დინამო-მერანი 4:2 - მოულოდნელი და სანახაობრივი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით კვირკველიამ (N16) ანგარიში გაათანაბრა

სამწუხაროდ, შეხვედრას ბევრი მაყურებელი არ დასწრებია. არადა, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი გამოდგა.

"დინამომ" კი გაიმარჯვა, მაგრამ მარტვილის "მერანმაც" მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ანგარიში სტუმრებმა მე-3 წუთზე გახსნეს: გია კვარაცხელიას მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ბექა ციკოლიამ ჩაჭრა, დაუხანებლად კარში დაარტყა და გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა - 0:1.

მატჩის დასაწყისში "მერანი" სასიამოვნო საყურებელი იყო. მალხაზ ჟვანია ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელია. მიუხედავად ყოველ სეზონში საკადრო რყევებისა, მერამდენე წელია, გუნდს სპეციალისტის ხელი
მაინც ატყვია.

"მერანის" მოთამაშეები ბევრს მოძრაობდნენ, სწრაფად, ერთი შეხებით, მოკლე და გრძელი გადაცემებით კონტრშეტევების წამოწყებას კარგად ახერხებდნენ და ამ ყველაფერს ტექნიკურად აკეთებდნენ. მარტვილელებს არც საფეხბურთო სითამამე დაეწუნებოდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
საინტერესო ჩანაფიქრი იყო - მარჯვენაფლანგელი შალვა კვანტალიანი და ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი მელქაძე პოზიციას ხშირად უცვლიდნენ შოთა ბაბუნაშვილს, რომელსაც, გაგიკვირდებათ და, ჟვანია თავდასხმაში აყენებს.

Sportall.Geდა არა მხოლოდ ისინი, მარტვილელთა მთავარი კოზირი სწორედ ეს გაუთავებელი მოძრაობა და სისწრაფეა. ისინი ბურთს არ აჩერებდნენ - ამას ქართული გუნდისგან იშვიათად ნახავთ. "დინამო" ტემპს აჰყვა და მეტოქეებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს...

მასპინძლები მე-15 წუთისთვის გამოცოცხლდნენ და მწვავე შეტევები განახორციელეს. "დინამოს" "სტანდარტულები" დამუშავებულს ჰგავდა, რადგან ორი მათგანი იდენტური აღმოჩნდა - კუთხურიდან ჩისკოს ჩაწოდებულ ბურთზე რამდენიმე დინამოელი გაიქცა, რომელთა მიზანი მეკარისა და მცველების დეზორიენტაცია იყო; დასარტყმელად კი დავით კვირკველია გადიოდა. პირველ შემთხვევაში მან ბურთი კარს ააცილა, მეორედ კი ჯაბა დვალისგან მიღებული ბურთი მიზანში გააგზავნა - 1:1.

"მერანი" კონტრშეტევების შანსს ხელიდან არ უშვებდა. ბაბუნაშვილის ჯარიმა ლორიამ იოლად მოიგერია, მაგრამ 34-ე წუთზე "დინამო" მისმა მშვენიერმა თამაშმა გადაარჩინა - კვანტალიანი-ციკოლიას სწრაფ შეტევას ძლიერი დარტყმით ისევ ბაბუნაშვილი აგვირგვინებდა.

ამ დროს მოედანზე აკაკი შულაია გამოჩნდა, რომელიც თამაშში გამოცდილი ფეხბურთელივით ჩაერთო - ჯერ მარცხენა ფლანგზე იყო, მეორე ტაიმში წინა ხაზზე გადასწიეს და ისე სწრაფად, აზრიანად და მწვავედ თამაშობდა, "დინამოს" მცველებს სიქა გააძრო. არადა, ეს ბიჭი სულ 17 წლისა გახლავთ.

მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობამ თავი იჩინა. თბილისელები მოედანზე უფრო მოტივირებულნი და მოცოცხლებულები გავიდნენ, ვიდრე პირველ ტაიმში. თანაც, მეტოქეს ალღოც აუღეს.

51-ე წუთზე მარტვილელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ჩისკომ მარცხენა ფლანგზე კვირკველია მოძებნა, ამ უკანასკნელმა მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა, ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში დაარტყა და დუბლი შეასრულა - 2:1.

ორ წუთში ირაკლი ძარიამ გაიბრწყინა - ეფექტური დრიბლინგით "მერანის" რამდენიმე მცველს გასცდა, საჯარიმოს ხაზთან ჩისკოს "სამკუთხედი" გაუთამაშა და დაარტყა: "მერანის" მეკარე ჯონი შეროზია ბურთს შესწვდა, მაგრამ ვერ შეიკავა - 3:1.

"მერანმა" ისევ გაიბრძოლა, თამაშის "დინამოს" მოედანზე გადატანა მოახერხა და სხვაობაც შეამცირა - მოედნის ცენტრიდან შოთა კერძევაძემ კარისკენ დაძრული შულაია შენიშნა და ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, ლორიამ კი კარიდან გამოსვლა დააგვიანა, მცველებსაც "დაეძინათ" და მარტვილელთა ფორვარდმა შანსი გოლად აქცია - 3:2.

ამის შემდეგ "დინამოს" კარს შულაია კიდევ ორჯერ დაემუქრა: პირველად უსტარიცმა წესის დარღვევით შეაჩერა, მეორედ კი ლევან გეგეჭკორმა მშვენიერი შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ამჯერად მიზანს ააცილა.

ანგარიშის გათანაბრების წყურვილმა მარტვილელებს ეტყობა სიფხიზლე დააკარგვინა. სტუმარმა დაცვა მოაშიშვლა და დორინ გოგას გადაცემის შემდეგ პატრიკ ვუომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - წაგების მიუხედავად, "მერანმა" ძალზე პერსპექტიული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"ტრადიციად იქცა, როცა ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ, მეტოქე გუნდები, ძირითადად, კონტრშეტევას გვიპირისპირებენ.

შესვენებაზე ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისა
და აქტიურობისკენ მოვუწოდე. ფაქტობრივად, პირველი გოლი მეტოქეს ვაჩუქეთ. მეორე გოლიც ასეთივე საჩუქარი იყო.

რამდენიმე ინდივიდუალური და გუნდური შეცდომის მიუხედავად, დღეს მაინც გავიმარჯვეთ და ოთხი ბურთი გავიტანეთ.

დიდი ხანია, ჩვენს მოედანზე ასე შედეგიანად არ გვითამაშია და ამიტომ ვფიქრობ, ნელ-ნელა იმ ფორმას ვუბრუნდებით, როგორშიც წინა სეზონში ვიმყოფებოდით".


მალხაზ ჟვანია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩემს ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს დაღლილობა ეტყობოდა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბიჭებმა შეძლეს და "დინამოს" მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაუწიეს.

შეხვედრის საწყის წუთებში იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. დაცვაში დაშვებულ შეცდომას ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
დილა-სპარტაკი 3:1
მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
სიონი-ჩიხურა 2:2
ზესტაფონი-გურია 1:0

Sportall.Ge
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული