მერანი-სიონი 2:0 - ჭენება გრძელდება

AutoSharing Option
...ოთხი საშინაო მატჩი, ოთხი გამარჯვება და 6 ტურის შემდეგ მესამე ადგილი - მოვლენათა ასეთ განვითარებას "მერანის" ყველაზე თავგადაკლული ფანიც კი ძნელად წარმოიდგენდა.

არადა, ფაქტია - მარტვილელებმა უმაღლეს ლიგაში აღზევებიდან დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარ მოედანზე (წელს სამტრედიაში თამაშობენ) განსაკუთრებით ძლიერები არიან და ქულების მაქსიმუმსაც სწორედ აქ აგროვებენ.

"სახლის გუნდის" სტატუსი როდი აკნინებს მათ დამსახურებას. "მერანის" წარმატება სენსაცია არ არის, ისევე, როგორც "სიონთან" გამარჯვება. მალხაზ ჟვანიას გუნდმა საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს აშკარად აჯობა და, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვა.

სხვათა შორის, "მერანის"
ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ გუნდი მესამე ადგილზე აღზევდა..

Sportall.Geმასპინძლებმა ბოლნისელები ყველა საფეხბურთო ასპექტში დაჩაგრეს - ბურთის ფლობით, შექმნილი მომენტებით, თამაშის სწორად წარმართვითა და კონტრშეტევებისას გონივრული მოქმედებებით.

აღნიშვნის ღირსია ნახევარმცველთა (პაპუნა ფონიავა, გიორგი მელქაძე და შოთა ბაბუნაშვილი) სანაქებო თამაში. მათ სტუმრებს სივრცე შეუზღუდეს და თავს საკუთარი თამაში მოახვიეს...

მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და გუნდები ჯერ კიდევ უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, როცა კუჭუხიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ყუმბარისებურად დასცხო. მართალია, მერლანმა რეაგირება მოასწრო, მაგრამ ბურთს მაინც ვერ შესწვდა - 1:0.

სწრაფმა გოლმა "სიონი" დააბნია, რამაც მასპინძელს გალაღების საშუალება მისცა. აღსანიშნავია ბაბუნაშვილისა და ციკოლიას დარტყმები, რომლებიც მეკარემ მოიგერია. შემდეგ იყო ეპიზოდი, როცა იგივე ციკოლია დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა მცველმა ტვილდიანმა ბურთი ცარიელი კარიდან კუთხურზე მოიგერია.

სწორედ ამ კუთხურს მოჰყვა მეორე გოლი - ბაბუნაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დასწრებაზე ფარულავამ ითამაშა თავით და "მერანის" უპირატესობა სოლიდური გახადა - 2:0.

ზუსტად ერთ წუთში "სიონს" სხვაობის შემცირების შანსი გაუჩნდა. იმავე ტვილდიანის ჩაწოდებულს მადუბუკე გამოეხმაურა, მაგრამ ეფექტური დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

შესვენებამდე "მერანს" კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდა - ციკოლიამ კვანტალიანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მერლანი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. "მერანმა" თამაში კონტრშეტევებზე ააგო და ერთიმეორეზე უკეთესი მომენტები გააცუდა.

გოლის გატანის ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს ბაბუნაშვილმა, ფონიავამ და კუჭუხიძემ.

ბოლო ათ წუთში მერანელები ორჯერ დარჩნენ მეკარესთან მარტო - ჯერ მელქაძის გადაცემის შემდეგ შულაიას აებლანდა ბურთი ფეხებში, მოგვიანებით კი ფონიავას არ გამოუვიდა დარტყმა.

არბიტრის მიერ დამატებული დროის მე-4 წუთზე ბოლნისელმა მადუბუკემ გოლი კი გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული