უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: მომზადების ფასი

AutoSharing Option
წინა კვირას კალენდარული ტური, სამი დღის წინათ - საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრები, ახლა - მორიგი ტურის მატჩები, - ასეთი შემჭიდროვებული გრაფიკით ჩვენს გუნდებს პირველი წრის ბოლომდე კიდევ ერთხელ (20-30 ოქტომბერი) მოუწევთ ასპარეზობა...

თუმცა მანამდე კიდევ ორი ტურია და მერე უკვე სანაკრებო პაუზაც, ალბათ, მისწრება იქნება ქართული გუნდებისათვის.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ასპარეზობისას მთლად გადამწყვეტი თუ არა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ძირითად ფაქტორს:

1) რამდენად საფუძვლიანად მოემზადა ესა თუ ის გუნდი წინასასეზონო შეკრებაზე;
2) რამდენად გრძელი სათადარიგოთა
სკამი აქვს ამა თუ იმ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ შუა კვირას ჩატარებულ თასის პირველ მერვედფინალებში, რამდენიმე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში როტაცია მოახდინა, თუმცა იმას კი ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაადგილებები ყველასათვის შედეგიანი აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, ამ ტურით ეს "ცხრადღიანი მარათონი" სრულდება, ოღონდ, ვეჭვობთ, რომ იგივე წინა ტურისაგან განსხვავებით, ამჯერად სატურნირო ცხრილში სერიოზული ცვლილებები მოხდეს.

თუმცა, ამ ბოლო დროს ჩვენი ჩემპიონატი ხომ, ცოტა არ იყოს, ძნელადპროგნოზირებად გათამაშებად იქცა...

Sportall.Geდინამო-მერანი
ისე როგორც წინა ტურში, არც ამჯერად არის ისეთი მატჩი, "პრინციპულსა" თუ "ცენტრალურ" დაპირისპირებად რომ მივიჩნევთ-ხოლმე;

თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს, ჩვენი აზრით, მაინც ეს წყვილი იწვევს: ამ სეზონის უპირობო ფავორიტი თბილისის "დინამო" XXV ჩემპიონატის სტარტის მთავარ გუნდ-სიურპრიზს, მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს!

სათასო პაექრობის ჩათვლით "დინამომ" ბოლო ოთხი შეხვედრა ისე მოიგო, რომ მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა და საკუთარში არც ერთი მიიღო;

"მერანი" კი, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, 6 ტურის შემდეგ მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს; ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 29 სექტემბერს... ლიდერთა მატჩია.

თუმცა, მარტვილელთა გუნდის მიმართ დიდი სიმპათიის მიუხედავად, წყვილის ფავორიტად მაინც "დინამო" მიგვაჩნია.

ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილი გუნდი კვირას წინასწარ იქნება მარცხს შეგუებული.

აქვე, მართლაც ძალიან საინტერესოა, თუ როგორ შემადგენლობას დაეყრდნობა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი: ხობის "კოლხეთთან" სათასო მატჩში თავი ხომ იმ ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, ძირითადში თამაში იშვიათად რომ უწევთ.

Sportall.Geსიონი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: ლაშა პარუნაშვილი (სიონი)

კვირას თბილისში კიდევ ერთი საინტერესო მატჩის მომსწრე უნდა გავხდეთ: ბოლო დროს არასტაბილურად მოასპარეზე "სიონმა" კიდევ ერთ ლიდერს, "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს.

ბოლნისურ კლუბს ჩემპიონატში უკვე სამი ტურია არ მოუგია, არადა, შემადგენლობა ურიგო ნამდვილად არა ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი სწორედ "სიონში" ასპარეზობს და მათი რიცხვი ახლახან ჩატარებული სათასო პაექრობის შემდეგ კიდევ გაიზარდა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა 30 წლის ირაკლი სამხარაძე (რომელსაც თავის დროზე სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ), 33 წლის ვალერი აბრამიძე კი საქართველოს ჩემპიონატში ოთხწლიანი განშორების მერე უნდა გამოჩნდეს.

საერთოდაც, "სიონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი კიკნაძეს კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვს, აი, მისი გამოცდილი კოლეგის სოსო ფრუიძის გუნდის ძირითად ბირთვს 15-16 მოთამაშე შეადგენს.

სხვათა შორის, "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ჩვენი შეხსენება არ სჭირდებათ იმის თაობაზე, რომ "ჩიხურა" ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია.

Sportall.Geდილა-სპარტაკი
დისკვალიფიკაცია: კახა ალადაშვილი (დილა)

ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, "დილამ" ნავსი გატეხა: თასის პირველ მერვედფინალში პირველი ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ბათუმის "დინამო" მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

იმ შეხვედრაში გორელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზულ როტაციას მიმართა, თუმცა, 29 სექტემბერს ვის დაეყრდნობა, ძნელი სათქმელია.

ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში მოპოვებულმა მხოლოდ ერთმა ქულამ "დილა" ლიდერებს კი დააშორა, მაგრამ ეს ჩამორჩენა კატასტროფული ნამდვილად არ არის.

სამაგიეროდ, "სპარტაკი" გამოდის ნელ-ნელა კრიზისიდან: წინა ტურში ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო, შემდეგ კი ქუთაისში, "ტორპედოსთან" თასზე 2:2 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ "დილას" ჯერჯერობით არც ერთი მატჩი არ მოუგია "სპარტაკისთვის"; ოღონდ, ორი წლის წინათ "სპარტაკმა" თუ "ჩვეულებრივ" მატჩში შეძლო "დილას" სტუმრად დამარცხება, 2007-08 წლების სეზონში ცხინვალელებმა ეს გამარჯვება, ფაქტობრივად, უბრძოლველად მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ იმ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "დილა" თამაშს-თამაშზე აგებდა, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და პროტესტის ნიშნად, ამ გუნდის ფეხბურთელები "სპარტაკთან" შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გავიდნენ!

ანუ, "დილას" ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა.

Sportall.Geზესტაფონი-გურია
დისკვალიფიკაცია: ილია კანდელაკი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია)

"გურია" რომ სტუმრადაც ასევე წარმატებულად თამაშობდეს, როგორც საკუთარ მოედანზე, მაშინ, ალბათ... ჩემპიონობაზეც ექნებოდა პრეტენზია.

ლანჩხუთელებს შინ თუ 100-პროცენტიანი შედეგი აქვთ, სამაგიეროდ სტუმრად სამივე მატჩი წააგეს და ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.

თუმცა, დღესდღეობით "გურია" თავისთვის ერთობ კომფორტულ პოზიციაზე (V ადგილი) იმყოფება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონზე.

გასაგებია, რომ ახალ მწვრთნელს, სერბ სპეციალისტს რატკო დოსტანიჩს ახალ გარემოსთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდებოდა (ისე როგორც "ზესტაფონის" ახალწვეულებს ერთმანეთთან შესათამაშებლად), მაგრამ მაინც მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ ამ გუნდის ბოლოსწინა ადგილზე ყოფნა.

"ზესტაფონი" და "გურია" ჩემპიონატში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს, აი, თასზე კი წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება ერთობ უცნაური "სცენარით" წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ თასის მეოთხედფინალის ორივე დაპირისპირება, გუნდების შეთანხმებით, ზესტაფონში ჩატარდა და პირველი მატჩი, სადაც მასპინძლის სტატუსი "გურიას" ჰქონდა, "ზესტაფონმა" 1:0 მოიგო.

აი, "საპასუხო" შეხვედრა კი, ასევე ზესტაფონში" რომ ჩატარდა, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "გურიას" გამარჯვებით (3:2) დამთავრდა და ნახევარფინალშიც ლანჩხუთელები გავიდნენ.

Sportall.Geმეტალურგი-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ლუკა გუგუჩია (ზუგდიდი)

იმის გარდა, რომ "მეტალურგს" აშკარა უპირატესობა აქვს მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსთაველებს ყველა საშინაო მატჩი აქვთ მოგებული ამ მოწინააღმდეგესთან!

ჰო, არ არის პატარა ამბავი, ცხრა მატჩში ცხრაჯერ რომ დაამარცხებ მეტოქეს.

Sportall.Geთუმცა, სტატისტიკა იქით იყოს და, კვირას, 30 სექტემბერს რუსთავში საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ ახალგაზრდა სპეციალისტების - გელა სანაიასა ("მეტალურგი") და კობა წიტაიშვილის ("ზუგდიდი") დამოძღვრილი გუნდები წარსდგებიან.

ტორპედო-ვიტ ჯორჯია
ძველი მეტოქეების დაპირისპირებით VI ტური მთავრდება: ეს მატჩი დანარჩენი ხუთი შეხვედრისაგან განსხვავებით, ორშაბათს გაიმართება.

Sportall.Geმართალია, ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი "ტორპედომ" ფრედ დაამთავრა, ყოველივე ეს გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე კრიტიკულად არ ასახულა: ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდა გუნდი კვლავაც ლიდერებში იმყოფება.

ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს "ვიტ ჯორჯიასაც" და ამ გუნდთან წინასწარ ქულებს რომ ვერავინ დაგეგმავს, წინა ტურშიც დადასტურდა;

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა "ვეტერინართა" წინააღმდეგობის დასაძლევად.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი დინამო მიდი, ხვალ მარტვილთან სამიანი გვჭირდება.....
lasha
22:24 28-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული