როგორც უკვე ვთქვით, ჯერჯერობით "პირველი საშუალედო ეტაპი" მოვამთავრეთ და დღეს სწორედ პირველი წრე გვინდა შევაჯამოთ: გამორჩეული ფაქტები გავიხსენოთ და, რაღა თქმა უნდა, სიმბოლურ ნაკრებსაც (თანაც, ერთდროულად ორს: "ძირითადსაც" და "სათადარიგოსაც") შემოგთავაზებთ.
რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, "ლელოს" ვერსიით შედგენილი პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც, ალბათ,
აქვე იმასაც დავძენთ, რომ სულაც არ არის გამორიცხული, 19 დეკემბრის შემდეგ (ანუ, როცა ამ სეზონის "ზამთრის ეტაპი" დასრულდება), ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში სერიოზული ცვლილებები იყოს მომხდარი...
ქრონიკული უკუსვლა და გასაოცარი "გურია"
...როცა ჩემპიონატის გარკვეულ ეტაპს ვაჯამებთ, წესითა და რიგით, რაღაც გამორჩეულ-განსაკუთრებულით უნდა დაგვეწყო; თუმცა, სამწუხაროდ, მოვლენებს რეალურად უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ: ეს სეზონი, წინასთან შედარებით, ნაკლებად დამაინტრიგებელიცაა, "საჩემპიონო რბოლაშიც" ბევრად უფრო ნაკლები კონკურენციაა და, რაც მთავარია, ჩემპიონატის საერთო დონეც უკან და უკან მიდის!
სწორედ ამის გამოძახილიც უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ იმავე წინა სეზონთან შედარებით, შესამჩნევად იკლო თამაშებზე დასწრებამ, - მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატისადმი ინტერესი უფრო და უფრო კლებულობს.
ისე, რახან სტადიონებზე დასწრების პრობლემა ვახსენეთ, ბარემ იმ მართლაც კურიოზულ სიტუაციაზეც გვეთქვა, როცა უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის ნახევარი საშინაო მატჩებს... ნეიტრალურ მოედანზე ატარებს!
ანუ გულშემატკივართა კლება ამ ფაქტორსაც უნდა "დავაბრალოთ" და, ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ როდემდე გაგრძელდება "სიონის", "ზუგდიდის", "ჩიხურას", "მერანისა" და "გურიას" აქეთ-იქით "მოგზაურობა". თუმცა, იმავე "გურიას" ამით არც დისკომფორტი შექმნია (ფოთი იქნება თუ ქობულეთი, ლანჩხუთელთა გუნდს "საშინაო" მატჩებში ქომაგობა მაინც არ აკლია): უმაღლეს ლიგაში თერთმეტწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გუნდმა ხუთივე "საშინაო" მატჩი მოიგო!
გამორჩეული მატჩ(ებ)ი
მხოლოდ XXV ჩემპიონატის პირველი წრის შეჯამებისას კი არ გამოჩნდა, არამედ უკვე წლებია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის დონე ქვემოთ და ქვემოთ მიდის; თუმცა ხანდახან ისეთი შეხვედრებიც გამოერევა ხოლმე, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ურიგო ნამდვილად რომ არ ეთქმის!
ასეთი მატჩები პირველ წრეში რამდენიმე იყო და უპირველესად, "დინამო"-"ტორპედოს" დრამატული დაპირისპირება უნდა ვახსენოთ, როცა, ფაქტობრივად, მთელი შეხვედრის განმავლობაში კაცნაკლულად მყოფმა ჩემპიონმა უკეთესი ფიზიკური მომზადებისა და, რაც მთავარია, გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლო მეტოქის ახალგაზრდული გუნდის დამარცხება.
ამის გარდა, სხვა საინტერესო მატჩებიც იყო და თითქმის ყველგან "დინამოს" მონაწილეობით: "ზესტაფონთან" საშინაო შეხვედრასა და გორსა და რუსთავში გასვლით პაექრობებს ვგულისხმობთ.
იგივე შეიძლება ითქვას "იმერულ დერბებზეც": "ზესტაფონი"-"ტორპედო" და "ტორპედო"-"ჩიხურაც" ერთობ საინტერესო დაპირისპირებები გამოდგა.
ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვდეს "ვიტ ჯორჯია"-"მეტალურგის", "ჩიხურა"-"მეტალურგისა" და "გურია"-"დინამოს" მატჩებიც.
უხვგოლიანები
როცა პირველი წრის ბოლო ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, არცთუ სასიამოვნო ტენდენციაზე გავამახვილეთ ყურადღება: შედეგიანობის კლებას ვგულისხმობთ. არადა, იგივე VIII ტურის ექვს შეხვედრაში 23 გოლი გავიდა! მომდევნო ტურსაც გავიხსენებთ, როცა ერთდროულად ორი შეხვედრა დამთავრდა ერთნაირი ანგარიშით - 6:1 ("დინამო"-"ჩიხურა", "მეტალურგი"-"მერანი").
თუმცა 7 გოლი პირველი წრის სხვა შეხვედრაშიც გავიდა: "მცხეთა-პარკზე" "ვიტ ჯორჯია"-"მეტალურგის" მატჩი 5:2 დამთავრდა!
აქვე წინა სეზონთანაც გავავლოთ პარალელი და შეგახსენებთ, რომ ორი მატჩი იყო, სადაც 9 გოლი გავიდა: "დინამომ" "სიონი" რომ დაამარცხა - 7:2 და ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ტორპედო"-"დილას" შეხვედრა, მასპინძლებმა 5:4 რომ მოიგეს.
ჰეთ-თრიქი და დუბლი
პირველ წრეში ორადორი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა და ორჯერვე თავი "დინამოს" შემტევებმა გამოიჩინეს: რუმინელმა დორინ გოგამ VIII ტურში "სიონის" კარში 3 გოლი გაიტანა, ორი კვირის შემდეგ კი ჩისკომ "გაიხსენა", რომ წინა სეზონშიც "ჩიხურასთან" შეასრულა ჰეთ-თრიქი და ამჯერადაც ასეთი შედეგი უჩვენა საჩხერულ კლუბთან დაპირისპირებაში.
აი, რაც შეეხება დუბლს, ამ შემთხვევაში მართლაც უკონკურენტოა "დილას" ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე, რომელმაც პირველ წრეში სამჯერ შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა.
მოდებაძისგან, ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელისგან, გოლების გატანა არავის უკვირს, აი, "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენა გარემარბმა გიორგი კორიფაძემ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა: ორჯერ შეასრულა დუბლი ("მერანთან" და "მეტალურგთან") და ლომის წილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში.
არანაკლებ დასაფასებელ-აღსანიშნავია ამპლუით... მცველის ანალოგიური შედეგიც: დინამოელთა გამოცდილმა მარცხენაფლანგელმა დავით კვირკველიამ "მერანთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა!
აი, სხვა ფეხბურთელებიც, ასევე 2 გოლის გატანა რომ შეძლეს კონკრეტულ მატჩში: გრიგოლ დოლიძე ("დილა"), ნიკა საბანაძე ("ტორპედო"), ირაკლი ქობალია ("ზესტაფონი"), საბა ლომია ("ზესტაფონი"), დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა"), ჯაბა დვალი ("დინამო"), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა").
ცალკე გვინდა კიდევ ერთი ფეხბურთელის გარჯა აღვნიშნოთ: "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდა ცენტრფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე პირველი იყო, ამ სეზონში დუბლი ვინც შეასრულა. აქვე ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ტანმაღალი თავდამსხმელი გახლავთ საიუბილეო, XXV ჩემპიონატის პირველი გოლის ავტორიც!
ყოჩაღი შემცვლელები
პირველ წრეში არაერთი შემთხვევა იყო, როცა შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს გაუტანიათ გოლ(ებ)ი და ხშირად იმ კონკრეტული მატჩის ბედიც გადაუწყვეტიათ!
აი, ისინიც: ალექსანდრე შენგელია ("გურია"), ირაკლი ღიბრაძე ("ვიტ ჯორჯია"), კახაბერ კაკაშვილი ("სპარტაკი"), პატრიკ ვუო ("დინამო"), აკაკი შულაია ("მერანი"), გოგა ფიფია ("მეტალურგი"), უჩა ბურძენაძე ("სპარტაკი"), კოკა მიკუჩაძე ("სიონი"), საბა ლომია ("ზესტაფონი"), ლუკა რაზმაძე ("მეტალურგი"), კონსტანტინე ხიზანეიშვილი ("სპარტაკი").
ამათგან ალექსანდრე შენგელიამ, კახაბერ კაკაშვილმა, პატრიკ ვოუმ, აკაკი შულაიამ, უჩა ბურძენაძემ და კონსტანტინე ხიზანეიშვილმა საერთოდაც სადებიუტო გოლები გაიტანეს უმაღლეს ლიგაში, საბა ლომიამ კი სულაც დუბლის შესრულება შეძლო შეცვლაზე შესულმა!
თუმცა დიმიტრი ტატანაშვილი ამ "ნომინაციაში" მართლაც უკონკურენტოა: "ჩიხურას" გამოცდილმა ფორვარდმა სამ შეხვედრაში შეძლო შეცვლაზე შესულმა გოლის გატანა!
აქეთ-იქით...
I ტურის მატჩი, "მერანმა" რომ "სპარტაკს" 2:1 მოუგო, ალბათ, არასდროს დაავიწყდება მარტვილელთა ახალგაზრდა ნახევარმცველს პაპუნა ფონიავას: საგოლე გადაცემაც გააკეთა, მეტოქის კარში გოლიც შეაგდო და ერთი ბურთიც... საკუთარ კარში გაიტანა!
დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა "ჩიხურა"-"მეტალურგის" შეხვედრაში, როცა საჩხერელთა გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა მეტოქის (სხვათა შორის, მშობლიური ქალაქის გუნდის) კარშიც გაიტანა გოლი და საკუთარშიც!
მამალაძის სინდრომი
გამოცდილ ზურაბ მამალაძეს საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ გუნდში უთამაშია, ამჟამად კი "ზუგდიდის" კარს იცავს.
მამალაძე ერთადერთია პირველ წრეში, ორი პენალტის მოგერიება რომ შეძლო: III ტურში ჯერ ლაშა კუჭუხიძის ("მერანი") დარტყმა მოიგერია, X ტურში კი "შტატიან" პენალტისტ - ირაკლი მოდებაძეს ("დილა") აჯობა!
თითო-თითო პენალტი მოიგერიეს ნიკა დაუშვილმა ("ვიტ ჯორჯია") და მინდია ბობღიაშვილმა ("გურია").
ახალი ლეგიონერები
როგორც "ტრადიციად" დამკვიდრდა, ამ სეზონშიც არაერთ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში; თუმცა, ისე, როგორც წინა წლებში, ყველა ლეგიონერზე მართლაც ვერ ვიტყვით, რომ, არიქა, ეს ვინ ჩამოსულაო!
თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი წრე დამთავრდა და ახალი ლეგიონერების შეფასებებისგან თავს შევიკავებთ; უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ მათი ვინაობა და წარმომავლობა:
დორინ გოგა (რუმინეთი), პატრიკ ვოუ (კოტ დ'ივუარი), რენე ფერეირა (ბრაზილია), აჯურუ (ნიგერია), ბორისლავ ტერზიჩი (სერბეთი), კრისტიან ობინა (ნიგერია), ვიტალი შუმეიკო (უკრაინა), სოსლან ნანიევი, ერიკ გაბარაევი, ნიკა ფილიევი (ყველა - რუსეთი), ამირ მეგაჰედი, ჯამალ ჰამზა (ორივე - ეგვიპტე).
საფირმო ნიშანი
პირველი წრის ერთ-ერთ მთავარ "საფირმო ნიშანზე" რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და დღეს აღარ შევჩერდებით. ხვდებით, ალბათ, რომ კალეიდოსკოპური სისწრაფით მიმდინარე სამწვრთნელო გადაადგილებებს ვგულისხმობთ...
პირველ წრეში მხოლოდ ხუთმა მწვრთნელმა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება: დუშან უჰრინმა ("დინამო"), სოსო ფრუიძემ ("ჩიხურა"), გელა სანაიამ ("მეტალურგი"), ზურაბ ბერიძემ ("ვიტ ჯორჯია") და ჟერარდ სარაგოსამ ("ტორპედო").
I წრის სარეზერვო სიმბოლური
3-5-2:
რ. კვასხვაძე (ზესტაფონი)
ტაბატაძე (ტორპედო), თომაშვილი (დილა), ჩიკვილაძე (გურია)
დოლიძე (დილა), კუხიანიძე (ტორპედო), ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ფიფია (მეტალურგი), გეწაძე (მეტალურგი)
კაპანაძე (ტორპედო), ჩისკო (დინამო).
მწვრთნელი - სოსო ფრუიძე (ჩიხურა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლელოს გულისთვის მსახიობობას ნაღდად არ დაიწყებს !!!!!