მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა

AutoSharing Option
11 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგებითა და 7 ქულით "ზუგდიდი" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერია.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სეზონის დასაწყისშივე კლუბს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. საშველი არ გამოჩნდა ეგვიპტური ტრანსფერებიდანაც. ეტყობა, სწორედ ეს გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გადადგომის მიზეზი.

ეს გაირკვა საკლუბო კრებაზე, რომელზეც "ზუგდიდში" არსებულ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ამ კრებას თავად წიტაიშვილი არ დასწრებია.

ასევე იხილეთ: კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ

კომენტარისთვის "ზუგდიდის" დირექტორ მალხაზ ჭეჟიასაც შევეხმიანეთ:

- დიახ, წიტაიშვილი მისივე მოთხოვნის
საფუძველზე გავათავისუფლეთ.

- ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი?
- ამას ათ დღეში გეტყვით, დროებით კი გუნდს მისი ასისტენტი ბადრი თუთბერიძე გაწვრთნის. თუმცა, რომ იცოდეთ, ოფიციალურად, სწორედ თუთბერიძე იყო მთავარი მწვრთნელი და არა წიტაიშვილი.

- წიტაიშვილი ამბობს, რომ თქვენთან ვეღარ იმუშავებდა, რადგან პირობებს ვერ უქმნიდით...
- თავად თქვა, მივდივარო და თხოვნა დავუკმაყოფილე. თანაც, ის იყო დაქირავებული, ხოლო თუ ვინ იქნება ხელმძღვანელი, ეს სხვების გადასაწყვეტია.

"გურიასთან" წაგების შემდეგ მოწვეულ კრებაზე მსურდა გველაპარაკა, უმაღლესში გუნდის შესანარჩუნებლად რა ზომები უნდა მიგვეღო. ეს იცოდა კობამ, დავუკავშირდით და არ მოვიდა. მეორე მწვრთნელის პირით შემომითვალა, მუშაობა არ მინდაო და გავათავისუფლეთ. დღეს კი მეუბნება - თქვენ ვერ გამიგეთ, მე ჩემპიონთა ლიგაში მითამაშიაო.

არადა, ჩამოვიყვანე და მწვრთნელობაში გამოუცდელს გუნდი ჩავაბარე.

სამწუხაროდ, დაღუპვის პირას მივედით და ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავდი - 11 თამაშში სულ 5 გოლი გავიტანეთ და ზომები არ უნდა მიგვეღო?! ყველა ხედავს, რაც იყო მიზეზი და ლოგიკური გადაწყვეტილებაც მივიღე...

რაც შეეხება პირობებს, მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა და რომ არა კიდევ სამი-ოთხი ადამიანი, "ზუგდიდი" დაიშლებოდა.

* * *
როგორც შევიტყვეთ, "ზუგდიდი" მისმა ლიდერებმა - ზვიად სიხარულიამ და ნიკა აფაქიძემ, აგრეთვე, რომან კანკიამ დატოვეს.

"საშემოდგომო ეტაპის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა და მერე თავისუფალი აგენტი გავხდები.

ახლა გუნდში დაძაბული ვითარებაა, ხელფასებს აგვიანებენ და ვამჯობინე, წამოვსულიყავი და სატრანსფერო პერიოდამდე დარჩენილ დროში ინდივიდუალურად მევარჯიშა. დეკემბერში კი სხვაგან გადასვლას ვეცდები",
- გვითხრა აფაქიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭეჟია აფერისტია
dato
18:14 06-11-2013
0

სიახლეები პოპულარული