კობა ჟორჟიკაშვილი: რაც დრო გადის, უკან-უკან მივდივართ

AutoSharing Option
თავისი პერიპეტიები და სპეციფიკა პირველ ლიგასაც აქვს. ბათუმის "დინამო" წინა სეზონის შემდეგ დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას და ახლა აღზევებისთვის იბრძვის - პირველი ლიგის B ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

პირველლიგელ "ბათუმს" სათავეში კობა ჟორჟიკაშვილი ჩაუდგა, ვისაც უმაღლესი ლიგის გუნდების გარდა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებიც გაუწვრთნია. ერთი სიტყვით, საკმაოდ გამოცდილი და სახელიანი სპეციალისტია.

ჟორჟიკაშვილს ბათუმის "დინამოსა" და ზოგად საკითხებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა...

- ამ დროისთვის ბათუმის "დინამო" პირველი ლიგის ლიდერი არ არის, არადა, მოლოდინი, ალბათ, სხვანაირი იყო...
- ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული და დაკარგული
ქულებით ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ.

დავიწყოთ იქიდან, რომ გუნდის ჩამოყალიბებას დრო და სათანადო პირობები სჭირდება. ბათუმის "დინამოში" რომ მოვედი, კლუბის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ისე მოხდა, რომ სეზონისწინა შეკრება ვერ გავიარეთ, ვერ ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები, არ გვაქვს საკუთარი ბაზა, სავარჯიშოდ ქობულეთში დავდივართ "ჩელე არენაზე", ვარჯიში დილის ათ საათზე გვეწყება და ბათუმიდან ერთი საათით ადრე გამოვდივართ. იმის საშუალება არ გვაქვს, რომ საღამოს ვივარჯიშოთ, ახლომახლო სხვა მოედანი არ არის.

ბათუმში, ანგისას ტერიტორიაზე, არის იმის საშუალება, რომ გაკეთდეს საფეხბურთო მოედნები და ვნახოთ... არის დაპირება, რომ ეს მოხერხდება.

- პირველი ლიგის სპეციფიკა როგორი გამოდგა?
- ძალისმიერი ფეხბურთია გაჩაღებული, სანახაობრივი მხარე ნაკლებად არის გათვალისწინებული, წინა პლანზე ორთაბრძოლებია და მხოლოდ კლასითა და სახელით აქ ვერაფერს გააწყობ. ისიცაა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს, მეორე ნომრად გვეთამაშებიან, ჩაკეტილ ფეხბურთს გვიპირისპირებენ და ესეც გვირთულებს საქმეს.

ზოგჯერ ჩვენც მოგვდის შეცდომები, ვერ ვინარჩუნებთ კონცენტრაციას... მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სეზონი პირველ ლიგაში პირველი ადგილით უნდა ჩავამთავროთ. ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელიდან 16 წინა სეზონშიც ბათუმის "დინამოში" იყო და ფსიქოლოგიური მიმართულებითაც გვიწევს მუშაობა. ადვილი მემკვიდრეობა არ მიგვიღია.

- ბათუმის "დინამოსა" და პირველი ლიგის სხვა მოწინავე გუნდებში ბევრი ისეთი მოთამაშეა, უმაღლეს ლიგაშიც რომ გამოუჩენია თავი. საკითხავი ისღა რჩება, არიან თუ არა ნიჭიერი ახალგაზრდები ამ ლიგაში...
- ყველა კარგი მონაცემების მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელს ვინიშნავ, ზამთრის შესვენების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდის დაწინაურებას ვაპირებ პირველ გუნდში. პირველი ლიგის სხვა გუნდებშიც არიან საინტერესო ახალგაზრდები, მაგალითად, "ლოკომოტივში", "დილა 2"-ში...

- ალბათ, უმაღლესი ლიგის მატჩებსაც ადევნებთ თვალს. თამაშის ხარისხის მხრივ, რომელი გუნდი მოგწონთ?
- ხშირად ვესწრები ლანჩხუთის "გურიას" საშინაო მატჩებს. ეს გუნდი შინ წარმატებით თამაშობს, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. რაც შეეხება თამაშის ხარისხით გამორჩეულ გუნდს, რაღაც ეტაპზე ამ მხრივ "დინამო" გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო მატჩებში ეს ასე აღარ იყო. ერთი პერიოდი "დილა" გამოიყურებოდა კარგად; სეზონი კარგად დაიწყო "ტორპედომ", მაგრამ მერე დათმო პოზიციები... მოკლედ, თამაშის ხარისხით სტაბილურობა ამ ჩემპიონატში არც ერთ გუნდს არ აქვს.

- ეთანხმებით იმ შეხედულებას, რომ ეს ყველაზე სუსტი ჩემპიონატია უწინდელებთან შედარებით?
- იმას ვიტყვი, რომ რაც დრო გადის, უკან-უკან მივდივართ, ყოველი მომდევნო ჩემპიონატი წინაზე უარესია.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებზეც გკითხავთ. მალე თბილისში 19-წლამდელთა ევროშესარჩევის მატჩები გაიმართება, ახალგაზრდული ნაკრები კი ამ კვირაში შოტლანდიას და სლოვაკეთს შეხვდება. რა იმედებით ელით ამ მატჩებს? ფაქტია, ამ გუნდებში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს - ლუკა ზარანდია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია...
- რაც უფრო იზრდება ასაკი, იზრდება მოთხოვნებიც, ფეხბურთელებს უფრო ეზღუდებათ სივრცე და დრო მოქმედებისთვის, ასეთ დროს კი არცთუ ცოტა ქართველ ახალგაზრდას აკლია სათამაშო პრაქტიკა. შესაცვლელია საქმისადმი დამოკიდებულება, ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ის მოედანზე მხოლოდ იმიტომ არ გადის, რომ თამაშისგან სიამოვნება მიიღოს; ფეხბურთელი მოედანზე, პირველ რიგში, სამუშაოს ასრულებს.

ის ფეხბურთელები, თქვენ რომ ჩამოთვალეთ, მართლაც ნიჭიერები არიან. საინტერესო დრიბლინგი აქვს ზარანდიას, თუმცა ბევრ სხვა კომპონენტზე აქვს სამუშაო - დაცვითი ფაზა, უბურთოდ მოძრაობა, ორთაბრძოლა... ევროპაში ბევრი არ არის ისეთი ფეხბურთელი, ერთი-ერთზე თამაში და გამწვავება რომ შეუძლია. კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, თუმცა ნიჭს განვითარება სჭირდება, მხოლოდ ამაზე გაჩერება არ შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალგაზრდები მართლაც ნიჭიერები გვყავს. გაბედეთ და თქვით სიმართლე, მერე რა ემართებათ?
guja_kakhadze
14:52 12-11-2013
0
პირველზე როგორ? სამტრედია ბუზებს კი არ ითვლის ბატონო კობა, პრინციპში ორი გუნდი გეხმარებათ ბეთლემი და მაჭახელა, მეორეს გაახერხეთ არ გაგიჭირდებათ.
fani
11:16 13-11-2013
0

სიახლეები პოპულარული