ავთანდილ ბრაჭული: შესაძლოა, ისევ რუსეთში წავიდე

AutoSharing Option
2010 წლის ივლისში ავთანდილ ბრაჭულმა, როგორც პირველი ლიგის ბინადარ "დუშეთის" ფეხბურთელმა, კონტრაქტი გააფორმა "გაგრასთან", მაგრამ გუნდში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია, აგვისტოში კი რუსეთის მაშინდელმა ჩემპიონმა, ყაზანის "რუბინმა" გაუფორმა ხელშეკრულება.

ბრაჭული სისტემატურად თამაშობდა 19-წლამდელთა ნაკრებში, ხშირად იწვევდნენ ოთარ გაბელიას დროინდელ ახალგაზრდულშიც...

მოკლედ, ჰქონდა შანსი, შესაძლებლობები წარმოეჩინა, მაგრამ "რუბინთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და პირველი ლიგის კლუბ ქობულეთის "შუქურაში" ჩაირიცხა.

სხვათა შორის, 2012 წლის ზაფხულში ბრაჭულის დამატება ქუთაისის "ტორპედოს" სურდა, მაგრამ "რუბინთან" ვერ მოილაპარაკეს.

ორიოდე დღის წინ ბრაჭულმა თავისი წვლილი
შეიტანა საქართველოს თასზე "ვიტ ჯორჯიას" დამარცხებაში, რის შემდეგაც "შუქურა" მეოთხედფინალში გავიდა.

რატომ დაბრუნდა 21 წლის ფეხბურთელი საქართველოში და სად აპირებს კარიერის გაგრძელებას? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ჯერ "ვიტ ჯორჯია"-"შუქურას" მატჩზე გკითხავთ. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა...
- ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს შორის ფიზიკურ მომზადებაში საკმაოდ დიდი სხვაობაა. თანაც, "ვიტ ჯორჯია" სწორედ ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა.

მართალია, სეზონი კარგად დავიწყეთ და პირველ ლიგაში მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ მაინც სხვა ტემპს შევეჩვიეთ და უმაღლესი ლიგის გუნდთან თამაში ძნელი იყო. მეტოქემ ბევრი მომენტიც შეგვიქმნა. საბედნიეროდ, ბრძოლისუნარიანობა და მონდომება მაინც დაგვიფასდა.

- "რუბინის" მსგავსი კლუბები ყველასთვის ტრამპლინია, თქვენ კი საქართველოში დაბრუნდით...
- სამწუხაროდ, ხელი ტრავმებმა შემიშალა და ზაფხულში, ყაზანელებთან კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, სერიოზული წინადადება არც მქონია. ამ დროს კი რევაზ ჩელებაძემ "შუქურაში" ფორმის აღდგენისა და კარიერის ხელახლა აწყობის შანსი მომცა.

- რუსეთსა და ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშებს რომელიმე რუსულ კლუბში მოხვედრის შანსი არ გქონდათ?
- რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ველოდი, რომ "რუბინთან" ახალ სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებდი და იჯარით პირველი ლიგის კლუბ ნიჟნეკამსკის "ნეფტოხიმიკში" გადავიდოდი. ამ გუნდში ვიყავი კიდეც, მაგრამ იქ სიტუაცია იყო არეული და დარჩენა არ ღირდა. მერე, კონტრაქტის დასრულებამდე 4 თვე ტრავმა მაწუხებდა და ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წავსულიყავი?

- საქართველოში დაბრუნება და აქაურ პირველ ლიგაში თამაში ფსიქოლოგიურად ძნელი დასაძლევი იყო?
- რა თქმა უნდა. თანაც, ხშირად ვვარჯიშობდი "რუბინის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად და ორი ამხანაგურიც ვითამაშე. არ ვტრაბახობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი. დუბლებშიც ხშირად გამოვდიოდი და სეზონში 19 მატჩი ჩავატარე, დანარჩენები ტრავმის გამო გამოვტოვე. ამ პერიოდში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც სისტემატურად მიწვევდნენ, 19-წლამდელებში კაპიტანიც ვიყავი, წინა ციკლში ოთარ გაბელია ახალგაზრდულშიც ხშირად მეძახდა.

ალექსანდრე ჩივაძემაც გამომიძახა, მაგრამ სწორედ მაშინ დავშავდი... ახლა მხოლოდ ამაზე რომ ვიფიქრო, არაფერი გამოვა. ჯერ 21 წლის ვარ და იმედგაცრუება არ მარგებს.

- "შუქურაში", რომ იტყვიან, ფეხბურთში ჭიპმოჭრილი ხალხია - რევაზ ჩელებაძე, ვალერიან ჩხარტიშვილი, ასლან ბალაძე, მაგრამ იმას ვერსად გავექცევით, რომ საქართველოში კარგად მომზადების საშუალება არ არის, მით უფრო, პირველ ლიგაში...
- ყველაზე კარგი ვარჯიში მაინც სათამაშო პრაქტიკაა, რისი პრობლემაც "შუქურაში" არ მაქვს. მერე კი ვნახოთ. ბატონი რეზო მპირდება, რომ რუსეთში წამიყვანს.

ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ იანვარში შეკრება და კარგი სპარინგები გვექნება და იმედია, საინტერესო გუნდიც გამომიჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული