დუშან უჰრინი: თუ ქართული ფეხბურთის წინსვლა გინდათ...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის გამარჯვებული, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის "დინამო" გახდა: წინა სეზონის ტრიუმფატორმა მიმდინარე კამპანია ცოტა მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ მერე ხანგრძლივი და უდანაკარგო სერია მოაყოლა.

თუმცა, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ დუშან უჰრინს, რომელსაც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვესტუმრეთ, პირველი წრის შეჯამების გარდა, სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ...

- პირველი წრის შემდეგ "დინამოს" სატურნირო მდგომარეობით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
- მინდა აღვნიშნო, რომ, ფაქტობრივად, შარშანდელი გრაფიკით მივდივართ: წინა სეზონშიც ამ დროისათვის თითქმის იმავე რაოდენობის ქულები გვქონდა. თუმცა, სხვაობაც იყო: ეს სეზონის დასაწყისი გაცილებით
რთული გამოდგა და ჩემპიონატის სტარტზე რამდენიმე არადამაჯერებელი მატჩიც ამას მოწმობდა.

- მიზეზი ევროტურნირები იყო?
- რა თქმა უნდა. ცოტა არ იყოს, გადმოწყობა გაგვიჭირდა, პირველ ყოვლისა კი, ფსიქოლოგიურ ფაქტორს ვგულისხმობ.

- უკვე ჩავლილი ამბავია, მაგრამ, მაინც გვაინტერესებს: თქვენი აზრით, რა იყო წლევანდელ ევროტურნირებზე "სტიაუასა" და "ტოტენჰემთან" მარცხის მთავარი მიზეზი?
- არ მინდა იღბალზე ვილაპარაკო, მაგრამ "დინამოს" რომ უეფას საკლუბო რეიტინგში უკეთესი კოეფიციენტი ჰქონოდა, შესაძლოა, ასეთ ძლიერ მეტოქეებს ავცდენოდით...

თუმცა, ისე არავინ გამიგოს, თითქოს, წილისყრის იმედად ვიყავით, მაგრამ იმავე "სტიაუასთან" მატჩში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს გამოცდილების ფაქტორი: რუმინული კლუბი ხომ, თუ არ ვცდები, ზედიზედ ათი წელიწადი საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს ევროტურნირებზე და ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია.

აი, "ტოტენჰემზე" კი ახალი რა უნდა ვთქვა: ერთად აღებული ევროპის 2-3 ცნობილი გუნდი ვერ დახარჯავს იმდენს ტრანსფერებში, ამ გუნდმა რაც ამ ზაფხულს დახარჯა...

- უფრო კონკრეტული მიზეზებიც გვაინტერესებს...
- იცით, არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტორი, რომ "სტიაუასა" და "ტოტენჰემთანაც" პირველი მატჩები თბილისში ჩავატარეთ; მერე, ფეხბურთში ბევრს ნიშნავს გამართლებაც: "სტიაუასთან" ჩვენ მიერ გაცუდებულ პენალტამდე თამაში, ფაქტობრივად, თანაბარი იყო. ეგ კი არა, უფრო ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა მატჩი. თანაც, კარგად ვიცი "სტიაუას" პლუს-მინუსები და პირველი გოლი რომ ჩვენ გაგვეტანა, შესაძლოა, პანიკაშიც ჩავარდნილიყვნენ.

- ამ დროს, პირიქით მოხდა..
- აი, სწორედ ეგ იყო გარდამტეხი მომენტი: გამოუყენებელ პენალტს ჩვენს კარში გატანილი ორი გოლი მოჰყვა.

- "ტოტენჰემთან" საშინაო მარცხი "დინამოს" ყველა ქომაგისათვის მტკივნეული იყო. თქვენი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასეთი ანგარიშით ოდესმე წაგიგიათ?
- როცა ჩეხურ "მლადა ბოლესლავს" ვწვრთნიდი, "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 2:5 წავაგეთ.

- ისევ საქართველოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. "დინამომ" ერთადერთი მატჩი ლანჩხუთში წააგო და ესეც ევროტურნირების "გამოძახილი" იყო?
- რამდენიმე მატჩი გადაბმულად ვითამაშეთ, თანაც 5 საათი ავტობუსით ვიმგზავრეთ და, რაც მთავარია, ოპტიმალური შემადგენლობაც არ გვყოლია.

- წაგების მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ ის შეხვედრა ხელოვნურ მოედანზე ჩატარდა, - თქვენთვის არასასურველ საფარზე...
- გეთანხმებით და არც არასდროს დამიმალავს: ძალიან არ მიყვარს ხელოვნურსაფრიანი მოედნები! პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ თამაშს ვერ ვუჩვენებთ - სწრაფს და კომბინაციურს.

აი, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, კალათბურთელებს პარკეტის ნაცვლად სხვა საფარი რომ ჰქონდეთ. თუმცა, ისე არ მინდა ვინმემ გაიგოს, თითქოს ეს იყო წაგების მთავარი მიზეზი - ბოლოს და ბოლოს, მასპინძელი გუნდიც იქ არ თამაშობს?

ისე, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მაქვს და თუ დაგაინტერესებთ, გეტყვით.

- ბრძანეთ...
- მეორე სეზონია, საქართველოში ვარ და დღემდე მაოცებს: ასეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანაში რა აუცილებელია ამდენი ხელოვნურსაფარიანი მოედანი?

მოკლედ, ჩემი აზრია, რომ თუ ქართული ფეხბურთის წინსვლა გინდათ, ხელოვნური საფარი ყველგან უნდა გამოიცვალოს! კი ბატონო, რუსეთშიც ბევრია მსგავსი ტიპის მოედნები, მაგრამ იქ მოვლა-პატრონობას არ აკლებენ, აქ კი...

- "გურიასთან" მატჩის შემდეგ კი "დინამომ", ჩემპიონატსა და თასზე, საერთო ჯამში ზედიზედ 9 მატჩი მოიგო. ელოდით ასეთ წარმატებულ სერიას?
- რა თქმა უნდა, ველოდი, რომ გუნდი პიკზე გავიდოდა, თუმცა, ასევე ვიყავი მზად იმისათვისაც, რომ, როცა იქნებოდა, ეს წარმატებული სერია სადმე უნდა შეჩერებულიყო და ასეც მოხდა რუსთავში.

საერთოდაც, ყველა მატჩს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ, მით უფრო, როცა ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს გვიწევდა თამაში. სხვათა შორის, ინგლისში, საშობაოდ რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ატარებენ შეხვედრებს, თუ დააკვირდებით, მაღალ ხარისხს ვერც მაგ დროს შეამჩნევთ.

- პირველ წრეში ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი "ტორპედოსთან" გქონდათ. ამ შეხვედრაში ბევრს გაუკვირდა თქვენი გადაწყვეტილება: ცენტრალური მცველი გყავდათ გაძევებული და ბევრს ეგონა, რომ თამაშიდან ერთ-ერთ ფორვარდს მოხსნიდით და მის ნაცვლად მოედანზე ნომინალურ მცველს გამოიყვანდით.
- გეთანხმებით, მართლაც რთული თამაში იყო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მივიჩნიე, რომ ადრეული შეცვლით, შესაძლოა, უკუეფექტი მიგვეღო - ანუ, მაშინ მთლიანად ტაქტიკური სქემის გადაწყობა მომიწევდა, თანაც, არ მოგატყუებთ და, რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, რატომღაც მჯეროდა, რომ იმ მატჩის ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრებას შევძლებდით და ასეც მოხდა.

- ახლა "დინამოს" ცალკეულ ფეხბურთელებზეც გვინდა გკითხოთ და, უპირველეს ყოვლისა, დორინ გოგას შესახებ გვაინტერესებს თქვენი აზრი: რუმინელი თავდაპირველად დიდი ვერაფერი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ამჟამად კი, ჩვენი აზრით, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა.
- მისი ასეთი თამაში ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან კარგად ვიცოდი, თუ რა შესაძლებლობის ფეხბურთელი იყო. სხვათა შორის, გოგას დამატება ზამთარშიც გვსურდა, მაგრამ ისრაელში ამჯობინა გადასვლა. ურიგო დონის ფეხბურთელი რომ არ არის, ის ფაქტიც მოწმობს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა, "ტიმიშოარამ", გოგას ტრანსფერში ისრაელის გუნდისგან 1,5 მილიონი ევრო მიიღო!

საერთოდაც, ყველა ფეხბურთელი ერთნაირად როდი ეგუება ახალ გარემოს: ზოგს მეტი დრო სჭირდება ადაპტაციისათვის, ზოგს - ნაკლები. თუმცა, მიმაჩნია, რომ "დინამოში" ჩემი ინიციატივით ჩამოყვანილმა ყველა უცხოელმა ფეხბურთელმა გაამართლა.

- მაშინ, კიდევ ერთ ახალწვეულზე, პატრიკ ვუოს შესახებაც გვაინტერესებს თქვენი აზრი. მონაცემებიც მშვენიერი აქვს, პოზიციასაც კარგად ირჩევს, მაგრამ აი, რეალიზაციის პროცენტზე რა მოგახსენოთ - ხობის "კოლხეთთან" საპასუხო სათასო მატჩში 3 გოლი კი გაიტანა, მაგრამ 4 აშკარა საგოლე მომენტი გააცუდა...
- პოზიციის შერჩევა და საგოლე ალღო თქვენც შეგიმჩნევიათ, ანუ, ყველაფერი ეს შემთხვევითი ვერაფრით იქნებოდა. თუმცა, გეთანხმებით, რომ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ "გაიხსნა" და ამის მთავარ მიზეზად მოედანზე თანაგუნდელებთან კომუნიკაციის პრობლემაა. თუმცა, მგონია, რომ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს ამ ზამთარში გამოავლენს.

- კიდევ ერთი ახალწვეული, ოღონდ, ამჯერად ქართველი, ელგუჯა გრიგალაშვილი ბოლო მატჩებში, ძირითადში, ავადმყოფობის გამო ვერ ხვდებოდა თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?
- ალერგია ჰქონდა და ამიტომაც უწევდა მხოლოდ შეცვლებზე თამაში. საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, ოღონდ, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოს და ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდურ უცხოურ კლუბშიც მოხვდება. ანუ, რეჟიმი უფრო მკაცრად უნდა დაიცვას: ზაფხულში ჩვენთან პირველად რომ მოვიდა, ზედმეტი წონა ჰქონდა...

- წინა სეზონში "დინამოს" ლიდერი ჩისკო გახლდათ, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვით: შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ "გარედან" ისე მოჩანს, თითქოსდა, ესპანელი შედარებით ნაკლებადმოტივირებულია, თანაც, ტრავმებსაც, ცოტა არ იყოს, ხშირად იღებს...
- ტრავმებს ადრეც იღებდა, თუმცა, მეც მეჩვენება, რომ ახლა უფრო "მოუხშირა"... სხვა რა უნდა გითხრათ: ძალიან მაღალი კლასის ფორვარდია, თანაც ასაკიც არა აქვს მთლად კრიტიკული; შესაძლოა, გარკვეული წნეხის ქვეშაც მოექცა, რადგან "დინამოში" ხომ სწორედ ის იყო უპირველესი გოლიადორი. მაინც მჯერა, რომ ჩვეულ დონეზე ათამაშდება.

- ვიცით, რომ შემადგენლობის როტაცია არ გიყვართ და ისიც გითქვამთ ქართული მედიისათვის, რომ ძირითადი ბირთვი 15 კაცი წარმომიდგენიაო. როგორ ფიქრობთ, ამ ძირითად ბირთვში მოიაზრებიან თუ არა "დინამოს" პერსპექტიული ახალგაზრდები, გიორგი პაპავა და გიორგი გველესიანი, რომელთაც ძირითადში თამაში ხშირად არ უწევთ...
- გეთანხმებით, ორივე საკმაოდ პერსპექტიულია, თუმცა, იგივე პაპავა ისეთი ამპლუის ფეხბურთელია, რომლის პოზიციაზეც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ძარია და ხმალაძე ასპარეზობენ; იმავეს თქმა შემიძლია გველესიანზეც: გივი კვარაცხელიასთან ერთად ჩვენი მეორე ცენტრალური მცველი უსტარიციც ნამდვილად არ არის ურიგო დონის ფეხბურთელი. თუმცა, დღესდღეობით მიმაჩნია, რომ გველესიანი უსტარიცს ბევრით აღარ ჩამოუვარდება.

- დაბოლოს, გრაიციარის ამბავიც გვაინტერესებს: სლოვაკი ნახევარმცველი, დორინ გოგას მსგავსად, ცოტა გვიან გაიხსნა, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი გახდა და მისი ტრავმა იმ არაფრისმომცემ ამხანაგურ მატჩში (მოსკოვის "დინამოსთან", ამ ზაფხულს) როგორც გაირკვა, გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა.
- მოდით, მოკლედ გეტყვით: გრაიციარის იმედი აღარ უნდა გქონდეთ!

- რატომ?
- ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო, რვა თვე სჭირდება მკურნალობას და როგორც კი ეს პროცესი მორჩება, სწორედ მაშინ ეწურება "დინამოსთან" კონტრაქტი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ რუსებმაც , დაგვღუპეს რა ... ! :)) არადა , მაგრად მომწონდა გრაიციარი :))
SHUKOVANI
11:50 09-11-2013
0
რას ქვია იმედი აღარ უნდა გვქონდეს დინამოსთვის იბრძოდა და მაგიტო მიიღო ეგ ტრავმა, კონტრაქტი გადის და ეგრევე იშორებტ ტო რაწესია იმენა არაკაცური საქციელია ნახევარ წლიანი მაინც გაუფორმეთ მიეცით შანსი!!!!! ნელნელა სულ უფრო და უფრო გულისამრევად იქცევით რა ერთი კარგი ისაა რო ტყავაძე წავიდა!!!
ioio
16:55 09-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული