თბილისის "დინამო" რუსთავში "მეტალურგს" უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში XI ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" რუსთავში "მეტალურგს" ესტუმრა. "ფოლადის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გოლი არ გასულა - მიმდინარე სეზონში ეს დუშან უჰრინის გუნდის მეორე ფრედ დასრულებული მატჩია.

სამი უპასუხო გოლი გაუტანა გორის "დილამ" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სტუმრად მყოფ მარტვილის "მერანს". ანგარიში ირაკლი მოდებაძემ მე-13 წუთზე გახსნა, 32-ე წუთზე სხვაობა დავით ბოლქვაძემ თერთმეტმეტრიანიდან გაზარდა, მატჩის მიწურულს კი მოდებაძემ დუბლი, ასევე პენალტიდან მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

გამარჯვებით დაიწყო საქმიანობა ცხინვალის "სპარტაკის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ. ცხინვალელებმა "ვიტ ჯორჯიას" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მეორეში კი ლაშა ჩაიფიძემ (52) და თორნიკე თუხარელმა (53) ერთი-მეორის მიყოლებით გაიტანეს და თავისიანები დააწინაურეს. 62-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ ერთი გაქვითა, თუმცა "ვეტერინარებმა" ამის მეტი ვერაფერი შეძლეს. საბოლოო ანგარიში კახაბერ კაკალაშვილმა 89-ეზე დააფიქსირა.

მორიგი სამი ქულა მიითვალა ლანჩხუთის "გურიამ", რომელმაც ქობულეთში "ზუგდიდი" მიიღო და 84-ე წუთზე ვილი ისიანის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ზუგდიდელები კაცნაკლულნი დარჩნენ. 59-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი გიორგი პაჭკორიას აუფრიალა და მოედნიდან გაძევა.

"ზესტაფონმა" და "სიონმა" 0:0 ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ ახლახან ორივე კლუბს მწვრთნელი შეეცვალათ, თუმცა "ზესტაფონი" გია გეგუჩაძეს ჯერ არ გაუყვანია მოედანზე.

4 ნოემბერს ტური "ტორპედოსა" და "ჩიხურას" მატჩით დასრულდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლი კაკაშვილმა კი არა ხიზანეიშვილმა გაიტანა
sandro
16:46 03-11-2013
0

სიახლეები პოპულარული