უმაღლესი ლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
უცნაურზე უცნაური ტური გამოდგა: ამ ჩემპიონატში პირველად მოხდა, როცა ტურის ექვსი მატჩიდან სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა და სამივე ერთნაირი ანგარიშით - 1:1.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ სამივე შემთხვევაში ("ზესტაფონი"-"ვიტ ჯორჯია", "დილა"-"ზუგდიდი", "ტორპედო"-"სიონი") მასპინძლები უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ამ ტურში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი მართლაც არაპროგნოზირებადი ტურნირია.

აღარაფერს ვამბობთ ორ უხვგოლიან შეხვედრაზე, ასევე... ერთნაირი ანგარიშით (6:1) რომ დამთავრდა!

შესაშური შედეგიანობა
VII ტურის ექვს მატჩში 20 გოლი გავიდა, მომდევნოში - 23, ახლა კი - 21; ანუ, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, ისეთი
სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლესი ლიგის ერთ მატჩში, საშუალოდ, სამ გოლზე მეტი გადის.

არადა, პირველი ტურის (18 გოლი) გარდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში საშუალო მაჩვენებელი ორი ბურთი ან ნაკლები იყო ხოლმე.

რა არის შედეგიანობის ასეთი მატების მიზეზი, ნამდვილად ვერ გეტყვით; თუმცა, ფაქტი რომ მისასალმებელია, ამას გვერდს ვერ ავუვლით და ბარემ ისიც ვისურვოთ, რომ შედეგიანობის ზრდასთან ერთად, საერთოდ, ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლებულიყოს...

რუსთავქალაქობა ხშირად უნდა იყოს!..
"მეტალურგმა" ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და "რუსთავქალაქობის" დღეს დანიშნული მატჩი მოიგო!

ასე იყო შარშანწინ (ვაკეში, "მიხეილ მესხზე" ირაკლი მაისურაძის ეფექტური გოლებით "დინამო" რომ დაამარცხა - 3:2), ასე იყო შარშანაც (შინ "სიონს" 1:0 რომ მოუგო) და ასე მოხდა ახლაც; თანაც, მოგებასაც ხომ გააჩნია: წინა ტურის მატჩთან შედარებით შესამჩნევად შეცვლილმა "მეტალურგმა" ამ სეზონში პირველად გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

ამას გარდა, ორი უპრინციპულესი მატჩის წინ გელა სანაიას გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა და ბურთების სხვაობაც "გამოასწორა". "მერანთან" მატჩში "მეტალურგის" ყველა ფეხბურთელი აშკარად მოტივირებულად გამოიყურებოდა, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან რუსთაველთა გუნდის გამოცდილი წევრები: 33 წლის გრიგოლ ბედიაშვილმა, სულ მცირე, ოთხ-ხუთ ეპიზოდში გადაარჩინა თავისი გუნდი აშკარა ხიფათს, 28 წლის რევაზ გეწაძემ ეფექტური გოლი გაიტანა, მისმა თანატოლმა გოგა ფიფიამ კი 20-წუთიან მონაკვეთში ორ საგოლე პასს ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა მიუმატა.

სხვათა შორის, "მეტალურგმა" ("ოლიმპმა") თავის ისტორიაში ასეთი ანგარიშით მეორედ გაიმარჯვა: 2008-09 წლების სეზონში ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა "ბორჯომს" 6:1 მოუგო.

"დინამოს" შემოდგომა
...2 სექტემბერს, ქობულეთში ჩატარებულ მატჩში თბილისის "დინამო", ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ლანჩხუთის "გურიასთან" რომ დამარცხდა, აი, იმის მერე ჩვენს ტიტულიან გუნდს ვეღარავინ აჩერებს. თავად განსაჯეთ: დუშან უჰრინის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო, ერთიც სათასო შეხვედრა და ამ შვიდ დაპირისპირებაში მეტოქეთა კარში 30 გოლი გაიტანა!

თანაც, საქმე მხოლოდ შედეგიანობაში კი არ არის - არცთუ სუსტ კი არა, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან, "ჩიხურასთან" მატჩში "დინამოს" თამაშის ხარისხიც მოეწონებოდათ თბილისელთა გუნდის ერთგულ ქომაგებს.

ისე, მართლაც საინტერესოა, სანამდე გაგრძელდება დინამოელთა მართლაც შთამბეჭდავი საშინაო სერია: დუშან უჰრინის მოსვლის შემდეგ "დინამომ" ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე და აქედან მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ (წინა სეზონში - "დილასთან"), დანარჩენი 20 შეხვედრა კი მოიგო!

ჩისკოსა და დვალის დაბრუნება
ამ ჩემპიონატის პირველ ტურში, როცა "დინამო" "ზესტაფონს" მასპინძლობდა, მატჩის ბოლო წუთზე ჩისკოს ზუსტმა დარტყმამ თბილისელებს გამარჯვება მოუტანა. ეს შეხვედრა 11 აგვისტოს ჩატარდა და იმის შემდეგ ესპანელი თავდამსხმელი გოლის გატანას ვერ ახერხებდა.

და აი, ორ თვეზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ ჩისკომ კვლავაც გაიხსენა გოლის "გემო": "ჩიხურასთან" მატჩში 33 წლის ფორვარდმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩისკოს მეორე ჰეთ თრიქი იყო საქართველოს ჩემპიონატში: პირველად კი წინა სეზონში შეასრულა... "ჩიხურასთან" მატჩში (5:2). აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორედ მოხდა, როცა ერთმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა: წინა ტურის მატჩში თავი გამოიჩინა "დინამოს" რუმინელმა ლეგიონერმა, 29 წლის დორინ გოგამ.

იმედი დავიტოვოთ, რომ მალე ქართველი ფორვარდებიც შეძლებენ ამ შედეგის ჩვენებას, მანამდე კი ჯაბა დვალზე გვინდა ვთქვათ: "დინამოს" 28 წლის თავდამსხმელმა ერთთვიანი "მშრალი სერია" დაასრულა და ამ ტურში დუბლი შეასრულა.

დვალსა და ჩისკოს 4-4 გოლი დაუგროვდათ და ბომბარდირთა დავაშიც ჩაებნენ, რომელსაც ჯერჯერობით კვლავაც დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა") ლიდერობს.

სხვადასხვა ფაქტი
გასულ ტურში ერთი ავტოგოლი დაფიქსირდა: "დინამოს" გამოცდილ მცველს, 34 წლის გივი კვარაცხელიას ბურთი მკერდზე მოხვდა და ისე შევარდა კარში; თუმცა ამ ავტოგოლს შეხვედრის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და აქვე ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ სეზონის დაწყებიდან ეს მეოთხე ავტოგოლი იყო პაპუნა ფონიავას ("მერანი"), გიორგი რეხვიაშვილის ("ჩიხურა") და გიორგი ხიდეშელის ("ტორპედო") შემდეგ.

ამ ტურის კიდევ ერთ ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: "დილას" საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა და კვლავაც აგრძელებს საუკეთესო ბომბარდირობისათვის ბრძოლას. არადა, 29 წლის ფორვარდს "ზუგდიდთან" შეხვედრაში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ შესრულებული პენალტი სტუმართა არანაკლებ გამოცდილმა მეკარემ ზურაბ მამალაძემ მოიგერია.

სხვათა შორის, 31 წლის მამალაძემ ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი მოიგერია (III ტურში, "მერანთან" შეხვედრაშიც იყოჩაღა).

ეს უკვე კანონზომიერებაა!
ჯერ პირველი წრეც არ დამთავრებულა, მაგრამ "სეზონის აღმოჩენის" ნომერ პირველ კანდიდატ "გურიას", ვეჭვობთ, ამ ნომინაციაში რომელიმე გუნდმა კონკურენცია გაუწიოს;

ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ მეორე ტურში ლანჩხუთელთა გუნდის "საქმეთა საგმირონზე" გვიხდება ყურადღების გამახვილება. ასეა ახლაც: უკრაინელი სპეციალისტის, რომან პოკორას ხელმძღვანელობით "გურიამ" მეორე მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა; რაც მთავარია, ლანჩხუთელებმა ნავსი გატეხეს და სტუმრად პირველი ქულებიც აიღეს.

უიღბლო დებიუტი
"მეტალურგთან" მატჩში მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა: წყალტუბოს "სამგურალის", ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონის", აზერბაიჯანული "სიმურგისა" და უნგრული "დებრეცენის" ყოფილი ფეხბურთელი კახა ჩხეტიანი.

35 წლის ჩხეტიანს უიღბლო დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ იმ ქარიან ამინდში ჩატარებულ შეხვედრაში "მეტალურგი" ისეთი მოტივირებული ასპარეზობდა, ალბათ, სხვა ნებისმიერ მეტოქესაც იოლად გაუსწორდებოდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო "მერანი" არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, თანაც, დებიუტანტი-მწვრთნელი თამამად ენდო ახალგაზრდებს და 17-18-19 წლის შვიდი ფეხბურთელი ათამაშა!

ლამაზი გოლები
წინა კვირიდან მოყოლებული, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სპორტულმა რედაქციამ ყველასათვის საყვარელი გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვა" აღადგინა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ტურის ყველა მატჩის საინტერესო მომენტების ნახვა შეგვიძლია.

ჰოდა, 21 ოქტომბრის გადაცემაში ამ ტურში გატანილ ყველა გოლს ნახავდით და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამდენი ეფექტური გოლი ჩვენს ჩემპიონატში მართლაც იშვიათობაა.

ეგ კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: რევაზ გეწაძის შორეული დარტყმაც ეფექტური იყო და გოგა ფიფიას შესრულებული საჯარიმოც; ჩისკოს ოსტატურად შესრულებული "სტანდარტული" ხომ კლასის გამოვლინება იყო, ისე, როგორც "მერანის" ლიდერის, 33 წლის შოთა ბაბუნაშვილის "მოჭრილი" დარტყმა.

არანაკლებ ეფექტური გოლები ვიხილეთ ქუთაისურ მატჩშიც: დიდ ფეხბურთში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული ირაკლი სამხარაძე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მერე მარჯვენა ფეხით ბურთი მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაგზავნა! 30 წლის სამხარაძემ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 1995 წლის 11 ნოემბერს, თემურ ქეცბაიამ რომ "შეუსრულა" საქართველო-უელსის შეხვედრაში სტუმართა ვეტერან მეკარე ნევილ საუთჰოლს!

სხვათა შორის, "ტორპედო"-"სიონის" მატჩის მეორე გოლიც არანაკლებ ეფექტური იყო: მასპინძელთა მართლაც ნიჭიერმა შემტევმა, 22 წლის ნიკა საბანაძემ ურთულესი მდგომარეობიდან ზუსტი თავური დარტყმით ბურთი "ცხრიანში" გაგზავნა!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
დინამო-ჩიხურა 6:1 - შთამბეჭდავი გამარჯვება და შედეგი [VIDEO]
მეტალურგი-მერანი 6:1 - ეძღვნება რუსთავქალაქობას! [VIDEO]
ტორპედო-სიონი 1:1 - ქულა ხუთი მცველით [VIDEO]
სპარტაკი-გურია 0:1 - გურულები აღარ ხუმრობენ [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 1:1 - ზუგდიდი ჯგირირე! [VIDEO]
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ენერგიული ფრე [VIDEO]

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანაირი ლოგიკაა, საუკეთესო მეკარედ ასახელებთ იმ გუნდის მეკარეს, რომელმაც 6-1 მოიგო და არა ზურაბ მამალაძეს, რომელმაც გასვლაზე დილასთან 1-0-ზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ამის წყალობით საბოლოოდ თამაში 1-1 დამთავრდა
ლევანი
10:57 22-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული