29 სექტემბერს ბოლნისელები საჩხერის "ჩიხურას" ეთამაშებიან, რომელიც მეორე ადგილზეა.
"სიონს" გიორგი კიკნაძე ავარჯიშებს, ვისაც მანამდე უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია ზაზა ზამთარაძესთან ერთად. კიკნაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ...
- საშინაო შეხვედრებს "სიონი" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ნეიტრალურ მოედანზე უმასპინძლებთ "ჩიხურასაც". რას ელით ამ მატჩისგან?
- დაუგეგმავი, დასანანი ქულები დავკარგეთ უშუალო კონკურენტებთან და დროა, ეს დანაკლისი აღმოვფხვრათ.
- "ზესტაფონთან" შეხვედრაში "სიონმა" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ რომ ითამაშა, ეს მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო თუ, უბრალოდ, ასე გამოვიდა?
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ჩანაფიქრი იყო. პირველ ტაიმში ფრთხილი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც, ალბათ, ცოტა არ იყოს, დააბნია "ზესტაფონი". პირველი ტაიმი დაზვერვითი ხასიათის იყო, მეორეში კი მოვახერხეთ გადაწყობა, შეტევაში უფრო აგრესიულად ავთამაშდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ.
- "სიონს" "ზესტაფონთან" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და "ჩიხურასთან" მატჩისთვის ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
- ლადო ახალაია, თორნიკე აფციაური და არჩილ ტვილდიანი "ჩიხურასთან" მატჩისთვის მზად იქნებიან.
- "დინამოსგან" ინათხოვრეთ ტვილდიანი და პარუნაშვილი, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის ფეხბურთელები არიან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისთვის. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ "სიონში" ისეთივე კარგი სავარჯიშო და მოსამზადებელი პირობები არ არის, როგორც "დინამოშია" და ეს ხელს ხომ არ შეუშლის ამ ფეხბურთელების წინსვლას?
- ვფიქრობ, აქ უფრო "დინამოს" პრობლემასთან გვაქვს საქმე - გაუმართლებელია, ლეგიონერებში დიდი ფული გადაიხადო და ნიჭიერი ახალგაზრდები არ ათამაშო, როცა არის იმის საშუალება, რომ საერთაშორისო მატჩებში ამ ახალგაზრდებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ - ეს ხომ "დინამოსაც" გამოადგება და ნაკრებსაც.
ტვილდიანსა და პარუნაშვილს "სიონში" აქვთ იმის საშუალება, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. ისიც უნდა ითქვას - თუ დავინახავთ, რომ ამ ახალგაზრდებს თვითკმაყოფილება გაუჩნდებათ და პროგრესი შეუჩერდებათ, სპორტული დანდობა არ იქნება და მათ ადგილს სხვა დაიკავებს.
- "სიონში" ბევრია 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი - ამაზე რას იტყოდით?
- როგორც ოთარ გაბელია ამბობს ხოლმე, ფეხბურთელის პასპორტში არ ვიყურები. თუ ფეხბურთელი აკმაყოფილებს ჩვენი ჩემპიონატის დონეს, მისი ასაკი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ბალანსი იყოს შენარჩუნებული - ჩვენ გამოცდილებიც გვყავს და ახალგაზრდებიც, იმ პოზიციებზე კი, რამაც გუნდის ხერხემალი უნდა შექმნას, გამოცდილებს ვათამაშებთ.
- ალექსანდრე გოგობერიშვილს მარცხენა მცველად ათამაშებთ, არადა, ეს ფეხბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა ნახევარდაცვაში შედეგიანი თამაშით, შეტევაში კარგი ჩართვებით...
- ვხელმძღვანელობთ იქიდან გამომდინარე, რომ მარცხენა მცველის ფუნქციებს ის კარგად ასრულებს და ამ პოზიციაზე სხვა ალტერნატივა არც გვაქვს. გოგობერიშვილი მაღალი დონის პროფესიონალია.
- "სიონში" აიყვანეთ ირაკლი სამხარაძე, ვინც ერთ დროს ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა...
- ყველამ იცის, რომ სამხარაძე ნიჭიერია, უბრალოდ, ჰქონდა ჩავარდნები. როცა ის ფორმაში შევა, ძალიან სასარგებლო იქნება გუნდისთვის, "ზესტაფონთან" 11-მეტრიანით რომ გავიტანეთ, პენალტი კოკა მიკუჩაძემ მოიპოვა და იმ ეპიზოდში პასი სწორედ სამხარაძისგან მიიღო.
პიროვნული თვისებები ყველას თავისებური აქვს და მიმაჩნია, რომ ყველასთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა.
- "ზესტაფონთან" გოლის გამტანი მიკუჩაძე ახსენეთ, რომელიც შეცვლაზე ათამაშეთ, სასტარტოში კი ნიგერიელი მადუბუკე გაამწესეთ, რომელმაც თავი ვერ გამოიჩინა...
- ჩემი ხედვა ასეთია: ცენტრფორვარდი ათლეტური უნდა იყოს და ამიტომაც ვათამაშეთ ნიგერიელი. მიკუჩაძეს თავისი პლუსები აქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს. მოკლედ, აქ საქმე ფიზიკურ კონდიციებშია.
მიკუჩაძეს ორივე ტაიმის თამაში რომ შეეძლოს ისე, როგორც ეს "ზესტაფონთან" ბოლო ოც წუთში გააკეთა, დიდი შანსია, ძირითადში იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: მომზადების ფასი