მეტალურგი-მერანი 6:1 - ეძღვნება რუსთავქალაქობას! [VIDEO]

AutoSharing Option
ამ შაბათ-კვირას რუსთაველებს საზეიმო განწყობა უნდა ჰქონოდათ - "რუსთავქალაქობის" დღესასწაულს ვგულისხმობთ; ჰოდა, ამ ქალაქის გუნდმაც თავისი წვლილი შეიტანა და "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებელი გვარიანადაც ასიამოვნა!

ჰო, კარგა ხანია, "მეტალურგს" ასეთი აღმაფრენით და მოტივირებულად არ უთამაშია და შედეგიც სახეზეა: გელა სანაიას დამოძღვრილმა გუნდმა ამ სეზონში პირველი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და ზედა ექვსეულსაც დაუბრუნდა.

საერთოდ კი, პირობებით, ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, "მეტალურგს" რეალურად ხელეწიფება პირველ სამეულში ადგილის დამკვიდრებაც და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სავარაუდოდ, ყველაფერი ასეც იქნება.

ახლა
კი 20 ოქტომბრის მატჩზე, რომლის საბოლოო შედეგზეც, ჩვენი აზრით, დიდი გავლენა იქონია "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის განხორციელებულმა გადაადგილებებმა: მოგეხსენებათ, რომ წინა ტურში "მეტალურგი", ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა "ვიტ ჯორჯიასთან" (2:5) და იმ შეხვედრასთან შედარებით გელა სანაიამ გუშინ ძირითადში 6 ცვლილება მოახდინა!

პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, გუნდის დებიუტანტის, გიორგი ჩირგაძის ძირითადში გამოჩენა იყო, თუმცა აშშ-ში ნაბურთავებ ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედანზე დიდხანს არ დაუყვია, რამეთუ მასპინძლები კაცნაკლულნი რომ დარჩნენ, თამაშიდან ცენტრფორვარდის მოხსნა და მცველის შემოყვანა გახდა საჭირო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თუმცა ამ მომენტამდე "საქმე დამთავრებული" იყო: არნახულად მოტივირებულ მასპინძლებს უკვე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ!

Sportall.Ge...მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და გოგა ფიფიამ ჯერ კუთხური "გამოიმუშავა", მერე თვითონვე შეასრულა ეს სტანდარტული და ახლო ძელთან ჩასაფრებულმა ლევან კაკუბავამ "მეტალურგის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

მასპინძლები ამ წარმატებით არ დაკმაყოფილებულან. ფიფიას აქტიურობას მალე მეორე გოლიც მოჰყვა, თუმცა, ასისტენტის გარდა, საგანგებოდ გვინდა რევაზ გეწაძის საშემსრულებლო ოსტატობის აღნიშვნაც: "მეტალურგის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე სტაბილურმა მოთამაშემ "ცაციათი", დაახლოებით 30 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა სტუმართა კარში!

არანაკლებ ეფექტური იყო მესამე გოლიც, გოგა ფიფიამ ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით რომ გაიტანა. სამწუხაროდ, ფიფიამ მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა, მაგრამ თანაგუნდელებმა იმდენად დამაჯერებლად ითამაშეს, "მეტალურგის" კიდევ ერთი ლიდერის არყოფნა მოედანზე არც იგრძნობოდა. როგორი საქმეა - 15 წუთში სამ გოლს რომ გაუშვებ...

თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, სტუმრები ასეთ დასაწყისს არ შეეგუენ და ერთობ აქტიურად დაიწყეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა. ამასობაში მასპინძელთა გამოცდილი კაპიტანი მიხეილ მახვილაძე გააძევეს მოედნიდან და "მერანიც" მაქსიმალურად შეეცადა რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას.

გამორჩეული კი სტუმართა გუნდში შოთა ბაბუნაშვილი გახლდათ: გამოცდილმა ნახევარმცველმა 20 ოქტომბერს ჩინებული მატჩი ჩაატარა, მეტად და მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. ის ახალგაზრდა თანაგუნდელების აყოლიებასაც ცდილობდა, მაგრამ მარტოკაცი, აბა, რას გახდებოდა?!

ამასთან, ცალკე გვინდა აღვნიშნოთ გრიგოლ ბედიაშვილის ჩინებული თამაშიც - "მეტალურგის" გამოცდილმა მეკარემ პირველ ტაიმში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია, არადა, შალვა კვანტალიანისა და ბექა ციკოლიას მომენტები ისეთი იყო, თითქმის ასპროცენტიანს რომ ეძახიან ხოლმე.

თუმცა მართლაც "მხიარული" პირველი ტაიმი ამით არ მორჩენილა - რევაზ გეწაძის კუთხურს ლუკა რაზმაძის ასევე ეფექტური ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. სხვათა შორის, შესვენებამდე დარჩენილ 1 წუთში რაზმაძეს კიდევ ორი მომენტი შეექმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლები რომ "დამშვიდებულ-დაწყნარებულნი" გააკონტროლებდნენ თამაშს, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა; მით უმეტეს, პირველი ტაიმის მიწურულს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო კიჭი მელიავამ და გუნდებმაც 10X10-ზე გააგრძელეს თამაში.

სამაგიეროდ, დებიუტანტი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერანი" არ ეპუებოდა დიდი ანგარიშით წაგებას და, სულ მცირე, ოთხი მეტად და მეტად სახიფათო მომენტიც შექმნა "მეტალურგის" კართან, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა და ბექა ციკოლიას, პაპუნა ფონიავასა და შოთა ბაბუნაშვილის (ორჯერ) ურთულესი ბურთები მოიგერია.

რაც შეეხება "მეტალურგს", დაახლოებით 70-ე წუთი იყო, მასპინძლებს "მეორე სუნთქვა" რომ გაეხსნათ, თუმცა მატჩის ბოლო წუთებამდე რეალური მომენტი არ შეუქმნიათ.

აი, მაშინ კი, როცა ყველა 4:1-ს იყო "შეგუებული", "მეტალურგის" ორი სწრაფი კომბინაცია ორჯერვე ზუსტი დარტყმით დამთავრდა. თანაც, აღსანიშნავია, რომ ორივე ეპიზოდში დავით კირკიტაძემ იაქტიურა, მანამდე მეტ-ნაკლებად ჩრდილში რომ იყო მოქცეული.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო, თბ) 6

X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული