სანდრო გურული: ზესტაფონი-დილას მატჩში მოიგებს ის, ვინც უფრო მეტად მოინდომებს

AutoSharing Option
დიდი ხანი არ არის, რაც 27 წლის შემტევი სანდრო გურული "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდა. მას საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, ბოლოს გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოში" იყო, მანამდე კი ოთხი სეზონი ლვოვის "კარპატიში" გაატარა.

ის გია გურულის ვაჟია, რომელმაც ფეხბურთელის კარიერის ბოლო წლები საფრანგეთში გაატარა და სანდრომაც იქიდან დაიწყო საფეხბურთო გზა.

13 სექტემბერს "ზესტაფონი" გორის "დილას" მასპინძლობს და, ალბათ, გურულსაც მიეცემა ყოფილ გუნდთან თავის გამოჩენის შანსი. მანამდე კი ის "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- წინა სეზონის დასრულების შემდეგ ახალ გუნდში
მყისვე არ გადასულხართ. რა იყო ამის მიზეზი?

- ერთ-ერთმა აგენტმა შვეიცარიული "სიონის" ვარიანტი შემომთავაზა, ერთკვირიანი სინჯები იყო. წინა სეზონს რომ ვამთავრებდი, ტრავმა მივიღე და ბოლომდე მოშუშებული არ მქონდა. ამის გამო არ ვიყავი კარგად მომზადებული. "სიონში" რომ მივედი, ამ გუნდის ფეხბურთელები უკვე კარგად იყვნენ მომზადებულები და ჩემთვის მათთან ერთად თამაში ძალიან ძნელი გამოდგა - ვარჯიში ხომ ახალი დაწყებული მქონდა. ტრანსფერიც ამიტომ არ გამოვიდა.

- "ზესტაფონი" რითი აღმოჩნდა მიმზიდველი თქვენთვის? რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?
- მომწონს ის პირობები, რაც "ზესტაფონს" აქვს, მწვრთნელთანაც ვისაუბრე და ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერდი ხელს.

- გია გურული რას აპირებს? საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავს თუ ისევ საქართველოში სურს მწვრთნელობა?
- მამაჩემი ჯერ ისვენებს, ადვილი სეზონი როდი ჰქონდა. საფრანგეთში წასვლას აპირებს... ვნახოთ, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია.

- "ზესტაფონში" ჯერ ერთხელ ითამაშეთ, წინა ტურში შეცვლაზე შეხვედით "ჩიხურასთან"...
- საქმე ისაა, რომ ჯერ არ ვარ ასი პროცენტით მზად. "სიონიდან" რომ წამოვედი, ერთი თვე მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. სირბილი და ტრენაჟორი კარგია, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში და თამაში სულ სხვა არის. ერთი სიტყვით, ადაპტაციისთვის დრო მჭირდება.

- ახლა გორის "დილასთან" გიწევთ თამაში. ალბათ, იმის მოლოდინში ხართ, რომ მწვრთნელი ისევ შეცვლაზე შეგიყვანთ...
- არ ვიცი... შესაძლოა, მეორე ტაიმში შევიდე მოედანზე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. "დილაში" გატარებული დრო კარგად მახსენდება. ახლა კი იმის სურვილი მაქვს, რომ "ზესტაფონისთვის" ვიბრძოლო.

- ამ დაპირისპირებაში ფავორიტად "დილა" მოჩანს. ფაქტია, რომ გორელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, ევროსარბიელზეც რიგიანად ითამაშეს...
- მე "ზესტაფონის" მჯერა, რადგან ჩვენს გუნდს კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. მოიგებს ის, ვინც უფრო მეტად მოინდომებს.

- მიმდინარე სეზონში "ზესტაფონის" ცუდი სტარტი რისი ბრალი უნდა იყოს?
- ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა ფაქტია, რომ "ზესტაფონში" ბევრი ახალი ფეხბურთელია, მწვრთნელიც ახალია და გუნდის ჩამოყალიბება ასე უცბად არ ხდება.

- "ზესტაფონის" სერბი თავკაცი რატკო დოსტანიჩი რომელ პოზიციაზე ხედავს სანდრო გურულს?
- ალბათ, უფრო ფლანგებზე. "ჩიხურასთანაც" შეტევის მარცხენა ფლანგზე ვითამაშე.

- ზესტაფონში ცხოვრება ზოგ ფეხბურთელს უჭირს. თქვენ როგორ ეგუებით ამ ქალაქს?
- ზესტაფონთან ახლოს ჩემი სოფელია - საზანო. შეიძლება ითქვას, რომ აქაურობა ჩემთვის უცხო არ არის. საფეხბურთო პირობები კი ზესტაფონში მართლა ძალიან კარგია.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აქაურ გულშემატკივრებს, მათ ძალიან კარგად მიმიღეს. ჩემი თხოვნა იქნება, ქომაგმა ყოველთვის დაგვიჭიროს მხარი, უფრო მეტი გულშემატკივარი მოვიდეს "ზესტაფონის" მატჩებზე და ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის V ტურის წინ: საშემოდგომო მარათონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული