კახა კაჭარავა: ცაში ფრენა არაფერს გვარგებს

AutoSharing Option
კვირას, საქართველოს ჩემპიონატის XI ტურში, "სპარტაკმა" "ვიტ ჯორჯია" 3:1 დაამარცხა. გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ეს იყო ამ სეზონში ცხინვალელთა საუკეთესო მატჩი.

გუნდი ეპიზოდურად "ფეთქდებოდა" და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა. ამ და სხვა ფაქტორების წყალობით, 21 სექტემბრის შემდეგ "სპარტაკმა" ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა გვიხსნის, თუ როგორ მოახერხა თავისი სადებიუტო მატჩისთვის გუნდის მოტივირება...

- რამდენი დღე ავარჯიშებდით გუნდს?
- სულ ორი დღე, მაგრამ ბიჭები ამყვნენ და შედეგს პირველივე შეხვედრაში მივაღწიეთ. მთავარი ფაქტორი ფეხბურთელების მონდომება იყო.

- საერთოდ, ცნობილია, რომ
"ახალი ცოცხი" კარგად გვის. ფეხბურთელებსაც სურდათ ახალ მწვრთნელთან თავის გამოჩენა. ეტყობა, ამ ფაქტორებმაც იმუშავა...

- ბუნებრივია, რადგან ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მიხარია, რომ ბიჭებმა მაქსიმალური მობილიზაცია მოახერხეს. საერთოდ, ფეხბურთში ამ კომპონენტის გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.

- თექთურმანიძემ დღეს გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ის ფლანგიდან ცენტრში გადასწიეთ. რატომ შეუცვალეთ პოზიცია?
- გიორგის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ "დინამოდან" ვიცნობ. ისიც ვიცი, რომელ პოზიციაზეა უკეთესი და ჩავთვალე საჭიროდ, ცენტრში დამეყენებინა.

- მხოლოდ პოზიციის შეცვლა იყო მისი კარგი თამაშის მიზეზი? წლეულს მას ასეთი თამაში არ ჩაუტარებია. რა უთხარით მატჩის წინ?
- გიორგი ნიჭიერი ბიჭია, ვენდობი და მის ადგილს მოედნის ცენტრში ვხედავ. მჯერა, მას შეუძლია გუნდის ათამაშება, რადგან მოედნის მშვენიერი ხედვა, ტექნიკა და დრიბლინგი აქვს. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც გამოაჩინა.

- ეს მაინც ერთი გამარჯვება იყო, გუნდი ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია. ეიფორიის საფრთხეს ხომ არ ხედავთ?
- რა თქმა უნდა, მდგომარეობა რთულია და ამიტომაც ვუთხარი ბიჭებს, რომ ცაში ფრენა არაფერს გვარგებს.

- 11 ტურის შემდეგ 7 ქულა ძალიან ცოტაა. ვითომ პირველ ექვსეულში მოხვედრა შესაძლებელია?
- შანსი არის, ბრძოლას კი აზრი ყოველთვის აქვს. 11 ტური გავიდა და წინ ერთი ამდენია კიდევ სათამაშო. ჩვენთვის ახლა თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. გადაჭარბებულად არ ჩათვალოთ და, მიმაჩნია, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები გველის. მჯერა, რომ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია.

- გუნდში მისვლისთანავე გააანალიზებდით, რა იყო "სპარტაკის" მთავარი პრობლემა - სულისკვეთება თუ შემადგენლობა?
- რა იყო, ამაზე ლაპარაკი უხერხულია და არც მსურს. ახლა მთავარია, რას გავაკეთებთ საიმისოდ, რომ თამაში გავაუმჯობესოთ. სამუშაო კი არა მხოლოდ "სპარტაკში", ყველა ქართულ კლუბში ბევრია. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ, რომ თამაში შეუძლიათ. იმედი მაქვს, ამ კონტინგენტით "სპარტაკს" ბევრის მიღწევა შეუძლია.

საერთოდ, კარგია, როცა გუნდში 2-3 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი გამოცდილებაც აქვს და თანაგუნდელებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგრამ საქართველოში ასეთი მოთამაშეების აშკარა დეფიციტია, არც ჩამოდიან და ახალგაზრდებთან მუშაობა ამიტომაც მირჩევნია. ასეთები "სპარტაკში" მრავლად არიან.

ჩვენ კიდევ სამი ფეხბურთელის იმედი გვაქვს, რომელთაც "ვიტ ჯორჯიასთან" არ უთამაშიათ. მეტრეველს, კილასონიასა და კვეკვესკირს ვგულისხმობ. ეს მატჩი სამივემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მეტრეველსა და კილასონიას ყვითელი ბარათები დაუგროვდათ. ამავე დროს, მეტრეველს მცირე ტრავმაც აწუხებს, კვეკვესკირს კი წითელი ბარათის გამო კიდევ ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

- კვეკვესკირი ნიჭიერი ბიჭია, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია და ალექს გარსია "დინამოს" ძირითადშიც ათამაშებდა, მაგრამ წლეულს დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. რა არის მიზეზი?
- მოდით, ასე ვიტყვი: ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალურად მივუდგები, თავისი საუკეთესო თვისებები რომ გამოავლინოს და გუნდს გამოადგეს. ისეთი დიდი არჩევანი არ გვაქვს, რომ კვეკვესკირი ვერ გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 3:1 - რა შესძლებია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული