უმაღლესი ლიგის XII ტურის წინ: ორი ინტრიგა ლიხს იქით და ლიხს აქეთ

AutoSharing Option
9 და 10 ნოემბერს გასამართი მატჩებით მეორე წრე განახლდება, ოღონდ - პაუზის გარეშე.

თუმცა ეგ არაფერი - ამ ტურის შემდეგ ხომ ჩვენს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური მატჩებიდან გამომდინარე.

მოახლოებული ტური კი დიდ ინტერესს იწვევს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შაბათსაც და კვირასაც თითო-თითო ისეთი მატჩია, დაძაბულ პაექრობას რომ უნდა ველოდოთ და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ორივეგან (რუსთავსა და ზესტაფონში) ეს შეხვედრები, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩატარდება...

ზესტაფონი-დინამო
I წრე: 1:2
დისკვალიფიკაცია: თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი)

XII ტური ამ
მატჩით დასრულდება და ბოლო წლების ჩემპიონთა დაპირისპირებაც, რაღა თქმა უნდა, უდიდეს ინტერესს იწვევს. თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, დღესდღეობით "ზესტაფონი" რომელ ადგილზე იმყოფება: სეზონის დაწყების წინ ერთიანად გაახალგაზრდავებული იმერული კლუბი უბრძოლველად რომ არაფერს დათმობს, ფაქტია.

აი, თუნდაც ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა გავიხსენოთ: იმ დროისათვის ევროტურნირებზე მოასპარეზე და, ცოტა არ იყოს, გადაღლილ "დინამოს", ბევრისთვის მოულოდნელად, მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა ახალგაზრდული "ზესტაფონისგან" (ორი გამოცდილი ახალწვეული - გიორგი ადამია და ილია კანდელაკი რომ დაიმატა). თანაც, ეს იყო "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის რატკო დოსტანიჩის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში.

იმ შეხვედრაში ანგარიში დინამოელთა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა გახსნა ეფექტური გოლით, მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, სტუმართა ახალწვეულმა ირაკლი ქობალიამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც ფრედ დამთავრდებოდა, "ზესტაფონის" ფეხბურთელებს დაღლა რომ არ დატყობოდათ (აღარ გავიხსენებთ, თუ რა პრობლემების წინაშე იყო სეზონის დაწყების წინ ეს იმერული კლუბი).

თუმცა, "დინამოსაც" ნუ დავუკარგავთ გარჯას: დუშან უჰრინის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შეცვლაზე შემოსული დავით ხოჭოლავას აქტიურობას მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ჩისკოს ზუსტი დარტყმა მოჰყვა!

აი, ასე მოუგო "დინამომ" ზედიზედ მესამე დაპირისპირება "ზესტაფონს", თუმცა, კვირას გასამართ მატჩს სხვა დატვირთვაც ექნება: მასპინძელთა გუნდი მოედანზე გია გეგუჩაძემ უნდა გამოიყვანოს, რომელიც ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა ამ იმერულ კლუბში. იმ კლუბში, რომელსაც 2010-11 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა მოუტანა და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გადამწყვეტი და, ფაქტობრივად, საჩემპიონო შეხვედრა სწორედ ამ მეტოქეებს შორის რომ ჩატარდა, "ზესტაფონის" გამარჯვებით დამთავრდა (1:0).

თუმცა, 2011 წლის 10 აპრილს ჩატარებული იმ მატჩის მერე ორივე გუნდში უამრავი ცვლილება მოხდა: "დინამოში" გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია და ლევან ხმალაძეა დარჩენილი, ხოლო "ზესტაფონში" - როინ კვასხვაძე და, რაც მთავარია, იმ "ოქროს გოლის" შემოქმედი ორი ფეხბურთელიც, გიორგი ჭანკოტაძე და საბა ლომია!

ის მართლაც დრამატული მატჩი უგოლო ფრედ მთავრდებოდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა "ზესტაფონის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და საბა ლომიას პასით გიორგი ჭანკოტაძემ გამარჯვებისა და, ფაქტობრივად, საჩემპიონო გოლი გაიტანა!

...ვერაფერს ვიტყვით: მართლაც ურთულეს პერიოდში ჩაიბარა გუნდი გია გეგუჩაძემ. "დინამოსთან" ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზე (როგორც სატურნირო, ისე - ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც) ზედმეტია ლაპარაკი.

ამის შემდეგ "ზესტაფონს" ზედიზედ უწევს შეხვედრები "ტორპედოსთან", "მეტალურგთან", "ჩიხურასთან", "დილასთან"...

მეტალურგი-ტორპედო
პირველი წრე: 1:1
დისკვალიფიკაცია: გიორგი გავაშელიშვილი (მეტალურგი) - გიორგი კუხიანიძე (ტორპედო)

ორივე გუნდი ევროტურნირების საგზურის რეალური კანდიდატია, თუმცა ამ ტურს სხვადასხვა განწყობით ხვდება: "მეტალურგს" (საპასუხო სათასო მატჩის ჩათვლით) ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ჩემპიონატის უკანასკნელ სამ შეხვედრაში 7 ქულის მოპოვებაც, ყველა ვარიანტში, აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

აი, ერთობ ლაღი ფეხბურთის მიმდევარ და გაახალგაზრდავებულ "ტორპედოს" კი ბოლო დროს ურთულესი გრაფიკი ჰქონდა და, ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ქუთაისელებმა ჩემპიონატის უკანასკნელ სამ შეხვედრაში... ერთადერთი ქულის აღება მოახერხეს!

დღევანდელი მეტოქეების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას თუ გადახედავთ, ადვილად აღმოაჩენთ თითქმის აბსოლუტურ თანაფარდობას; ამ თანაფარდობის "გამოძახილი" იყო პირველი წრის საყაიმო შედეგიც, როცა ჟერარდ სარაგოსამ ("ტორპედო") და გელა სანაიამ ("მეტალურგი") თავიანთ ახალ გუნდებში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს.

მწვრთნელების მსგავსად, ახალ გუნდში ჰქონდათ დებიუტი იმ მატჩში გატანილი გოლების ავტორებსაც - თორნიკე კაპანაძეს ("ტორპედო") და დავით კირკიტაძეს ("ჩიხურა").

დილა-სიონი
პირველი წრე: 2:1
დისკვალიფიკაცია: დავით იმედაშვილი, კოკა მიკუჩაძე (ორივე სიონი)

"დილამ" დროებითი კრიზისი დაძლია და ზედიზედ ორი გამარჯვებით პირველ სამეულსაც მიუახლოვდა. მასპინძლები დღეს რომ მხოლოდ და მხოლოდ "დაგეგმილი" სამი ქულისათვის იბრძოლებენ, ამის დასტურად გორელთა გუნდის მომდევნო მატჩების კალენდარიც გამოდგება: სტუმრად - "დინამოსთან", მერე - "ტორპედო", "მეტალურგი", "ზესტაფონი" და "ჩიხურა"!

ისიც საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ირაკლი მოდებაძის საგოლე სერია - ეს გამოცდილი ფორვარდი ბოლო მატჩებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წარმატებული მატჩი "დილამ" ახალი მწვრთნელის, რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა;

ასევე წარმატებული გამოდგა ბოლნისელთა კლუბის ახალი მწვრთნელის გიორგი ლოლაძის დებიუტიც: "სიონმა" ოთხი დღის ინტერვალში ორჯერ ითამაშა სტუმრად "ზესტაფონთან" (ჯერ თასზე, მერე ჩემპიონატში) და ორივეჯერ ფრე გაახერხა.

გურია-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე: 0:3
დისკვალიფიკაცია: გურამ ადამაძე, გიორგი მჭედლიშვილი (ორივე ვიტ ჯორჯია)

5 მატჩი საკუთარ მოედანზე და ხუთი გამარჯვება - ასეთია "გურიას" შედეგი, გუნდისა, კვლავაც რომ ვერ ახერხებს საშინაო მატჩების ლანჩხუთში ჩატარებას.

თუმცა, რომან პოკორას გუნდისათვის ქობულეთის (ერთხელ - ფოთის) სტადიონი ნამეტნავად იღბლიანი გამოდგა და ვნახოთ, სადამდე გაგრძელდება "გურიას" ასეთი წარმატებული ასპარეზობა. არადა ხვალინდელი მეტოქეების პირველ შეხვედრას თუ გავიხსენებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ის მატჩი, შესაძლოა, საერთოდაც... არც ჩატარებულიყო!

ჰო, სეზონის დასაწყისისათვის "გურიას" ხომ უსერიოზულესი პრობლემები (ფინანსურიც, საკადროც) ჰქონდა და გუნდი ჩემპიონატის პირველ მატჩზე გამომგზავრებასაც არ აპირებდა. ის შეხვედრა კი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული კრებულის დიდი ანგარიშით გამარჯვებაც ლოგიკური იყო;

სხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში გავიდა XXV ჩემპიონატის პირველი გოლიც და პირველი "დუბლიც" მაშინ შესრულდა: ორივე ეს მიღწევა კი "ვეტერინართა" ახალგაზრდა ცენტორფორვარდს ელგუჯა ლობჯანიძეს ეკუთვნის!

ჩიხურა-ზუგდიდი
პირველი წრე: 3:1
დისკვალიფიკაცია: გიორგი პაჭკორია (ზუგდიდი)

ამ შეხვედრაში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი "ჩიხურას" უნდა მივაკუთვნოთ: სოსო ფრუიძის გუნდი სრულიად დამსახურებულად იმყოფება მეორე ადგილზე და ამ კომფორტული პოზიციის შენარჩუნებას ხვალაც შეეცდება.

აი, რაც შეეხება მეტოქეს, "ზუგდიდს" პრობლემები არ ელევა: წინა ტურის შემდეგ გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა კობა წიტაიშვილმა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც უარს ამბობდა "ზუგდიდში" თამაშზე და ასე შემდეგ.

არადა, ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობა ხომ ისედაც არასახარბიელო იყო და ძნელი სათქმელია, რა და როგორ შეიძლება მოხდეს სასიკეთო ძვრები...

სპარტაკი-მერანი
პირველი წრე: 1:2
დისკვალიფიკაცია: ნიკა კვეკვესკირი (სპარტაკი)

ეს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ნაცვლად მცხეთაში გაიმართება, თუმცა, ნეიტრალური მოედნის ფაქტორის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ.

არადა, ისეთი მატჩია, აი "ექვსქულიანს" რომ უწოდებენ ხოლმე.

არახალია, რომ ამ სეზონში დღევანდელი მეტოქეების უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და კონკურენტების პაექრობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხომ ურთიერთშეხვედრებს ენიჭება. "პირობითად" მასპინძლებმა წინა ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს ახალი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, რომელსაც დღევანდელ მატჩში ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი (ზვიად მეტრეველი, ვარლამ კილასონია) უბრუნდება.

"მერანი" კი, ალბათ, შეეცდება ერთობ წარუმატებელი სერია დაასრულოს: მარტვილურმა გუნდმა ბოლოს 21 სექტემბერს მოიგო ("სიონთან" - 2:0) და აი, იმის მერე ზედიზედ 5 მატჩი წააგო. თანაც, "მერანის" ასევე ახალ მწვრთნელს, დებიუტანტ-სპეციალისტს კახა ჩხეტიანს თავისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამივე მატჩში ვერც ერთხელ მიეცა ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანის საშუალება...

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული