჭუხიძემ შეცდომა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოასწორა. მელიავამ მარჯვენა ფრთაზე შესანიშნავი სოლო-რეიდით რამდენიმე მცველი ჩამოიცილა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც თავურით დასწრებაზე ზუსტად ითამაშა კუჭუხიძემ - 2:0.

"ზუგდიდმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ქულათა მარაგის შევსება მათ, უპირველესად, უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში მართებთ, "მერანმა" კი გამარჯვება ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოიპოვა.

მატჩის შემდეგ
კობა წიტაიშვილი ("ზუგდიდის" მწვრთნელი):
"მერანმა" დამსახურებულად და ღირსეულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. "ზუგდიდის" ფეხბურთელების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს - რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მომავალში კიდევ მოვუმატებთ. უახლოეს დღეებში დაგვემატებიან ეგვიპტელი ფეხბურთელები - ამირ ამზი მეგაჰადი და ჯამალ ჰამზა. ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა".


მალხაზ ჟვანია ("მერანის" მწვრთნელი):
"დაძაბული თამაში გამოვიდა, "კოლხური დერბი" ხომ ამის გარეშე წარმოუდგენელია? ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და, შესაბამისად, საბოლოო ანგარიშიც ლოგიკური მგონია.

ჩვენი სისუსტე მომენტების გამოუყენებლობაა, რასაც აუცილებლად გამოვასწორებთ".


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული