რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - შედეგიანობის მიხედვით სარეკორდო მაჩვენებელი; ჩემპიონატის ასე ნანატრი პირველი ჰეთ თრიქი; ერთდროულად ოთხი დუბლი; უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები და სადებიუტო მატჩები; "მერანის" მთავარი მწვრთნელის რანგში მალხაზ ჟვანიას ბოლო მატჩი; "გურიას" მორიგი სასიამოვნო მოულოდნელობა; დიმიტრი ტატანაშვილის ასევე მორიგი გოლები და სხვა...
თუმცა გასული ტურის უმთავრესი ამბავი მაინც ის
აქვე ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გასულ ტურში რუსთავში გახლდათ და ოქტომბრის დასაწყისისთვის უჩვეულოდ სუსხიან ამინდში ჩატარებულ "სიონი"-"დინამოს" დაპირისპირებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძესა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ერთად ადევნებდა თვალს...
VII ტურზე ვთქვით, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან ყველაზე შედეგიანიაო - ექვს მატჩში 2I გოლი გავიდა. თუმცა ერთი კვირის თავზე ჩატარებულ ტურში ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ამჯერად 23 გოლი ვიხილეთ. ანუ ერთ შეხვედრაში თითქმის 4 გოლი რომ გავა, ვფიქრობთ, ურიგო კი არა, მართლაც ჩინებული მაჩვენებელი უნდა იყოს.
მონატრებული ჰეთ თრიქი და მოტივირებული მერებაშვილი
თითქმის ყოველი ტურის მიმოხილვაში ვამბობდით, რომ ვერა და ვერ ვეღირსეთ ჰეთ თრიქის შესრულებასო და აი, როგორც იქნა, კონკრეტული ფეხბურთელის მიერ გატანილი სამი გოლიც ვნახეთ!
"სიონი"-"დინამოს" შეხვედრაში თავი გამოიჩინა სტუმართა რუმინელმა ლეგიონერმა დორინ გოგამ: 29 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი ახლო მანძილიდან შეაგდო, მეორე - ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით, მესამე კი - არანაკლებ ეფექტური ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე.
საერთოდაც, ამ შემოდგომაზე გოგა ერთობ შედეგიანად ათამაშდა და ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი თავის რუმინელ ლეგიონერს სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებს. აი, ახლაც, "სიონთან" შეხვედრაში გოგა მარჯვენა ნახევარმცველის ამპლუაში ვიხილეთ.
აქვე ამ მატჩის კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზეც: 27 წლის გიორგი მერებაშვილმა ამ სეზონში, უდავოდ, საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ოსტატური გოლის გარდა, ორ საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ნეიტრალური ტური
ისე, მართლაც უცნაური ტური გამოვიდა: ექვსიდან ხუთი შეხვედრა... ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა!
აი, კონკრეტული მაგალითებიც: "სიონმა" "დინამოს" რუსთავში უმასპინძლა, "გურიამ" საშინაო შეხვედრა ქობულეთში ჩაატარა, "ჩიხურამ" - ქუთაისში, "მერანმა" - სამტრედიაში, "ზუგდიდმა" კი - განმუხურში.
ანუ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ "ვიტ ჯორჯია" იყო ტურში ფაქტობრივი მასპინძელი...
ყველაზე შედეგიანი მატჩი
ამ ტურამდე "ვიტ ჯორჯიას" შვიდ მატჩში შვიდი გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულმა გუნდმა ერთბაშად 5 გოლი გაიტანა და, რაც მთავარია, "მეტალურგთან" დიდი ანგარიშით მოგების (5:2) შემდეგ ზედა ექვსეულში აინაცვლა!
სეზონის დაწყებიდან პირველად მოხდა, როცა ერთმა გუნდმა მეტოქის კარში 5 ბურთი გაიტანა. ასევე პირველი შემთხვევაა, როცა კონკრეტულ შეხვედრაში 7 გოლი გავიდა.
რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა "ვეტერინარებს" გარჯა არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ "მეტალურგის" ("ოლიმპის") დაარსების დღიდან მხოლოდ და მხოლოდ მეორე შემთხვევაა, ამ გუნდმა საკუთარ კარში 5 ბურთი რომ მიიღო (2009 წლის სექტემბერში სტუმრად ფოთის "კოლხეთთან" 1:5 წააგო).
სხვათა შორის, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი ბურთი "ზუგდიდსა" და "მეტალურგს" აქვთ გაშვებული (14-14), თანაც, რუსთაველებმა 14-ივე გოლი სტუმრად მიიღეს...
ოთხი დუბლი
იმის გარდა, რომ ჩემპიონატის პირველი ჰეთ თრიქი ვნახეთ, გასული ტური იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ერთდროულად ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება!
თანაც, ოთხივე შემთხვევა განსაკუთრებულია და უპირველესად, დიმიტრი ტატანაშვილი უნდა ვახსენოთ: "ჩიხურას" 29 წლის თავდამსხმელმა ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, დანარჩენ ხუთ შეხვედრაში თითო გოლი გაჰქონდა, ახლა კი დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა!
როგორ შეიძლება "ვიტ ჯორჯიას" წარმატების შემოქმედთ გვერდი ავუაროთ: 24 წლის მარჯვენა გარემარბმა გიორგი კორიფაძემ და 21 წლის ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ "მეტალურგის" კარში ორ-ორი ბურთი გაიტანეს; თანაც, კორიფაძემ და ლობჯანიძემ ამ სეზონში უკვე მეორედ შეძლეს დუბლის შესრულება (მსგავსი შედეგი მხოლოდ "დილას" ცენტრფორვარდს ირაკლი მოდებაძეს აქვს).
და ბოლოს, კიდევ ერთ დუბლის ავტორზეც: "ზესტაფონის" თავდამსხმელმა, 23 წლის საბა ლომიამ წინა სეზონი მართლაც ჩინებულად ჩაატარა და "მერანში" იჯარით ასპარეზობისას, 16 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ და მხოლოდ ჩისკოსა და ჯაბა დვალს ჩამორჩა.
ლომია ამ სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა "ზესტაფონში", თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო თამაში ხშირად არ უწევდა და ახლაც შეცვლაზე შევიდა, მაგრამ 17 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა!
იმერული იდილია
გასულ ტურში სამივე იმერულმა კლუბმა გაიმარჯვა: ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილი "ტორპედო" კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობს და თბილისის "დინამოს" კვალში უდგას; სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურა" ასევე ლიდერთა სამეულშია და დიდი ალბათობით, ჩემპიონატის პირველ ეტაპს ზედა ექვსეულში დაამთავრებს.
თუმცა, "ტორპედომ" და "ჩიხურამ" თუ თავიანთი არცთუ ურიგო პოზიციები შეინარჩუნეს, "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა: რატკო დოსტანიჩის გუნდი სახიფათო ზონასაც მოშორდა და, რაც მთავარია, ზედა ექვსეულსაც "ხელის გაწვდენაზე" მიუახლოვდა!
გულახდილად რომ ვთქვათ, ყველაფერი ეს ლოგიკურადაც მოჩანს და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, პირველი წრის დამთავრებას "ზესტაფონი" პირველ სამეულში ან "იქვე მყოფი" რომ შეხვდეს!..
საოცარი გურია!
სეზონის დაწყებამდე ყველა რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდა, აი, ის გუნდი კვლავაც აგრძელებს საოცარ საშინაო წარმატებულ სერიას და ზედა ექვსეულშიც წამოსკუპებულა!
თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ მშობლიური ლანჩხუთის ნაცვლად, "გურია" საშინაო მატჩებს ქობულეთში ატარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ასპროცენტიანი შედეგი აქვს: ოთხი მატჩი და ოთხი მოგება!
თანაც, "გურიამ" თბილისის "დინამოსაც" მოუგო, რუსთავის "მეტალურგსაც" და ახლა კი ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტს, გორის "დილას". აღსანიშნავია, რომ ეს იყო უკრაინელი სპეციალისტის, რომან პოკორას სადებიუტო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში.
ისე, როგორც წინა სამ საშინაო შეხვედრაში, "გურიას" თითოეულმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაშიც მაქსიმალური მოტივაციით ითამაშა და ძლიერ მეტოქეს დამსახურებულად მოუგო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლანჩხუთელთა მარცხენა გარემარბი კობა შალამბერიძე: 28 წლის ფეხბურთელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
სიონი-დინამო 1:4 - პირველი ჰეთ თრიქი რუმინელისაა [VIDEO]
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3 - საბა ლომიას დუბლი განმუხურში [VIDEO]
მერანი-ტორპედო 0:3 - წაუგებელი სერია გრძელდება [VIDEO]
გურია-დილა 2:0 - რომან პოკორას პირველი ქართული...
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2 - ძლევაი საკვირველი
ჩიხურა-სპარტაკი 2:1 - გამარჯვება დიმიტრი ტატანაშვილის დუბლით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"