ჩიხურა-სპარტაკი 2:1 - გამარჯვება დიმიტრი ტატანაშვილის დუბლით

AutoSharing Option
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, საჩხერის "ჩიხურამ" ცხრილის ფსკერზე მყოფი "სპარტაკი" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ტატანაშვილის დუბლით დაამარცხა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული და მავთულხლართებში მოქცეული დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს - თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა - "დიცი და დვანი საქართველოა!"

თამაში ნომინალური მასპინძლების მცირედი უპირატესობით დაიწყო. საჩხერელები შეტევებისთვის ხშირად იყენებდნენ ფლანგებს. განსაკუთრებით მათი მარჯვენა მცველი ოდიკაძე აქტიურობდა, რომელიც შეტევებში დიდ დროს ატარებდა და საჯარიმოში სახიფათოდ აწვდიდა.

21-ე
წუთზე მას გოლამდე სულ ცოტა დააკლდა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი უძლიერესი დარტყმა ხარიხიდან ასხლეტით კარის ხაზზე დაეცა...

Sportall.Geსოსო ფრუიძის გუნდს ამ ეპიზოდამდეც ჰქონდა საგოლე შანსი - დათუნაიშვილის ძლიერი დარტყმა შემთხვევით ცხინვალელთა კარის ხაზთან მდგომ მგელაძეს მოხვდა, თორემ გოლი გარდაუვალი იყო.

სასტარტო მღელვარების შემდეგ ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებმაც გამოასწორეს თამაში და მწვავედ შეუტიეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ხეირიანად ვერ ითამაშეს - ჯერ შონიას დარტყმა ასცდა მიზანს, შემდეგ კი კვეკვესკირის პასით მგელაძე ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, თანაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მანაც ააცილა.

ამის შემდეგ უპირატესობა კვლავ "ჩიხურას" ხელში გადავიდა. საჩხერელები ცენტრფორვარდ ტატანაშვილს ხშირად ამარაგებდნენ მაღალი გადაცემებით და ისიც ორჯერ ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ მცველები ჯარიმის ზღვარზე ეთამაშებოდნენ და მდგომარეობის განმუხტვას ასე ახერხებდნენ.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, მორიგი ამგვარი შეტევისას, მეტრეველმა საკუთარ საჯარიმოში ტატანაშვილს ხელი ჰკრა და ლევან კვარაცხელიამ სტუმრები პენალტით დასაჯა. 11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული თექთურმანიძე კარგად ჩაერთო თამაშში და ცხინვალელთა შეტევები გაამწვავა.

50-ე წუთზე ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდები ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ არ გაუმართლათ, თექთურმანიძის საჯარიმო დარტყმა ძელმა უკუაგდო, გამოვარდნილ ბურთს ფანცხავა თავით გზავნიდა კარში, მაგრამ მეკარე სომხიშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია. თუმცა შეტევა ამით არ დასრულებულა - ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ მგელაძესთან აღმოჩნდა, რომლის ძლიერი დარტყმაც იმავე სომხიშვილმა თავგანწირულ ნახტომში მოიგერია.

საჩხერელები ვალში არ დარჩნენ და სტუმრებს მწვავე შეტევით უპასუხეს - დათუნაიშვილმა გამოზომილი პასით ტატანაშვილი დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდს მიზანმა უმტყუნა.

ტატანაშვილმა შეცდომა მალევე გამოასწორა - ოდიკაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ნადირაძის კარში.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი. საჩხერელთაგან კარგი მომენტები შეექმნათ დათუნაიშვილს, დეკანოიძეს, კვასხვაძეს და წინამძღვრიშვილს, მაგრამ ხან მეკარე თამაშობდა კარგად, ხან კი ფეხბურთელები მიზანს ვერ ისწორებდნენ.

უქმად არც სტუმრები ყოფილან - ცხინვალელთა ორი მწვავე შეტევა კვლავ მეკარე სომხიშვილმა გააუვნებელყო, მეგრელიშვილის ძლიერი დარტყმა კი ოდნავ ასცდა მიზანს.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ცხინვალელებმა კვეკვესკირის შესანიშნავი გოლით ერთი ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად აღარც დრო ეყოთ და აღარც - ენერგია.

ბომბარდირები:
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული