ჯანყი "ჯორჯიაში"?

AutoSharing Option
უსიამოვნო ამბავი შევიტყვეთ თბილისის "ვიტ ჯორჯიაზე" - ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დაშლის პირასაა მისულიო. უკვე მესამე დღეა, ვიტელები სავარჯიშოდ აღარ გადიან.

შევეხმიანეთ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს და ეს ამბავი დაგვიდასტურეს, თუმცა ისიც გვითხრეს - იქნებ სიტუაცია სასიკეთოდ შემოტრიალდეს და ინტერვიუსგან ჯერ თავს შევიკავებთო.

დავუკავშირდით "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელ ზურაბ ბერიძესაც, რომელმაც გვითხრა - გუნდი ვარჯიშს 15 ოქტომბრიდან განაახლებსო. მოხერხდება კი ამ დროისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარება?

"ვიტ ჯორჯია" ერთ დროს საქართველოში მართლაც გამორჩეული კლუბი და გუნდი იყო. რთულია ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის
არსებობა. მყარი ფინანსური შესაძლებლობების გარდა, კლუბის ფუნქციონირება ძლიერ ნერვებსა და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს.

დღეს "ვიტ ჯორჯიას" უჭირს, თუმცა მიმდინარე სეზონში არაერთი კარგი მატჩი ითამაშა, ბოლოს რუსთავის "მეტალურგი" სულაც 5:2 დაამარცხა, მაგრამ... ფინანსური პრობლემები ამით ვერ გვარდება.

გუნდიდან წავიდა ბერიძის თანაშემწე რამაზ სვანაძე, ახლა კი ფეხბურთელებს სურთ წასვლა - მათ უკან ოჯახები დგას.

"ვიტ ჯორჯია" ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ქვეყნის თასიც მოიგო და სუპერთასიც, არაერთი წარმატებული ტრანსფერიც განახორციელა, ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დახმარებით ხელოვნური მოედანი დააგო "მცხეთა პარკზე", საკუთარი ხარჯებით კი ტრიბუნას გაუკეთა რეკონსტრუქცია.

თუ გადავავლებთ თვალს ქართული კლუბების ისტორიას დამოუკიდებლობის დღიდან, აღმოჩნდება, რომ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ის ბიზნესმენია, ვინც ყველაზე დიდხანს ხარჯავს ფულს საფეხბურთო კლუბში. ასეთ ხალხს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა აქამდე ამისთვის, ფაქტობრივად, არაფერი კეთდებოდა.

ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ საკლუბო ფეხბურთს 2014/15 წლების სეზონისთვის მიეხედება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. გამოდის, რომ მანამდე ფეხბურთელებმა და კლუბებმა როგორმე თავი უნდა გაიტანონ.

"ვიტ ჯორჯია" არის კლუბი საკუთარი ხელწერით. რუხაძემ ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა კლუბის განვითარებისთვის, ოღონდაც, როცა უკუგება დიდხანს არ ჩანს, კლუბის შენახვა (მაღალ დონეზე) თითქმის შეუძლებელი ხდება. "ვიტ ჯორჯია", ისევე, როგორც მეტი წილი კერძო ქართული კლუბებისა, სოციალური პროექტია.

თავის დროზე, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა რომ არ იყო, "ამერის" შენახვაზე ხელი ჩაიქნია მისმა ხელმძღვანელობამ. არადა, "ამერი" უკვე შემდგარი კლუბი იყო, ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, რაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა.

იმედია, "ვიტ ჯორჯია" მძიმე პერიოდს გადალახავს და 2014/15 წლების სეზონამდე როგორმე გაძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი რა წარმატებებზე ლაპარაკობ. დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში წარმატება ვის უნახავს ერთი. და ყველაფერთან ერთად ამაში ვიტ ჯორჯიასნაირი კლუბების ბრალიცაა. წარმატება არ ფლავი, ყველაფერი ჩაწყობილი ჰქონდათ, კი მაგაში მაგრები იყვნენ. ეს ფედერაცია კიდევ ყველაფერზე თვალებს ხუჭავს. აწყობს ალბათ და წილში არიან.
avoe
21:52 15-10-2013
0
გაძლებს კი არა, სახელმწიფო დაეხმაროს და ფინანსური პრობლემები მოუგვაროს!
guja_kakhadze
13:11 14-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული