ვილი ისიანი: ბოლნისის "სიონიდან" გაშვებამ სტიმული მომცა

AutoSharing Option
სეზონის დაწყებამდე ვილი ისიანი ბოლნისის "სიონმა" ლანჩხუთის "გურიაში" იჯარით გაუშვა.

შესაძლოა, იმ დროს გიორგი კიკნაძის არგუმენტი მისაღები იყო - 22 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონატის 21 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, გუნდს კი შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი სხვა თავდამსხმელებს დაეყრდნო.

მაგრამ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია - "გურიაში" ისიანი ისე ათამაშდა, პირადად მისი დამსახურებაცაა, გუნდმა 4 მატჩიდან 2 რომ მოიგო: გურულებმა მარტვილის "მერანი" სწორედ მისი გოლით დაამარცხეს (1:0), თბილისის "დინამოსთან" მოგებულ მატჩშიც ანგარიში ისიანმა გახსნა და თავისიანების წარმატებას სათავე დაუდო
(2:1).

2 მატჩში გატანილი 2 უმნიშვნელოვანესი გოლით ისიანი ჩემპიონატის ბომბარდირებშია და გურულებსაც მისი ეიმედებათ - მოულოდნელად, ლანჩხუთელებმა საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელი შეიძინეს და ეს იმ დროს, როცა ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე, გუნდიდან მოთამაშეთა წასვლის გამო, ელემენტარულად, პოზიციის შევსებაზე ფიქრობდნენ.

"იცით, რამ იმოქმედა ჩემზე? მეგონა, რომ ლანჩხუთში სათამაშო პრაქტიკისთვის მივდიოდი. მოულოდნელად, საკმაოდ კარგ და მეგობრულ გუნდში მოვხვდი.

"გურიაში" ისეთი ფეხბურთელები დამხვდნენ, ერთმანეთს ადვილად რომ გავუგეთ მოედანზეც და მოედნის მიღმაც.

შესაძლოა, ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ეს ორი გამარჯვება შემთხვევითი არაა, სწორედაც მეგობრული ატმოსფეროს შედეგია. მიმაჩნია, რომ მართლაც კარგი გუნდი ყალიბდება",
- ამბობს ისიანი.

ლანჩხუთელთა თავდამსხმელი ამბობს, რომ "სიონიდან" გაშვების შემდეგ ცხვირი არ ჩამოუშვია:

"პირიქით, ამან დიდი სტიმული მომცა, საკუთარი შესაძლებლობები რომ დამემტკიცებინა.

როცა ბოლნისში გიორგი კიკნაძე დაინიშნა, ჩემი თავი არც გააცნეს, ისე გამიშვეს დუბლშემადგენლობაში. ცხადია, ამან ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა - მსურდა, დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო.

როცა "გურიაში" გადასვლის შანსი გამიჩნდა, სწორედ თვითდამკვიდრებისა და თავის გამოჩენის სურვილი მამოძრავებდა და ეს შანსი გამოვიყენე. ხოლო იმისთვის, რომ დავამტკიცო, რა შემიძლია, წინ მთელი სეზონია და იმედია, თავს გამოვიჩენ.

დასაწყისი კი უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე წარმოვიდგენდი და ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, ისინი ყველანაირად ხელს მიწყობენ".


თბილისის "დინამოსთან" ლანჩხუთელთა გამარჯვება ძალზე მოულოდნელი იყო. საინტერესოა, რამ განაპირობა ეს მოგება - "დინამო" იყო მოშვებული თუ "გურია" - კარგად მომზადებული?

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"გურიას" თავდამსხმელი ამაზეც ლაპარაკობს:

"გუნდის კარგი თამაში მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან საქართველოში ასეთი სენსაციები იშვიათი ამბავი არ არის. ჩვენ თავად დავიჯერეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვეძლო, გავედით მოედანზე და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ასე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებაც შესაძლებელია.

ახლა ქუთაისში "ტორპედოსთან" ძალიან მძიმე შეხვედრა გველის. მჯერა, ბიჭები კვლავ ღირსეულად ითამაშებენ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული