ვასილ მაისურაძე: მწვრთნელებს ასე არ ექცევიან!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" საკადრო ცვლილებები გრძელდება. კლუბის დირექტორის, სანდრო შახოვისა და სპორტული დირექტორის, ბუბა ტყავაძის შემდეგ პოსტიდან პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაითხოვეს.

ინფორმაცია, რომელიც "ლელოს" შაბათის ნომერში დაიბეჭდა, დადასტურდა - მაისურაძის ნაცვლად გუნდს ჩაიბარებს მალხაზ ჟვანია, რომელმაც 6 ოქტომბერს მარტვილის "მერანი" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლოჯერ გაიყვანა მოედანზე.

ვინ იქნება მის სამწვრთნელო შტაბში, ჯერაც უცნობია. მაისურაძის გარდა, გაუშვეს მისი ასისტენტებიც - კახა გოგოლაძე და გიორგი მაკასარაშვილი.

მაისურაძის გაშვება მაინც მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "დინამო 2"-მა სეზონი
წარუმატებლად დაიწყო: 5 ტურის შემდეგ გუნდი პირველი ლიგის A ზონაში, ერთი მოგებით, მისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზეა. შაბათს "დინამო 2" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთთან" 0:1 დამარცხდა.

სხვათა შორის, მაისურაძე ის მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის (2012 წელი, სლოვენია) ნახევარფინალში ითამაშა. მაშინ მას ბევრი ხელსაყრელი წინადადება ჰქონდა, მაგრამ მომავალ თაობასთან მუშაობა ამჯობინა. გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაისურაძეს კომენტარი ვთხოვეთ:

- თამაშის წინ ბაზაზე მისულს ჩემმა ასისტენტმა მითხრა, რომ გუნდიდან გაგვიშვეს და რომ ეს "ლელოში" ეწერა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ... მართალი აღმოჩნდა.

ძალიან ცუდად მოიქცნენ - განა იმიტომ, რომ მე გამათავისუფლეს; არა, ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია; არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელებს ასე არ ექცევიან.

დავინტერესდი, რა იყო გათავისუფლების მიზეზი, მაგრამ ვერავინ ვერაფერი ამიხსნა, ერთმანეთს აბრალებდნენ. ბოლოს ისიც მითხრეს, ტყავაძეს უნდა ეთქვაო.

- გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. იქნებ ეს გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?
- შედეგი ვერ იქნებოდა მიზეზი, რადგან ეს გუნდი ცოტა ხნის წინათ ჩავიბარე და საერთოდაც - აქ მოთამაშეთა გაზრდასა და ხარისხზე იყო ლაპარაკი და არა - შედეგზე. გიორგი დევდარიანსაც ასე მოექცნენ.

საქართველოში ასე იშორებენ მწვრთნელებს - თითქოს არაფრად მიაჩნიათ. კოკაიამ "ზესტაფონიდან" ჭიაბრიშვილი რომ გაუშვა, მანაც გაზეთიდან შეიტყო. ელემენტარულად, ადამიანები ერთმანეთს ნორმალურად არ უნდა ელაპარაკებოდნენ? ეთქვათ, რომ ამ და ამ მიზეზის გამო სხვისი მოყვანა სურდათ. რა, საპროტესტო აქციას გავმართავდი?!

ახლა 19-წლამდელთა ნაკრებზე გადავერთვები. სერბები ჩამოდიან და 9 და 11 ოქტომბერს გორში მათთან ორ მატჩს გავმართავთ.

მომხდარი ჩემზე არ იმოქმედებს, საკუთარი გზა მაქვს და ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. ნოემბერში შესარჩევი ეტაპის მატჩები გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

* * *
ვინ შეცვლის ბუბა ტყავაძეს სპორტული დირექტორის პოსტზე, ჯერ დაზუსტებული არ არის. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ პროფილის მენეჯერთა არანაკლები დეფიციტია, ვიდრე - კვალიფიციური მწვრთნელების.

დაბოლოს - თბილისის "დინამოს" აკადემიის 14-წლამდელთა გუნდმა სომხეთის 15-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ პაატა გოცირიძის შეგირდებმა ნიკა ნინუასა და ერეკლე მალაზონიას გოლებით თამაშში გარდატეხა შეიტანეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეორგანიზაცია "დინამოში": ტყავაძე მოხსნეს! მწვრთნელად გეგუჩაძე თუ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 10 /
და ჯიშკარიანი დატოვეთ?
ქეთი
14:55 07-10-2013
0
ფიფისგან მეტს არც უნდა ელოდეთ! სამწუხაროა, რომ ფეხბურთი ასეთი ხელში გადავიდა!
Shoda
15:32 07-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული