ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო გუნდად უნდა ვაქციო!

AutoSharing Option
ჟერარდ სარაგოსამ ჯერ კიდევ გასულ სეზონში, თბილისის "ლოკომოტივში" მუშაობისას მიიქცია ქართული საფეხბურთო სამყაროს ყურადღება.

მისმა გუნდმა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია მიაწყო და პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა...

ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი ამჟამად "ტორპედოს" მწვრთნელია და იქაც წარმატებით მუშაობს. მიმდინარე ჩემპიონატში სარაგოსას გუნდი ერთადერთია, რომელსაც ჯერ მარცხი არ განუცდია და 8 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ქუთაისელთა დამრიგებელს საღორიის საწვრთნელ ბაზაზე ვესტუმრეთ და სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ...

- თავდაპირველად, თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და იმაზე გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით საქართველოში?
- 31 წლის ვარ. სამწვრთნელო კარიერა, არ
გაგიკვირდეთ და, 16 წლისამ დავიწყე მშობლიურ კუთხეში. ვიყავი კატალონიის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელიც. კატალონიის ნაკრებით ესპანეთის ჩემპიონებიც გავხდით. შემდეგ წავედი ყატარის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც სკაუტის ფუნქციები მქონდა...

სანამ თბილისის "ლოკომოტივში" ჩამოვიდოდი, ერთი წელიწადი "ესპანიოლის" 16 და 23-წლამდელთა გუნდებთან ვიმუშავე.

რამდენიმე წლის წინათ ჩემი უახლოესი მეგობარი იაგუე აგილარი "ლოკომოტივის" აკადემიას ედგა სათავეში.

ის ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა თქვენს ქვეყანას, საფეხბურთო თვალსაზრისითაც კმაყოფილი იყო, შემდეგ "ლოკომოტივში" ალბერტო კორეამ ფიზმომზადების მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და ქართული ფეხბურთის შესახებ მისგანაც ინფორმირებული ვიყავი.

გასული წლის ნოემბერში კი "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. აი, ასე იყო...

- ...და "ლოკომოტივიდან", სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, ქუთაისის "ტორპედოში" გადაბარგდით... ამ ცვლილებებს ადგილობრივი გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ. ალბათ, თქვენთვისაც რთული იყო ასეთ დაძაბულ ფონზე მუშაობა?
- კარგად მესმის გულშემატკივრების. ზოგადად, ადამიანი სიახლეებს რთულად ეგუება. როცა გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო, ხალხი ამას სკეპტიკურად შეხვდა. მაგრამ მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ახალგაზრდა ტალანტებთან მიწევდა მუშაობა და კარგად ვიცი მათი ფასი.

მათ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი, რომ 2-3 თვეში გუნდი გუნდს დაემსგავსებოდა და შედეგიც იქნებოდა.

სკეპტიკოსებს კი ყოველთვის იმას ვეუბნებოდი, რომ გუნდის შენებას დრო სჭირდება. არ ვიცი, მოსწონთ თუ არა დღევანდელი "ტორპედოს" თამაში, როგორი თვალით უყურებენ ჩვენს გუნდს, მაგრამ შედეგი სახეზეა და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მომავალი წარმატებებისთვის.

- სტარტიდან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ "ტორპედოსგან" მიმდინარე ჩემპიონატში?
- ჩემთვის ძალიან რთულია მომავალზე საუბარი. საერთოდ არ ვფიქრობ, რა იქნება ზამთრის შესვენებისას და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე.

დღევანდელი ჩემი საფიქრალი "სიონთან" ამ ტურის თამაშია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვხვდეთ პირველ ექვსეულში და გავაგრძელოთ ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის, შესაბამისად, ევროტურნირების საგზურებისთვის.

მოკლედ, ამოცანა ის არის, რომ გუნდმა კვირიდან კვირამდე მოუმატოს, დანარჩენზე კი შემდგომში ვილაპარაკოთ.

- მაინც რა შედეგს ჩათვლით წარმატებად?
- ჩემპიონობას! მე ყოველთვის პირველობისკენ ვისწრაფვი და ჩემი მუშაობაც აქეთკენაა მიმართული - "ტორპედო" ქვეყნის საუკეთესო გუნდად უნდა ვაქციო. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი.

- ისურვებდით გუნდის გაძლიერებას, თუ დღევანდელი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილი ხართ?
- ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 20 წელია, აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების შესაძლებლობებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ მე მჯერა ჩემი ბიჭების.

ბევრი მათგანი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, გუნდში ტალანტები თამაშობენ და მათ განვითარების შანსი უნდა მივცეთ.

25 ფეხბურთელი გვყავს და გუნდისთვის 25-ვე მნიშვნელოვანია. ლიდერები არ გვყავს, ჩვენი ძალა გუნდურ სულისკვეთებაშია.

მაგალითად, ვაჟა ტაბატაძე "ტორპედოსთვის" დიდი ძალა იყო, თუმცა მისი დაშავების შემდეგ იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ტაბატაძე შეცვალეს, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი.

ასევე ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა ჭელიძემ და 19 წლის სანდოხაძემ ის არაჩვეულებრივად შეცვალა.

ბედნიერი ვარ, რომ ისეთი გუნდი შევკარი, რომელიც გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და ცალკეულ ლიდერებზე არ არის დამოკიდებული.

- შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ხართ, ტაქტიკურ მონახაზებსაც ხშირად ცვლით, ამ ხერხს მეტოქეების დასაბნევად მიმართავთ?
- ტაქტიკურ სქემებსა და განლაგებებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩემთვის მთავარია საფეხბურთო ფილოსოფია. ვცდილობ, კარგად შევისწავლო მოწინააღმდეგე და სქემაც მეტოქის სათამაშო სტილის შესაბამისად შევარჩიო.

ჩემის აზრით, თამაშს იგებს ის გუნდი, რომელიც მოედნის ცენტრში მოიპოვებს უპირატესობას.

ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქე ამ კომპონენტში დავჩაგროთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

- თითქმის ერთი წელიწადია საქართველოში მუშაობთ. თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?
- ჩემი დაკვირვებით, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდებს არ ენდობიან, არ აძლევენ მათ განვითარების საშუალებას.

18 წლის ბიჭი, რომელსაც თამაშის შანსი არ ეძლევა, ადრეული ასაკიდანვე გარბის უცხოეთის მეორეხარისხოვან კლუბებში და იქაც სეზონის განმავლობაში 2-3 თამაშის ჩატარება თუ უწევს.

ამის გამო, ფეხბურთელი აღარ ვითარდება და საბოლოოდ იკარგება. ჩემის აზრით, უმჯობესი იქნება, 21-23 წლამდე ფეხბურთელი საქართველოში დარჩეს, აქ განვითარდეს, საფეხბურთო განათლება მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ, ზრდასრული და ჩამოყალიბებული, წავიდეს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში სათამაშოდ.

არის მენტალური პრობლემაც. შესაძლოა ქართველი ფეხბურთელი ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ თუ თავში მენტალური პრობლემა აქვს, ყველაფერი წყალში ჩაეყრება.

ამაში ვგულისხმობ საფეხბურთო დისციპლინას. არ შეიძლება, ფეხბურთელს დაავალო წინ წასვლა და თან გიწევდეს იმის ახსნა, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ უკან უნდა დაბრუნდეს. ეს ავტომატიზმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით?
- საქართველოს უმაღლესი ლიგა ახლოს დგას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონთან. მე კარგად ვიცნობ სეგუნდა დივიზიონს და მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი ლიგაა. საქართველოში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უპრობლემოდ ითამაშებდნენ ამ ლიგაში.

- ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად?
- უპირველესი ფავორიტი "დინამოა". კარგი ფეხბურთელები ჰყავთ გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას". ალბათ, ჩემპიონობისთვის ისინიც იბრძოლებენ. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს "ზესტაფონს" და ის ჩავარდნა, რაც ამ გუნდს ჰქონდა, მალე აღმოიფხვრება და "ზესტაფონიც" ერთ-ერთ ფავორიტად მოგვევლინება...

- ...და "ტორპედო"?
- რატომაც არა?! ჩვენც არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.

- ბოლოს თქვენს პერსონაზე ვისაუბროთ. ემოციური ადამიანი ჩანხართ, თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავთ...
- კატალონიელი ვარ და როგორც ყველა ლათინური წარმოშობის ადამიანი, მეც ძალიან ემოციური ვარ. მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთელებზეც კარგად მოქმედებს.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მისგან 4 000 კილომეტრი მაშორებს და ეს ძალიან რთულია. რას ვიზამთ, ასეთია მწვრთნელის პროფესია...

გვერდით მყავს მეუღლე, რომელიც საქართველოში ყოფნით ბედნიერია, ჩემს გვერდითაა უახლოესი მეგობარი ალბერტო კორეაც, ერთ საქმეს ვაკეთებთ და მხოლოდ ერთი რამ გვაქვს საფიქრალი - ვიზრუნოთ "ტორპედოს" წარმატებისა და განვითარებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი, როგორ მიზანში მოარტყა ამ კაცმა, ახალგაზრდებს არ ენდობიან და არ აძლევენ პირადი განვითარების საშუალებასო. ეს მარტო ფეხბურთის კი არა საქართველოს ჭირია.ისევ პირადი თავისუფლების კრიზისის პრობლემაა ყველგან. უნდა იქნეს, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველგან ისეთი გარემო შექმნილი, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენას პატივს სცემს და წაახალისებს. სხვანაირად ვერ განვვითარდებით.
ჩვენი ფეხბურთიც საქართველოა
08:34 20-10-2013
0
კი მაგრამ, რა შუაშია აქ გვარდიოლა?
ugkv
21:19 19-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული