დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

AutoSharing Option
...რომ არა პირველი ტაიმის დასაწყისში აღმოსავლეთ ტრიბუნის პირველ და მეორე იარუსს შორის არსებულ ბაქანზე მომხდარი ორივე გუნდის ფანების შეტაკება, აი, მაშინ კი ვიტყოდით, რომ მართლაც იდეალური "კლასიკო" იყოო...

თუმცა თვითონ მატჩი ისეთი "გემრიელი" გამოდგა, ყველაფერი დაჩრდილა და, რაც მთავარია, მეორე ტაიმში ორივე გუნდის ფანები ერთმანეთს უკვე საკუთარი გუნდის ქომაგობასა თუ ერთმანეთზე ლამაზი ფოიერვერკების მოწყობაში ეჯიბრებოდნენ!

ჰო, როგორიც უნდა ყოფილიყო, აი, ისეთი გულშემატკივრობა ვიხილეთ შემდგომში და ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც თავიანთი ზემოტივირებული თუ ზემონდომებული თამაშით დამატებითი ელფერი მისცეს ამ მართლაც სანახაობრივ და
ემოციებით აღსავსე შეხვედრას.

არადა, "ტორპედოს" რომ უპირატესობა შეენარჩუნებინა, ვიტყოდით, ამ ახალგაზრდულმა გუნდმა დამსახურებულად მოიგოო; ფრედ რომ დასრულებულიყო მატჩი, ამ შემთხვევაშიც შედეგს ლოგიკურად მივიჩნევდით და, ალბათ, იმასაც დავძენდით, რომ დამარცხებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდაო; მაგრამ, როცა გამოცდილებისა და აშკარად უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, მატჩის ბოლოს "დინამოს" "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, გამარჯვების გოლი გაიტანა, განა, შეიძლება, ამ ყველაფერს უსამართლობა ვუწოდოთ?

პირიქით: კაცნაკლულ მასპინძლებს, ერთი შეხედვით, მატჩის მიწურულს არც უნდა გაერისკათ და, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თავიანთთვის იდეალური შედეგის (ფრე) შენარჩუნებისათვის ეზრუნათ, მაგრამ მოინდომეს და დაუფასდათ კიდეც...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტაქტიკური ვარიაციები
ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, რომელშიც ორივე გუნდის ფეხბურთელთა საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელიც" აღსანიშნავია.

მასპინძელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და, როგორც მოსალოდნელი იყო, იგივე 11 ფეხბურთელი დააყენა ძირითადში, ვინც წინა ტურში "ჩიხურასთან" იყო.

აი, რაც შეეხება მის კოლეგას, ჟერარდ სარაგოსამ ორი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა ძირითადში: დისკვალიფიკაციამოხდილი მერაბ გიგაური და ტრავმამოშუშებული ზაზა ჭელიძე.

Sportall.Geაღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სტუმართა ცენტრფორვარდად გიორგი ფანცულაია იყო გამწესებული, რომელსაც ფლანგებიდან თორნიკე კაპანაძე (მარცხნიდან) და ნიკა საბანაძე (მარჯვნიდან) ეხმარებოდნენ. თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში ეს სამეული ერთმანეთს ადგილებს ხშირად უცვლიდა და ამ ერთობ საინტერესო გადაადგილებებს გარკვეული "დისკომფორტიც" შემოჰქონდა მასპინძელთა რიგებში.

ტაქტიკურ განსწავლულობაში კოლეგას არც დუშან უჰრინი ჩამორჩა: უსტარიცის გაძევების შემდეგ პრეს-ლოჟაში მსხდომთ ბევრს გვეგონა, რომ "დინამოს" თავკაცი ერთ-ერთ შემტევს შეცვლიდა და მის ნაცვლად ცენტრალურ მცველს გამოიყვანდა.

თუმცა უჰრინმა ეს ნაბიჯი საკმაოდ გვიან გადადგა, ისიც, იძულებითი ცვლილება იყო: ჩისკომ ტრავმა მიიღო და მოედანზე ახალგაზრდა მცველი გიორგი გველესიანი გამოჩნდა. მანამდე კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მართლაც უნივერსალი ლევან ხმალაძე მოქმედებდა. თავდაპირველად მარჯვენა ნახევარმცველად გამწესებულმა დორინ გოგამ მოედნის ცენტრში შეიწია, ხოლო მის ადგილას ჯაბა ჯვალი გამწესდა.

მოკლედ, გაძევების შემდეგ "დინამო" 4-4-1 სქემით თამაშობდა; თუმცა მეორე ტაიმში დორინ გოგა ჯერ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვიხილეთ, პატრიკ ვუოს გამოსვლის შემდეგ კი კვლავაც მარჯვენა ნახევარმცველად მოგვევლინა.

მოკლედ, ამ საინტერესო მატჩში მართლაც ბევრი საინტერესო ტაქტიკური გადაადგილება ვნახეთ...

ახალგაზრდობის დომინირება
მატჩის დასაწყისი უცნაურზე მეტი გამოდგა: ახალგაზრდა მათე ცინცაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოსკენ ჩაჰკიდა, აი, იქ კი უსტარიცს ისღა დარჩენოდა, გიორგი ფანცულაია წესების დარღვევით შეეჩერებინა. სტუმრების რეაქცია ემოციურზე მეტი იყო: მათი აზრით, წესების დარღვევა საჯარიმოში მოხდა, თუმცა არბიტრმა გიორგიმ ვადაჭკორიამ სწორად შეაფასა სიტუაცია და პენალტის ნაცვლად, საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ოღონდ "ბოლო იმედის ჯარიმისათვის" უსტარიცს წითელი ბარათი აუფრიალა.

ამ საჯარიმოს კუთხური მოჰყვა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც გიორგი ხიდეშელი შეუჩერებლად ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა. "ტორპედო" კვლავაც სწრაფად მოქმედებდა და დროის უმოკლეს პერიოდში ცდილობდა მეტოქის ნახევარზე გადასვლას.

ჩინებულად გამოიყურებოდა სტუმართა გამთამაშებელი გიორგი კუხიანიძე, ერთ ეპიზოდში ტექნიკურად რომ ცდილობდა გოლის გატანას. მერე კუხიანიძემ წამოიწყო ეფექტური კომბინაცია, თორნიკე კაპანაძის "მოჭრილი" დარტყმით რომ დამთავრდა - ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

ამასობაში კი "დინამომ" შეძლო სწრაფი და გონივრული კონტრშეტევის განხორციელება: ჯაბა დვალის წამოწყებული იერიში ჩისკომ... თავური პასით გააგრძელა, მაგრამ დორინ გოგას "ცაციათი" დარტყმულ ბურთს სწორი პოზიცია შეურჩია სტუმართა მეკარემ მაქსიმე ქვილითაიამ.

აი, მომდევნო სახიფათო ეპიზოდი კი გოლით დამთავრდა: სტუმართა ახალგაზრდა მარცხენა მცველი დავით უბილავა, ჩვენი აზრით, კარში ურტყამდა, მაგრამ ბურთი მოეჭრა და დიაგონალზე მდგარ თორნიკე კაპანაძის მისამართით მშვენიერი პასიც გამოუვიდა; ამ უკანასკნელმა კი "ერთი შეხებით", მარცხენა ფეხით გიორგი ლორიას აუღებელი დაურტყა!

შეგახსენებთ, რომ კაპანაძე "ტორპედოში" სადებიუტო სეზონს ატარებს, მაგრამ ამ ტანმორჩილი ფორვარდის შეჩერება "დინამოს" მცველებს უფრო და უფრო უჭირდათ და ერთ ეპიზოდში მისი დარტყმის შემდეგ გიორგი ლორიამ მართლაც ურთულესი ბურთი მოიგერია!

..."დინამო" მაინც არ ეპუებოდა მოედანზე არსებულ ვითარებას და ერთი-ორჯერ შორეული დარტყმებით სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გიორგი ლორიას მსგავსად, საიმედოდ იდგა კარში მაქსიმე ქვილითაიაც. ამასობაში ტაიმი იწურებოდა და ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ - მათი აზრით, გიორგი ხიდეშელს ბურთი ხელზე მოხვდა.

ამ შემთხვევაში არა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა კარში პენალტი მაინც დაინიშნა: არბიტრმა მიიჩნია, რომ დავით მთივლიშვილს ბურთი ხელზე მოხვდა; მასპინძელთა სამწუხაროდ, ჯაბა დვალმა ეს ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა: პენალტის შესრულებისას მეკარე კი მოატყუა, მაგრამ ბურთი კარზემოთ გადააცილა!

გამოცდილების ფასი
მეორე ტაიმიც სტუმართა შეტევებით დაიწყო და ჟერარდ სარაგოსამ გუნდი ამჯერად 4-3-3 ტაქტიკაზე გადააწყო. ამასობაში ორივე გუნდის მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. თუმცა, მანამდე დორინ გოგას აქტიური თამაშია აღსანიშნავი, რომლის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ქვილითაიამ აიღო.

საერთოდ კი, რაც დრო გადიოდა, სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო ხშირად უშვებდნენ შეცდომებს (ალბათ, დაღლისა და გამოუცდელობის გამო); მასპინძლები კი პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდნენ, მეტოქისათვის საკუთარი თამაში თავს მოეხვიათ. განსაკუთრებით, გიორგი მერებაშვილის პროდუქტიული თამაში გვინდა გამოვყოთ, რომელსაც ზედმეტი ინდივიდუალიზმის გამო ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ შაბათ საღამოს უაღრესად და, რაც მთავარია, სასარგებლო სამუშაო გასწია.

შეცვლები ვახსენეთ და უნდა ითქვას, რომ უჰრინმა ამ შემთხვევაში 100 პროცენტით "გაარტყა"! ჩვეული მოტივაციით გამოირჩეოდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომლის აქტიურობასაც მოჰყვა კიდეც სტუმართა კარში დანიშნული მეორე პენალტი, რომელიც ლევან ხმალაძემ "ოლიმპიური სიმშვიდით" და, რაც მთავარია, უნაკლოდ შეასრულა - 1:1!

მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წუთი იყო დარჩენილი და, ერთი შეხედვით, ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ასეთი ანგარიშით; თუმცა მოვლენები კვლავაც კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლებოდა და დროის მოკლე მონაკვეთში "ტორპედოს" ორი ჩინებული შანსიც მიეცა: პირველ ეპიზოდში ნიკა საბანაძის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს გივი კვარაცხელია გადაეღობა, თორემ ხიფათი გარდაუვალი იქნებოდა; მეორე ჯერზე კი სტუმართა კიდევ ერთმა ჭაბუკმა ფეხბურთელმა, ნიკა ახვლედიანმა ჩინებული დარტყმა შეასრულა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში საიუბილეო, 150-ე მატჩის ჩამტარებელმა გიორგი ლორიამ მართლაც ბრწყინვალე რეაქცია გამოამჟღავნა!

... ბოლო ხუთი წუთი კი "დინამოსი" იყო და ერთ რამედ ღირდა დორინ გოგას წამოწყებული კომბინაციაც, ელგუჯა გრიგალაშვილის ქუსლით პასიც, პატრიკ ვუოს ჩინებული ფინტიც, მაგრამ კოტდივუარელ ფორვარდს გადამწყვეტი დარტყმა სუსტი გამოუვიდა და მაქსიმე ქვილითაიამაც ბურთი ხელებში გააქვავა!

და მაინც, "დინამოს" ასეთი ზემოტივირებული თამაში დაუფასდა: სტუმართა მცველებმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, კუთხური გიორგი მერებაშვილმა შეასრულა და გიორგი გველესიანმაც ზუსტი თავური დარტყმით წერტილი დაუსვა ამ მართლაც დაუვიწყარ "ქართულ კლასიკოს"!

მატჩის შემდეგ
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრამ გულშემატკივართა იმედები გაამართლა. იყო ყველაფერი, რაც ფეხბურთისადმი ინტერესს იწვევს: დაძაბული, ლამაზი შეხვედრა და მოულოდნელი სცენარი, წითელი ბარათი, გულშემატკივართა დაპირისპირება, ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი...

მატჩის შემდეგ ემოციებს არც მეტოქეთა მოთამაშეები მალავდნენ.

გიორგი მერებაშვილი (დინამო):
"თითოეულმა დინამოელმა ვიცოდით, რომ მძიმე შეხვედრა გველოდა, მაგრამ საჩემპიონო თამაში გვქონდა და შეუძლებელი იყო, თავმოყვარე ფეხბურთელებს განსაკუთრებულად არ მოგვენდომებინა. 3 ქულის მოსაპოვებლად ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და პირველობა კიდევ უფრო განვამტკიცეთ. ალბათ, იღბალიც ჩვენკენ იყო, მაგრამ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

არ შემიძლია, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ აღვნიშნო. ის, რაც ტრიბუნაზე ხდებოდა, ჩვენზე ძალიან კარგად მოქმედებდა. დღეს "გლადიატორებმაც" საოცარი "თამაში" ჩაატარეს და ჩვენთვის ყველაზე მძიმე მომენტებში გამოხატეს მხარდაჭერა. ამან დაგვმუხტა და დამატებითი სტიმული მოგვცა - ჩვენ არ გვქონდა უფლება, ეს ხალხი გაგვეწბილებინა.

სხვათა შორის, 22-ე წუთზე, როცა 10 კაცით დარჩენილებმა ბურთი გავუშვით, მაინც ვფიქრობდი, რომ არ წავაგებდით. შესვენებაზეც ეს განწყობა გუნდშიც იგრძნობოდა და ვთქვით, რომ 2 ბურთი უნდა გაგვეტანა და არ გაგვეშვა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა".


გია კვარაცხელია (დინამო):
"რატომღაც პირველი ტაიმის ცუდად ჩატარება დაგვჩემდა. დღეს ამას უსტარიცის გაძევებაც დაემატა. მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე, თბილისის "დინამო" ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული. ამის ხარჯზე მეორე ტაიმში თითქმის ყველა მეტოქესთან გვაქვს უპირატესობა და ეს დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

დღევანდელი გამარჯვება იმიტომაც გამიხარდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ასეთი დაძაბული თამაშები და ასეთი გულშემატკივრობა ამშვენებს. კიდევ ერთს ვიტყვი: დღეს ჩვენ გამოცდილების ხარჯზეც გავიმარჯვეთ.

"ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია, ნიჭიერი ბიჭები ჰყავს, მაგრამ გამოცდილებს თუ არ დაიმატებენ, დიდ მიზანს ვერ მიაღწევენ. 3-4 ვეტერანი ფეხბურთელის გვერდით ეს ნიჭიერი ბავშვები სხვაგვარად ათამაშდებიან. დღეს ქუთაისელები სწორედ ასეთების არყოფნამ დააღალატა".


ჯაბა დვალი (დინამო):
"ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ყველაზე პრინციპულ ქართულ დაპირისპირებაში პენალტის გამოუყენებლობა ძალიან მეწყინა და ამან ჩემზე ისე ცუდად იმოქმედა, მეორე ტაიმში ვეღარაფერი გავაკეთე.

კიდევ კარგი, ბიჭებმა მშვენივრად ითამაშეს და გატანილი გოლებით ჩემი შეცდომა გადაფარეს.

ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო, რასაც თითოეულ დინამოელსა და ჩვენს გულშემატკივარს ვულოცავ".


თორნიკე კაპანაძე (ტორპედო):
"ასეთ შეხვედრაში გოლის გატანას ყველა ქუთაისელი ინატრებდა. მიხარია, რომ ეს მოვახერხე, მაგრამ წაგებამ ეს სიხარულიც გამიუფერულა.

ვერ ვხვდები, რა მოგვივიდა. ალბათ, ეს გარედან უფრო კარგად ჩანდა, მაგრამ აუცილებელია, თამაში კარგად გავაანალიზოთ, შემდეგში მსგავსი შეცდომები რომ აღარ დავუშვათ.

ძალიან მიჭირს ლაპარაკი, გული უზომოდ დამწყდა, რადგან ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 1:0-ის შემდეგ კაცნაკლული მეტოქე მოგვიგებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოვდუნდით და კარში ორი ბურთი მივიღეთ, თანაც - ბოლო წუთზე.

რა თქმა უნდა, ეს წაგება ისევ ჩვენი ბრალია. არადა, დღეს მოგება "ტორპედოსთვის" დიდი სტიმული იქნებოდა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟერარდ სარაგოსა: მინდა "ტორპედოს" გულშემატკივარს მოვუბოდიშო
დუშან უჰრინი: ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, "დინამო" ათი კაცით დომინირებდა
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი დინამოს ქომაგებმა გაიწიეს და არა ქუთაისელებმა დაიძრნენ დინამოს ფანები და მივიდნენ იმათ სეკტორთან და ცემეს მერე რომ ვერ აკავებდნენ ტორპედოს ფანები დაბრუნდნენ საკუთარ სეკტორზე და სკამები მოტეხეს და სკამების სროლა დაიწყეს მე ასე დავინახე
narimana
12:16 28-10-2013
0
კაი სტატიაა გია და კარგი კლასიკო იყო მაგრამ მაყურებელი აშკარად ბევრად მეტი იყო შესამჩნევად მეტი იყო
dato
12:07 28-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული