"გურია" მილიონ ევროდ შეფასებული 22 წლის ნიგერიელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა. გუნდში ჩაირიცხა ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი, რომელიც დავით ქარაულმა და ქართლოს რუხაიამ ჩამოიყვანეს.

22 წლის ნიგერიელი უნივერსალია - თამაშობს დაცვისა და ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და საყრდენად.

აფრიკელს საინტერესო ისტორიაც აქვს - ქუჩაში ერთობოდა და პროფესიული ფეხბურთით მხოლოდ 16 წლისა დაინტერესდა. 2010 წელს ნიგერიის პრემიერლიგის "ლობი სტარიდან" პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "ვიტორია სეტუბალში" გადავიდა, რომლის წევრიც წლევანდელ ზაფხულამდე იყო. თუმცა წინა სეზონში ამ გუნდის ფორმა მხოლოდ ერთხელ მოირგო.

სუსვამმა 2011 წელს, კოლუმბიაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის
ნაკრებში ყველა თამაში ჩაატარა. ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან (5:2) გოლიც გაიტანა, გუნდი კი მეოთხედფინალში გავიდა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბაკმა ლანჩხუთელთა ახალწვეულიც მიიწვია, ხოლო სადებიუტო მატჩი მუნდიალამდე მცირე ხნით ადრე, 25 მაისს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართა. სულ კი ეროვნული გუნდის ფორმა 2-ჯერ მოირგო.

"პორტუგალიაში სერიოზული კავშირები მაქვს. მეგობრებს დავუკავშირდი და სუსვამი კარგად დამიხასიათეს. ხელმძღვანელობა და მწვრთნელიც დარწმუნდნენ, რომ საინტერესო მოთამაშე უნდა ყოფილიყო.

შაბათს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და ნორმალურად გამოიყურებოდა.

სუსვამს კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და საქართველოში ჩამოვიდა. "სეტუბალი" ტრანსფერს ორშაბათს გამოაგზავნის და სუსვამი "გურიას" ფეხბურთელი გახდება.

ნიგერიელი გრიგოლეთში იცხოვრებს. პირობებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "გურიას" განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია",
- გვითხრა "გურიას" ტრანსფერების მენეჯერმა ბექა კვიციანმა.

"სეტუბალი" ახალ, ორწლიან კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ მენეჯერი მატყუებდა და ძალიან ცუდ პირობებს მთავაზობდა. სწორედ იმიტომ ვთქვი უარი ამ წინადადებაზე, რომ ევროპაში დარჩენა მსურდა.

გასაგებია, რომ საქართველოში პორტუგალიაზე უკეთესი პირობები არ არის, მაგრამ აქ ფორმის შესანარჩუნებლად ჩამოვედი. ახალი სეზონიდან კი ევროპაში დაბრუნებას ვიმედოვნებ",
- გვითხრა "გურიას" ახალწვეულმა.

"საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ჩამომიყვანია, მაგრამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მათ შორის სუსვამი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მარტო იმიტომ, რომ ხუთ პოზიციაზე თამაშობს, მათ შორის - საყრდენადაც.

ლანჩხუთში რომ მივდიოდით, მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელმა აჰმედ მუსამ დაურეკა. თურმე, 20-წლამდელთა ნაკრებში ერთად თამაშობდნენ და მასთან დღემდე მეგობრობს.

დარწმუნებული ვარ, "გურიაში" ფორმას აღიდგენს, სეზონის შემდეგ კი ძლიერ გუნდში მოხვდება",
- ამბობს დავით ქარაული.

ვებ-გვერდი "ტრანსფერმარკტი" ნიგერიელი უნივერსალის ტრანსფერს მილიონ ევროდ აფასებს.

პიტერ ტერნა სუსვამი
დაიბადა: 1991 წლის 5 სექტემბერს კონშიშაში (ნიგერია)
სიმაღლე: 185 სმ, წონა: 79 კგ
პოზიცია: ფლანგის მცველი/ფლანგის ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა
2007-08 ვიკი ტურისტი 60 (0)
2009-10 ლობი სტარი 15 (0)
2010- სეტუბალი 8 (0)

სანაკრებო კარიერა
2011 ნიგერია U20 5 (1)
2010 ნიგერია (ეროვნული) 2 (0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლანცჰხუტის გურიიას უდლიერესი მეკარე კავს..ბობგი გუნდს დიდ ცარმატებას მოუტანს..
nana....
18:28 04-11-2013
0
მგონი გავახსენებთ დუნიას თავს.....
rezo
23:53 04-11-2013
0

სიახლეები პოპულარული