გურია-ზუგდიდი 1:0 - ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს... [VIDEO]

AutoSharing Option
ლანჩხუთელები "ჩელე არენაზე" წარმატებულ თამაშს განაგრძობენ და თუ მეორე ტურში ფოთში მოგებას მივათვლით, "გურია" 5-დან 5 მოგებით, თბილისის "დინამოსთან" ერთად, "სახლის" ლიდერი ისეა, საკუთარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია.

აკი, იხუმრეს კიდეც ნამატჩევს ქობულეთის სტადიონის ლოჟაში - ნუ გააკეთებენ ლანჩხუთში სტადიონს, იქ ამაზე უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებენო...

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რომან პოკორას შეგირდებს ყველაზე მეტად სწორედ "ზუგდიდთან" გაუჭირდათ. თვით "დინამოსთან", "მეტალურგსა" და "დილასთანაც" კი გურულებმა სამი ქულა უფრო იოლად მოიპოვეს.

და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახევარი საათი
სტუმრები კაცნაკლულნი თამაშობდნენ. 85 წუთიც ისე იწურებოდა, "გურია" შედეგს ვერ აღწევდა და რომ არა ზუგდიდელ მობურთალთა "კოლექტიური შეცდომა", ალბათ, აჭარიდან უქულოდ არ წავიდოდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეგ კი არადა, ირაკლი ეხვაიას რამდენიმედან ერთი შანსიც რომ გამოეყენებინა, "ზუგდიდს", შეიძლება, პირველი საგარეო ქულაც აეღო...

Sportall.Ge...მატჩი "გურიის" შეტევებით დაიწყო. პირველი ხიფათი მამალაძემ გაანეიტრალა. მისმა თანაგუნდელებმა ამას რამდენიმე საჯარიმოთი უპასუხეს, თუმცა ხეირი ვერ ნახეს.

უკვე ტაიმის შუაში "მასპინძლებმა" რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს: შალამბერიძის წამოწყებული იერიში მცველებმა კი გაანეიტრალეს, მაგრამ იქვე, კილაძის თავურის შემდეგ, "ზუგდიდი" გადარჩა. მალე იგივე განმეორდა - სახიფათო კონტრშეტევა უკანა ხაზმა ჩაშალა, ჩიკვილაძის თავურიც კარს ასცდა.

ამის მერე მეკარეების ჯერიც დადგა - ჯერ მამალაძემ გადაარჩინა თავისიანები, კონტრშეტევისას კი გუგუჩიას გატანა უკვე ბობღიაშვილმა არ დაანება. ტაიმის მიწურულს "ზუგდიდის" მეკარემ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ზუგდიდელებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და ბოლოს ამის გამო დაისაჯნენ კიდეც. 52-ე წუთზე პოზიციურად შეცდნენ "გურიის" მცველები, ბობღიაშვილიც წინ იყო გამოსული და ეხვაიას ოსტატობამ უმტყუნა - მეკარესთან ერთად ბურთი კარსაც გადააცილა.

ამას მალე პაჭკორიას შეცდომა მოჰყვა - უწყინარ სიტუაციაში "გურიის" მეკარეს შეტევის წამოწყების საშუალება არ მისცა, რის გამოც არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა; მაისურზე ნომერს რომ შეხედა, მოედნიდან გააძევა კიდეც.

სამჯერ კი, სხვა მხრივ მეტად საიმედოდ მოთამაშე მამალაძე მაღალ ბურთზე შეცდა - პირველ შემთხვევაში თავდამსხმელთან ბრძოლაში დაუვარდა ბურთი, მაგრამ გურულებმა ვერ იხეირეს; მეორედ უკვე ისიანმა ვერ ისარგებლა მისი შეცდომით.

ბოლო შემთხვევა კი ზუგდიდელებისთვის საბედისწერო გამოდგა - მეკარემ არცთუ ხეირიანად მოიგერია ბურთი, რომელიც უკვე მცველებმა "ჩააბარეს" იმავე ისიანს - გურულთა მთავარმეგოლემ ძელის გავლით ბურთს კარში მიუჩინა ადგილი - 1:0.

ბოლოს სტუმრებს მაინც შეეძლოთ ქულის გადარჩენა, როცა ლანჩხუთელმა მცველმა ეხვაიას ჩააბარა ბურთი, მან კი იჩქარა და კარს გადააცილა.

ზედ ბოლო წამებზე კი საჯარიმოს მისადგომებიდან "გურიის" მცველებმა რამდენჯერმე "დაუფარეს" სტუმარ შემტევებს, კონტრშეტევაზე კი უკვე გურულებმა გაანიავეს კარგი შანსი, რასაც არბიტრის საფინალო სასტვენიც მოჰყვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული