ალბათ, ჩემპიონატის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რვა ტურის შემდეგ ლანჩხუთის "გურია" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იქნებოდა. არც იმის მოლოდინი იყო, რომ თბილისის "დინამოსთან" სენსაციური მოგების შემდეგ კლუბს მწვრთნელს გამოუცვლიდნენ.
უკრაინელი რომან პოკორა, ვისაც სამწვრთნელო გამოცდილება სამშობლოსა და აზერბაიჯანში მიუღია, ლანჩხუთელთა რიგით მე-20 თავკაცია. მას ორი ტური დასჭირდა "ლელოს" სიმბოლურში მოსახვედრად - პოკორას გუნდმა ხომ ევროსარბიელზე კარგად გარჯილი გორის "დილა" უშანსოდ დატოვა...
ბატონ რომანს რამდენიმე კითხვა დავუსვით...
- თითქმის ერთი თვეა, საქართველოში ხართ.
- დიახ, რამდენიმე გუნდის თამაში ვნახე - "ვიტ ჯორჯია", "ტორპედო", ასევე პირველი ლიგის გუნდები - ბათუმის "დინამო" და ფოთის "კოლხეთი"...
ჯერ შეფასება ძნელია, თუმცა, ვფიქრობ, ხარისხი თანდათან მოიმატებს. არ მინახავს თბილისის "დინამოს" თამაში, სხვებზე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველას შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება, ხელწამოსაკრავი არავინაა.
- საერთო დონე დამაკმაყოფილებელია?
- რა გითხრათ?.. ბოლოს ვნახე უკრაინის ჩემპიონატის თამაშები, რომელთან შედარებაც, ალბათ, არც შეიძლება - დიდი განსხვავებაა.
- აზერბაიჯანის ჩემპიონატთან შედარებითაც დაბალი დონეა?
- იქ უკვე წელიწადნახევარია არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ მათი უპირატესობა ლეგიონერთა სიმრავლეა. საქართველოში გუნდს სამი ლეგიონერის ყოლის უფლება აქვს, იქ - გაცილებით მეტის. სწორედ ლეგიონერთა ხარჯზე აზერბაიჯანის ჩემპიონატი, ალბათ, ცოტათი მაღალი დონისაა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ევროსარბიელზე თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ აზერბაიჯანულ და ქართულ კლუბებს.
- რა შთაბეჭდილება გაქვთ "გურიაზე"?
- ყველა გუნდთან რომ შეგვიძლია თამაში, ეს გასულმა მატჩებმაც დაადასტურა. კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, თუმცა დროის დეფიციტი გვაქვს - ფაქტობრივად, გუნდი სეზონის წინ არ მომზადებულა და ამან შუა სეზონში რომ თავი არ იჩინოს, საჩემპიონატო პაუზები ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ავინაზღაუროთ ის, რაც მოსამზადებელ ეტაპზე ვერ მივიღეთ.
ჩვენი მიზანი, პირველ ყოვლისა, ექვსეულში მოხვედრაა. მერე ვნახოთ...
- მაინც რის ხარჯზე მოუგეთ წინა ტურში "დილას"?
- ალბათ, უფრო მონდომების ხარჯზე. ამასთან, გუნდი კარგად მოძრაობდა, მეორე ტაიმში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მოგებაც, ალბათ, უფრო მეტად გვინდოდა და ყველაფერმა ამან შედეგი გამოიღო. ეტყობა, მეტოქემაც არ შეგვაფასა და ამის გამო დაისაჯა კიდეც.
- პირველივე გამარჯვება "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით დაგიფასდათ...
- ესაა ფეხბურთი. შესაძლოა, სხვაც მოხვედრილიყო... აღიარება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ვისურვებდი, რომ ტურის სიმბოლურში კიდევ არაერთხელ დამასახელონ (იღიმის).
- თუმცა "გურიას" ჯერ გასვლაზე არ მოუგია. მომდევნო ტურში ბოლოადგილოსან "სპარტაკს" სტუმრობთ...
- როგორც გითხარით, საქართველოში გუნდების დონე თითქმის თანაბარია. ყველას შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება და ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია. მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ, როგორც - "დინამოსა" და "დილასთან". მეტოქისთვისაც პრინციპული მატჩია. თამაშამდე თამაში არავის მოუგია, ამიტომაც მომზადება და მონდომებაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
- პირობებით კმაყოფილი ხართ?
- ადამიანი ისეთი ნატურაა, მუდამ უკმაყოფილოა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაც რთულ ვითარებაში იმყოფება, არჩევნებია წინ...
ხელმძღვანელობა გვპირდება და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოში ფეხბურთის მხრივ წინსვლა შეინიშნება, სამტრედიასა და ქობულეთში არის სტადიონი, ფოთში კეთდება ჩვენნაირი სტადიონი. მოკლედ, ფეხბურთი მიტოვებული არ არის და ეს დახმარება მას აუცილებლად წაადგება.
- მომავალი თვიდან "გურია" საკუთარ არენაზე ითამაშებს...
- ეს სასიხარულოა, მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთშიც 100-პროცენტიანი შედეგი გვაქვს. რასაც ვუყურებ, ლანჩხუთელი ქომაგი ყველაზე მეტად იმსახურებს საკუთარ არენაზე თამაშს - სხვა ქალაქებში როგორ გვქომაგობენ და ლანჩხუთში რაღა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ?! გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარ სტადიონზე თამაში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია": ხიზანი მასპინძლების გასაჭირი და იმედები
უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გურია-დილა 2:0 - რომან პოკორას პირველი ქართული...