...თურმე, გამგებელმა სადღაც დარეკა და მსაჯობაც გამოსწორდა

AutoSharing Option
"ლელოს" 19 სექტემბრის ნომერში ლანჩხუთში გამართული პრესკონფერენციის შესახებ მოგითხრეთ - გამგებელმა ზაზა ურუშაძემ "გურიის" მთავარ მწვრთნელად რომან პოკორა წარადგინა (იხილეთ სტატია).

პრესკონფერენციის ბოლოს იყო ერთი საინტერესო და, შეიძლება ითქვას, სკანდალური განცხადება - ურუშაძემ თქვა, რომ "გურია"-"დინამოს" მატჩის მიმდინარეობისას დარეკა, "სადაც საჭირო იყო" და მეორე ტაიმში მსაჯობა გამოსწორდა...

...ასე უპასუხა გამგებელმა გულშემატკივრის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას - მსაჯები გვჩაგრავენო. ქომაგმა მაგალითად მოიყვანა "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონთან" გამართული გასვლითი შეხვედრებიც.

"მსაჯებს ყურადღება უნდა მიექცეს. ცხონებული იმედო დუნდუა რომ ცოცხალი იყოს, ამას ვერ გაგვიბედავდნენ!

"ვიტ ჯორჯიასთან" მსაჯმა დაგვჩაგრა - პენალტი არ მოგვცა, ჩვენს კარში 11-მეტრიანი მოიგონა, გოლიც თამაშგარედან გაგვიტანეს; "სიონთან" არ გააძევეს ბოლნისელი ფეხბურთელი, რომელმაც შემდეგ მეორე გოლი გაგვიტანა, ხოლო პირველი - თამაშგარედან გავიდა.

"დინამოსთან" კი ყველამ ნახეთ, რაც მოხდა - სამი პენალტი არ დანიშნა მსაჯმა ჩვენ სასარგებლოდ",
- განაცხადა იური გოგუაძემ.

გამგებელმა კი მას ასე უპასუხა:

"აგერ, ბატონი რომანიც (პოკორა - ავტ.) ამბობს, რომ მსაჯობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მესმის თქვენი, როცა ცუდად მსაჯობენ, მაგრამ მსაჯი რომ ჩასტვენს, მერე ამას ვეღარაფერი უშველის.

ქობულეთში ვიღაცამ ბოთლი გადმოაგდო და კლუბი 900 ლარით დააჯარიმეს... მეც გავნაწყენდი ქობულეთში მსაჯობით, მაგრამ ნერვები უნდა მოვთოკოთ. მეც ვთქვი, სადაც საჭირო იყო - ცუდად გვიმსაჯეს სხვაგანაც.

სხვათა შორის, ქობულეთიდან, სადაც და ვისთანაც საჭირო იყო, დავრეკე და მეორე ტაიმი სხვანაირად წავიდა, მაგრამ ასე დარეკვა არ უნდა გვჭირდებოდეს"...


საინტერესოა, რა გამგებლის საქმეა, "სადაც საჭიროა", იქ დარეკვა და მსაჯობა გამოასწოროს? სინამდვილეში, გამგებელს, ჩემს მეხსიერებას თუ ვენდობი, არც არსად დაურეკავს - თამაშის დროს მის გვერდით გახლდით და ვერ ვიხსენებ, "სადაც საჭიროა, იქ დაერეკოს".

მაშ, რაში დასჭირდა იმის თქმა, რაც არ გაუკეთებია?

სხვათა შორის, ანალოგიურად, ამ რამდენიმე დღის წინათ ითქვა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ "გურია"-"სიონის" თამაშის მსაჯები დაასჯევინა. თუ გახსოვთ, ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მიდიოდა და ყველამ ნახა, გურულთა კამერუნელ ლეგიონერ არნო ჩუენსუს გიორგი კახელიშვილმა ფეხში რომ ჩაარტყა, რაც მსაჯმა ვერ დაინახა.

რაკი მატჩი ტელევიზიით გადაიცემოდა, თუ ვინმე დასასჯელი იყო, მაჟორიტარის ჩარევის გარეშეც დაისჯებოდა, ხოლო თუ ჩხაიძეს მაინც აქვს "რამე ძალა და გავლენა", ამას მომდევნო თამაშისთვის გამოიყენებდა და არც გამგებელს დასჭირდებოდა "სადაც საჭიროა, იქ დარეკვა".

რეალობა კი უფრო ისაა, რომ ჩხაიძე ამის მკადრებელი არ უნდა იყოს. გამგებლის ნათქვამზე კი საინტერესოა ფეხბურთის ფედერაციის რეაქცია...

* * *
...და კიდევ ერთი, როგორც ლანჩხუთელები იტყვიან, ფარცაკი ამბავი: "ლანჩხუთის ბიუჯეტს არ აქვს საშუალება, 2 500 ლარი უხადოს ფეხბურთელებს", - გვითხრა ზაზა ურუშაძემ ამა წლის ივლისში, რასაც გუნდიდან 7 წამყვანი მოთამაშის წასვლა მოჰყვა;

"2500 ლარი თუ თქვენ დიდი ფული გგონიათ და აღარ ვიცი..." - ამბობს ახლა გამგებელი და "არ ახსენდება", რომ ისევ ბიუჯეტის ფულზე ლაპარაკობს!

მაშინ, როცა ადგილობრივი ბიუჯეტი გამოფხეკილია და "გურიას" ფეხბურთელებს ხელფასებს ვერ ურიგებენ, უკრაინიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ჩამოჰყავთ. და ეს მაშინ, როცა ადგილობრივი მწვრთნელის, დავით მახარაძის მუშაობით ყველა კმაყოფილია. ურუშაძე კი ამბობს, რომ მახარაძეც იმდენს მიიღებს, რამდენსაც პოკორა:

"ლაპარაკია 2 500 ლარზე. თქვენ რა, გგონიათ, რომ ეს დიდი თანხაა?" - სვამს კითხვას ურუშაძე. არადა, ახლო წარსულში "გურიიდან" ფეხბურთელების მასობრივად გაშვება სწორედ ფინანსურ პრობლემას დაბრალდა.

ახლა კი რა გამოდის? - პოკორა და მახარაძე ერთად 5 000 ლარს მიიღებენ. სავარაუდოდ, 2 000 ლარზე ნაკლები არ ექნება უკრაინიდან ჩამოყვანილი პოკორას თანაშემწის ანაზღაურებაც.

ამჟამად "გურიის" მთავარ გუნდსა და დუბლშემადგენლობაში კიდევ 5 მწვრთნელია, რომელთა ჯამური ხელფასი 4 ათას ლარზე მეტი იქნება. ამას თუ დავუმატებთ ორი უკრაინელის ტრანსპორტირება-დაბინავების ხარჯებს და საშემოსავლოებს, გამოდის, რომ ლანჩხუთის ბიუჯეტს "გურიის" 8 მწვრთნელი (!!!) თვეში დაახლოებით 14-15 ათასამდე დაუჯდება.

სეზონის დაწყებამდე რომ მოგვარებულიყო ეს პრობლემები, ამისთვის დამატებით 3000 ლარი იყო საკმარისი. დღეს კი თითქმის ამდენი მარტო პოკორას ხელფასია. რამდენად აჯობებს ერთი მწვრთნელი შვიდ გამოცდილ ფეხბურთელს და რა იმალება უკრაინელი სპეციალისტის ასეთ დაბალ ხელფასზე ჩამოყვანის უკან, მალე გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტზე უნდა წეროს სპორტულმა ჟურნალისტმა. ჟურნალისტს თუ გამგებელთან პრობლემები აქ სხვაგან წეროს. აშკარად პოლიტიკურად ანგაჟირებული სტატიაა! ლელოა თუ ,ქრონიკა" ბლინ.
lelo
00:02 22-09-2013
0
ამას რომ საჯაროდ გამოიტან.ნეტავ კიდევ დიდხანს წავალტ უკააან?
shota
18:54 20-09-2013
0

სიახლეები პოპულარული